LIFE

როცა პარტნიორი თქვენს ფულს აკონტროლებს - ეკონომიკური ძალადობის 8 ნიშანი

როცა პარტნიორი თქვენს ფულს აკონტროლებს - ეკონომიკური ძალადობის 8 ნიშანი

„მე ყველაფერს გადავიხდი, შენ ფულზე ნუ იდარდებ“ - ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდეს. პარტნიორის სურვილი, ოჯახზე იზრუნოს და ფინანსური პასუხისმგებლობა აიღოს, თავისთავად პრობლემა არ არის.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ზრუნვა ნელ-ნელა კონტროლად იქცევა?

ეკონომიკური ძალადობა ხშირად სწორედ ასე იწყება - არა აკრძალვით ან ხმამაღალი კონფლიქტით, არამედ თითქოს სრულიად უწყინარი ფრაზებით. საბოლოოდ კი ადამიანს შეიძლება საკუთარი ფულის, სამსახურისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა შეუზღუდონ.

მხოლოდ ის, რომ პარტნიორი მეტს გამოიმუშავებს, ძალადობა არ არის

წყვილში შემოსავლები ყოველთვის თანაბარი ვერ იქნება. ერთს შეიძლება გაცილებით მაღალი ხელფასი ჰქონდეს, მეორეს - ნაკლები. ეს თავისთავად პრობლემა არ არის.

პრობლემა მაშინ იწყება, როცა ერთ-ერთი პარტნიორი მეორის ფულს, სამსახურსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებს აკონტროლებს და მას არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.

მაგალითად, როცა გეუბნებიან: „სამსახური აღარ გჭირდება, მე გარჩენ“, მაგრამ შემდეგ უკვე გიწევს ახსნა, რაში დახარჯე თითოეული ლარი.

8 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

თუ პარტნიორი:

  • გიკრძალავთ მუშაობას ან სწავლას;

  • ყოველი ხარჯის შესახებ ანგარიშს გთხოვთ;

  • გაკრიტიკებთ ან გამცირებთ „ზედმეტი“ ხარჯების გამო;

  • გართმევთ საბანკო ბარათს ან გიმალავთ ანგარიშებზე წვდომას;

  • ფულს მხოლოდ „აუცილებელი ნივთებისთვის“ გაძლევთ;

  • თქვენს სახელზე სესხებს ან ვალებს აფორმებს;

  • მარტო იღებს გადაწყვეტილებებს საერთო ქონებასა და ფინანსებზე;

  • ხელს გიშლით მუშაობაში ან საკუთარი შემოსავლის მიღებაში.

ეს უკვე უბრალოდ „ფულის მართვის განსხვავებული სტილი“ აღარ არის. ასეთი ქცევები ეკონომიკური კონტროლის ნიშნები შეიძლება იყოს.

ყველაზე რთული ისაა, რომ თავიდან ამას ზრუნვას ვამსგავსებთ

ეკონომიკური ძალადობა ხშირად ერთბაშად არ იწყება.

თავიდან შეიძლება პარტნიორმა თავად შემოგთავაზოთ ბიუჯეტის მართვა, რადგან „ფინანსებში უკეთ ერკვევა“. შემდეგ შეიძლება თქვენი ხარჯების შესახებ კითხვები გახშირდეს. მოგვიანებით კი გაჩნდეს მოთხოვნა, რომ სამსახური დატოვოთ.

სწორედ ამიტომ არის რთული მომენტის დაჭერა, როცა ზრუნვა კონტროლში გადადის.

მთავარი კითხვა კი მარტივია: შეგიძლიათ თუ არა საკუთარ ფულსა და ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე თავისუფლად საუბარი და არჩევანის გაკეთება?

რატომ არ არის მარტივი ასეთი ურთიერთობიდან წასვლა?

თუ ადამიანს წლების განმავლობაში საკუთარი შემოსავალი აღარ აქვს, შესაძლოა არც პირადი დანაზოგი ჰქონდეს, არც საბანკო ანგარიშებზე თავისუფალი წვდომა და არც დამოუკიდებლად ცხოვრების რესურსი.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მაშინ, როცა ოჯახში ბავშვებიც არიან.

ამას ემატება შიში და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი. პარტნიორმა შეიძლება დაგარწმუნოთ, რომ ფულის მართვა არ შეგიძლიათ, სამსახურს ვერ იპოვით ან მის გარეშე ვერ იცხოვრებთ. დროთა განმავლობაში ადამიანი თავადაც შეიძლება დაიჯეროს ეს.

როგორ დაიცვათ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა?

საკუთარი ფინანსური უსაფრთხოება ურთიერთობის წინააღმდეგ წასვლას არ ნიშნავს.

სასურველია იცოდეთ, რა ანგარიშები, სესხები, ქონება და ვალდებულებებია თქვენს სახელზე. მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც ხელმისაწვდომად გქონდეთ.

თუ ურთიერთობაში ფინანსური კონტროლის ნიშნებს ამჩნევთ, შეინარჩუნეთ შესაძლებლობა, თავად მართოთ თქვენი ანგარიშები და პაროლები. საჭიროების შემთხვევაში, სანდო ადამიანთან ან სპეციალისტთან კონსულტაციაც დაგეხმარებათ.

და მთავარი - ფინანსური უზრუნველყოფა სიყვარულის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სიყვარული არ უნდა ნიშნავდეს ფინანსური თავისუფლების დაკარგვას.

წყვილში შეიძლება არსებობდეს ტრადიციული როლების განაწილება: ერთს შემოსავალი ჰქონდეს, მეორე კი სახლსა და ბავშვებზე ზრუნავდეს. ეს მხოლოდ მაშინ არის ჯანსაღი, როცა გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღებია და ფინანსური დამოკიდებულება კონტროლის ინსტრუმენტად არ იქცევა.

საკუთარი ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნება მხოლოდ ფულზე ზრუნვა არ არის - ეს საკუთარი არჩევანის თავისუფლების შენარჩუნებაცაა.