„ბრიუსს ჯერ კიდევ ვახსოვარ“ - ემა ჰემინგ უილისი ქმრის მძიმე დაავადებაზე პირველად საუბრობს
- 10.09.2026
ბრიუს უილისის მეუღლემ, ემა ჰემინგ უილისმა, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ოჯახის ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა.
როგორც ცნობილია, „მეხუთე ელემენტის“, „კერკეტი კაკალისა“ და სხვა ცნობილი ფილმების ვარსკვლავს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს.
ემა ამბობს, რომ დაავადებასთან ცხოვრება ყოველდღიური ტკივილისა და დანაკარგის განცდას ნიშნავს, თუმცა ოჯახში სიცილის, სიყვარულისა და ბედნიერი წუთებისთვის ადგილი კვლავ რჩება.

მისი თქმით, ყველაზე რთული იმ რეალობასთან შეგუებაა, როდესაც საყვარელი ადამიანი ფიზიკურად შენს გვერდითაა, მაგრამ დაავადება მას ნელ-ნელა ცვლის.
სწორედ ამგამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა ემა ჰემინგმა წიგნი „The Unexpected Journey“, რომელიც დემენციის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და მომვლელების დასახმარებლად შეიქმნა.
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ემა ამბობს, რომ ბრიუსი კვლავ ახსოვს მას, ოჯახი კვლავ იცინის და მათი ურთიერთობის მთავარი ნაწილი - სიყვარული - არსად გამქრალა.
ყველაზე რთული სიყვარულის ისტორიის გახსენება აღმოჩნდა
ემა ჰემინგმა საკუთარ გამოცდილებაზე წიგნიც დაწერა - „The Unexpected Journey“, რომლის მიზანია დემენციის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და მომვლელების მხარდაჭერა.
თუმცა წიგნის დაწერა მისთვის მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით რთული პირველი თავი აღმოჩნდა, სადაც ბრიუსთან ურთიერთობის დასაწყისს იხსენებს - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორი ადამიანი იყო ბრიუსი და რა საფუძველზე ააშენეს ურთიერთობა.
ემა ამბობს, რომ ქმრის ავადმყოფობის ყოველდღიურობამ წარსულის ეს ბედნიერი მოგონებები თითქოს გადაფარა.
„ძალიან მტკივნეულია იმ დროის გახსენება, რომელიც სავსე იყო მხიარულებით, სიცილითა და უდიდესი სიხარულით. პირველი თავის წერა მაიძულებდა, ისევ გამეხსენებინა, რატომ შემიყვარდა ჩემი ქმარი ასე ძლიერ“, - ამბობს ის.
რატომ აქვს მას დანაშაულის განცდა, როცა უბრალოდ სეირნობს ან იცინის?
ემა ასევე გულწრფელად საუბრობს იმ ემოციაზე, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ საყვარელ ადამიანზე ზრუნავს - დანაშაულის განცდაზე.
მისი თქმით, დღემდე შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს მაშინაც კი, როცა სასეირნოდ გადის, იცინის ან უბრალოდ რამდენიმე წუთით სიმშვიდე სჭირდება.

„როცა საყვარელ ადამიანზე ზრუნავ და ასეთ სიტუაციაში ხარ, პრაქტიკულად შეუძლებელია, დანაშაულის განცდა არ გქონდეს. მაგრამ ვისწავლე, რომ ამ გრძნობამ არ უნდა მომიცვას, რადგან ეს უბრალოდ დროისა და ენერგიის უზარმაზარი ფლანგვაა“, - ამბობს ემა.
ბრიუსის ყოფილი მეუღლე და შვილები ახლა ერთ ოჯახად არიან
ბრიუს უილისის მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. ემა განსაკუთრებით აღნიშნავს ბრიუსის ხუთ ქალიშვილს - რუმერს, სკაუტს, ტალულას, მეიბელსა და ეველინს, ასევე ბრიუსის ყოფილ მეუღლეს, დემი მურს.
მათი ურთიერთობები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა საერთო მიზანი ერთი აქვთ - ბრიუსის გვერდით ყოფნა.
ემა ამბობს, რომ ოჯახში თითოეულ ადამიანს მსახიობთან საკუთარი განსაკუთრებული კავშირი აქვს და სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემამ მისცა მათ შესაძლებლობა, რთულ პერიოდში ერთმანეთისთვის ძლიერი საყრდენი გამხდარიყვნენ.

„თითოეულ მათგანს ბრიუსთან საკუთარი, უნიკალური ურთიერთობა აქვს. საოცარია იმის ნახვა, როგორ ვუძღვნით ყველანი მთელ გულს მის მხარდაჭერას და რამდენად გვიყვარს ის“, - ამბობს ემა.
მისივე თქმით, ბრიუსი წლების განმავლობაში იყო ოჯახისთვის ძლიერი და სტაბილური ადამიანი, ახლა კი მისი შვილები ცდილობენ, იგივე მხარდაჭერა დაუბრუნონ.
ქალიშვილებმა ემაში ძლიერი ქალიც დაინახეს და გატეხილიც
ემა არ ცდილობს შვილებისთვის საკუთარი ემოციების დამალვას. ამბობს, რომ ქალიშვილებს ის მხოლოდ ძლიერი და შეუვალი არ უნახავთ - მათ იციან, რომ ზოგჯერ დედაც ვერ უმკლავდება ემოციებს.
„ჩემს ქალიშვილებს ჩემი იატაკზე გატეხილიც ვუნახივარ. საბოლოო ჯამში, უბრალოდ ადამიანი ვარ. ისინი ხედავენ, რომ ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებ. მსგავსი რამ არასდროს გამომივლია და ყველაფერს რეალურ დროში ვსწავლობ“, - ამბობს ის.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის ოჯახში ასეთი მძიმე დაავადების ყოველდღიურად ნახვა ძალიან რთულია, ამ გამოცდილებამ მათ სიყვარულის, ერთგულებისა და ერთმანეთის გვერდით დგომის მნიშვნელობაც ასწავლა.
„ბრიუსს ვახსოვარ? - დიახ, ვახსოვარ“
ემა განსაკუთრებით გაღიზიანებულია დემენციის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენებით.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ადამიანები უსვამენ, ასეთია: „ბრიუსს ჯერ კიდევ ახსოვხარ?“
ემას პასუხი მკაფიოა - დიახ.
ის განმარტავს, რომ ბრიუსს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს და არა ალცჰაიმერის დაავადება. მისი თქმით, FTD თავის ტვინის სხვა უბნებზე მოქმედებს და ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დემენციის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისგან განასხვავოს.

„მინდა, მედიამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოს მიდგომა. ადამიანებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია დემენციის სხვადასხვა ტიპის შესახებ და მათზე ზუსტად ისაუბრონ, რათა საზოგადოებაში შიშისა და სტიგმის გაძლიერების ნაცვლად, ცოდნა გავრცელდეს“, - ამბობს ემა.
ბრიუსი ჯერ კიდევ იცინის - და ოჯახიც მასთან ერთად
მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, უილისების სახლში სიცილისთვის ადგილი კვლავ არსებობს.
ემა ამბობს, რომ ოჯახში ყოველთვის უყვარდათ პატარა დეტალებში სიხარულის პოვნა და სწორედ ეს ეხმარებათ ახლა ყველაზე მეტად.
მათი ქალიშვილები ჯერ კიდევ ბევრ სასაცილო რამეს ამბობენ, თავად ბრიუსიც კი ახერხებს ოჯახის გაცინებას.
ემა განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ ისინი ბრიუსზე არ იცინიან - მასთან ერთად იცინიან.
„დემენციის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრება დასრულდა ან თითქოს შუქი მთლიანად ჩაქრა. ჯერ კიდევ არის უამრავი სიხარული, სიცილი და კავშირი. სიყვარულის მთელი სამყარო კვლავ ხელუხლებელი რჩება“, - ამბობს ის.
მისი თქმით, დემენციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია წარმოდგენა, თითქოს ასეთი დიაგნოზის შემდეგ ყოველი დღე მხოლოდ ტკივილსა და უიმედობას ნიშნავს.

„ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მომენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან გვაცინებს. და, საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიცინით“, - ამბობს ემა ჰემინგ უილისი.
თემები: მსახიობები