სტილი

პენელოპა კრუსმა კლასიკური ვარცხნილობა დააბრუნა - „იტალიური ბობი“, რომელიც ისევ მოდაშია

პენელოპა კრუსმა კლასიკური ვარცხნილობა დააბრუნა - „იტალიური ბობი“, რომელიც ისევ მოდაშია

ვენეციის 2026 წლის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე პენელოპე კრუსის გამოჩენამ ყურადღება არა მხოლოდ მის ჩაცმულობით, არამედ ვარცხნილობითაც მიიპყრო.

მსახიობმა კლასიკური „იტალიური ბობი“ თანამედროვე, უფრო მსუბუქი ვერსიით წარმოადგინა - დახვეწილი, მოცულობითი და ამავე დროს ბუნებრივად მოძრავი თმით.

„იტალიური ბობი“ ახალი ტრენდი სულაც არ არის. ეს სტილი გასული საუკუნის ჰოლივუდის ცნობილი ქალების იმიჯთან ასოცირდება. მსგავსი ვარცხნილობა განსაკუთრებით პოპულარული იყო სოფია ლორენის, კლაუდია კარდინალესა და მონიკა ვიტის ეპოქაში. დღეს კი კლასიკური ფორმა თანამედროვე ვერსიით დაბრუნდა და მას უკვე ისეთი ვარსკვლავებიც ირჩევენ, როგორებიც არიან ზენდაია და Raye.

განსხვავება ძველ და ახალ „იტალიურ ბობს“ შორის სწორედ ბუნებრიობაშია. თუ 1960-იან წლებში აქცენტი მკვეთრ ხვეულებსა და მაქსიმალურ მოცულობაზე კეთდებოდა, თანამედროვე ვერსია უფრო რბილი და მსუბუქია. თმას აქვს ფორმა და მოცულობა, თუმცა არ გამოიყურება ზედმეტად „დაყენებულად“.

თმის სტილისტის ფაბიან ლიგუინის შეფასებით, პენელოპეს ვარცხნილობის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის ერთდროულად მოვლილი და თავისუფალია. იდეა არა მკაცრად დაფიქსირებული თმის, არამედ ბუნებრივი მოძრაობისა და ჯანსაღი, რბილი ბოლოების შექმნაა.

ვის უხდება „იტალიური ბობი“?

ამ ვარცხნილობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა. მისი მორგება შესაძლებელია როგორც სახის სხვადასხვა ფორმაზე, ისე თმის განსხვავებულ ტიპებზე.

განსაკუთრებით კარგად გამოიყურება საშუალო სისქისა და სქელი თმის შემთხვევაში, რადგან მკაფიო ფორმა თმას ვიზუალურად უფრო სქელსა და მოცულობითს აჩენს.

თუ ასეთი ვარცხნილობის გაკეთებას გადაწყვეტთ, სალონში სასურველია თან იქონიოთ სასურველი სტილის ფოტო. ეს სტილისტს დაეხმარება, ზუსტად გაიგოს, როგორი სიგრძე, ფორმა და მოცულობა გსურთ.

როგორ დავივარცხნოთ „იტალიური ბობი“?

ამ სტილის მთავარი პრინციპი თმის ბუნებრივ ტექსტურასთან მუშაობაა. თავდაპირველად თმა უნდა იყოს გლუვი და ჯანსაღი, შემდეგ კი მრგვალი სავარცხლით ბოლოები მსუბუქად შეგიძლიათ შემოიხვიოთ.

თუ უფრო ბუნებრივი ეფექტი გსურთ, თმის გაშრობა ჰაერზე ან დიფუზორით შეიძლება. შემდეგ თითებით მსუბუქად გამოაცალკევეთ ბოლოები, რათა ვარცხნილობამ თავისუფალი მოძრაობა შეინარჩუნოს.

მთავარია, თმა ზედმეტად არ „გააქვავოთ“ ლაქითა და სხვა ძლიერი ფიქსაციის საშუალებებით. თანამედროვე „იტალიური ბობის“ მთავარი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის რბილი, მბზინავი და ხელშესახები ჩანს.

ბოლო ეტაპზე სტილისტი თმის სიგრძესა და ბოლოებზე მცირე რაოდენობით ზეთის გამოყენებას გვირჩევს. ეს ბზინვარებას მატებს და ვარცხნილობის ფორმას უფრო გამოკვეთილს ხდის, ზედმეტი დამძიმების გარეშე.

პენელოპე კრუსის ახალი ვარცხნილობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგიერთი კლასიკური ტრენდი მოდიდან რეალურად არასდროს გადადის - უბრალოდ, სხვადასხვა ეპოქაში ახალ ფორმას იძენს.