რომანი დაქორწინებულ მამაკაცთან: 10 ნიშანი, რომ ის ცოლს არასოდეს გაშორდება
- 22.11.2026
დაქორწინებულ მამაკაცთან ურთიერთობისას ქალს ხშირად აქვს იმედი, რომ ერთ დღეს საყვარელი ცოლს დატოვებს და მასთან დაიწყებს ახალ ცხოვრებას. თუმცა ასეთი მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება. ხშირად დაპირებები დაპირებებად რჩება, ურთიერთობა კი წლების განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში გრძელდება.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცი ოჯახის დატოვებას არ აპირებს და თქვენი ურთიერთობის შეცვლასაც არ გეგმავს?
1. თქვენი ცხოვრებით დიდად არ ინტერესდება
მამაკაცს აინტერესებს ის, რაც უშუალოდ თქვენთან ურთიერთობას უკავშირდება: როდის შეხვდებით, სად გაატარებთ დროს, რომელ რესტორანში ისადილებთ ან სად დაისვენებთ ერთად. თქვენი ცხოვრების სხვა მხარეები - ოჯახი, სამსახური, შვილები, მშობლები, მეგობრები და ყოველდღიური საზრუნავი - მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის თქვენს ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვასა და პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. შესაძლოა, თავის მომავალ გეგმებშიც არ განიხილავდეს თქვენთან ერთად ცხოვრებას. თუ თქვენი მიზანი ქორწინება და ოჯახის შექმნაა, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება.
2. მომავალზე საუბარს თავს არიდებს
ერთობლივი მომავლის დაგეგმვა მისთვის არასასურველი თემაა. ის მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს, არაფერს გპირდებათ და კონკრეტულ გეგმებს არ განიხილავს.
არ საუბრობს იმაზე, სად იცხოვრებთ ერთად, როდის დასრულდება მისი ქორწინება ან როგორ წარმოუდგენია თქვენი ურთიერთობის განვითარება. თუ მამაკაცი ასეთ საუბრებს მუდმივად გაურბის, ეს საყურადღებო ნიშანია - შესაძლოა, არსებული მდგომარეობის შეცვლას საერთოდ არ აპირებდეს.
3. სიყვარულზე საუბარი მხოლოდ სიტყვებად რჩება
შესაძლოა, მისგან გულწრფელი სიყვარულის აღიარება იშვიათად მოისმინოთ. ზოგიერთი მამაკაცისთვის გრძნობებზე ღიად საუბარი პასუხისმგებლობის აღებასა და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. თუ პარტნიორი თქვენთან საერთო მომავალს არ გეგმავს, შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადადგმაც არ სურდეს.

თუმცა არსებობს მეორე ტიპიც - მამაკაცები, რომლებიც ადვილად იფიცებენ მარადიულ სიყვარულს, პირველივე შეხვედრაზე მომავალ შვილებსაც კი გიხსენებენ და ერთგულებას გპირდებიან. მათი სიტყვები კი ხშირად რეალურ განზრახვას არ ასახავს. ამიტომ დაპირებებზე მეტად ქცევებს დააკვირდით.
4. ოჯახის დატოვებისთვის ყოველთვის ახალი მიზეზი აქვს
ზოგი მამაკაცი თავს გარემოებების მსხვერპლად წარმოაჩენს და ოჯახის დატოვებას მუდმივად სხვადასხვა მიზეზით აჭიანურებს. ერთხელ პატარა შვილებს იმიზეზებს, შემდეგ - ქონების გაყოფის სირთულეს, ცოლის ავადმყოფობას ან სხვა დაბრკოლებას.
როცა ერთი მიზეზი ამოიწურება, ახალი ჩნდება. ასე შეიძლება წლები გავიდეს, თქვენ კი კვლავ დაპირებების მოლოდინში დარჩეთ. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ არა იმას, რას გეუბნებათ, არამედ იმას, რეალურად რას აკეთებს.
5. თავის ახლობლებთან არ გაცნობთ
თუ მამაკაცი არ გაცნობთ არც მშობლებს, არც მეგობრებს და არც სხვა ახლობლებს, შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის საჯაროდ აღიარებას არ აპირებდეს.
როცა ადამიანი ოჯახური მდგომარეობის შეცვლას სერიოზულად გეგმავს, ხშირად ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ ახლო მეგობრებს, შემდეგ კი ოჯახის წევრებს ესაუბრება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოცვამ ახალი პარტნიორი მიიღოს.
თუმცა მხოლოდ მეგობრებთან გაცნობა არაფერს ადასტურებს. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ცხოვრობენ მისი მეგობრები: თუ მათაც ჰყავთ საყვარლები და ცოლების დატოვებას არ აპირებენ, შესაძლოა, თქვენი პარტნიორიც მსგავს ურთიერთობას ჩვეულებრივად მიიჩნევდეს.
6. თქვენს მოთხოვნებზე სკანდალით პასუხობს
როგორც კი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე ან ცოლთან განქორწინებაზე საუბარს იწყებთ, ის კონფლიქტს აწყობს. შესაძლოა, დაგადანაშაულოთ, რომ იდეალურ ურთიერთობას აფუჭებთ, მასზე ზეწოლას ახდენთ ან საკმარისად არ გიყვართ.
შემდეგ კამათი დაშორებით მთავრდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ რიგდებით. თუ ეს სცენარი მუდმივად მეორდება და შერიგების შემდეგ არაფერი იცვლება, შესაძლოა, საქმე მანიპულაციურ ქცევასთან გქონდეთ.
7. თქვენთან შეხვედრის შემდეგ ცივად იქცევა
შეხვედრისას ვნება, ემოცია და სიახლოვე, ხოლო შემდეგ - მოულოდნელი გაღიზიანება და თქვენგან დისტანცირება. სტატიის ავტორის შეფასებით, ასეთი ქცევა შესაძლოა იმ მამაკაცებს ახასიათებდეთ, რომლებსაც ცოლთან თბილი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ქორწინებაში ინტიმური ცხოვრება არ აკმაყოფილებთ.
ისინი საკუთარ სექსუალურ სურვილებს ურთიერთობის გარეთ იკმაყოფილებენ, თუმცა ღალატის გამო დანაშაულის განცდაც აქვთ. ამიტომ შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობის სწრაფად დასრულება სურდეთ. ასეთ შემთხვევაში ქალი მისთვის შესაძლოა მხოლოდ სექსუალური კავშირის ობიექტი იყოს და არა მომავალი ცხოვრების თანამგზავრი.
8. მის მოვლილ გარეგნობაზე ცოლი ზრუნავს
ყოველთვის მოწესრიგებული ჩაცმულობა, მოვლილი გარეგნობა, სახლიდან წამოღებული სადილი - სტატიის ავტორი ამ დეტალებს იმ ნიშნებად განიხილავს, რომლებიც მამაკაცის ოჯახურ ცხოვრებაზე მიანიშნებს.

მისი ვარაუდით, შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან ცოლი იდგეს, რომელიც ყოველდღიურ ყოფაზე ზრუნავს და ქმართან პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცს შეიძლება ოჯახური ცხოვრების დანგრევის სურვილი საერთოდ არ ჰქონდეს.
თუმცა მხოლოდ გარეგნობით ან ჩვევებით დასკვნის გამოტანა შეუძლებელია - მნიშვნელოვანია, როგორია მისი რეალური ურთიერთობა მეუღლესთან.
9. ცოლთან შედარებით კონკურენციას აზრი არ აქვს
შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ მამაკაცი მუდმივად ცოლს გადარებთ და თქვენი მიზანი მისი ყველა მხრივ დაჩრდილვაა. თუმცა ფსიქოთერაპევტის შეფასებით, მამაკაცები საყვარელსა და ცოლს ყოველთვის ერთნაირი საზომით არ აფასებენ.
საყვარელს ის შესაძლოა სხვა ქალებს ადარებდეს, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა ან მომავალში რომანის გაბმას ისურვებდა. ცოლი კი მის წარმოდგენაში ცალკე ადგილს იკავებდეს - როგორც შვილების დედა, მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი.
ამიტომ ცოლთან შეჯიბრება შესაძლოა სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს: მამაკაცი თქვენს ურთიერთობას ამგვარ კონკურენციად საერთოდ არ აღიქვამდეს.
10. მის ფინანსურ გეგმებში თქვენი ადგილი არ არის
მამაკაცი, რომელიც ქალთან მომავალს გეგმავს, ხშირად მისთვის ფინანსურ რესურსსაც გამოყოფს. ეს შეიძლება იყოს საერთო გეგმების დაფინანსება, საცხოვრებლის საკითხის მოგვარება ან სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები.
თუ ხედავთ, რომ მის ფინანსურ პრიორიტეტებში თქვენი ადგილი საერთოდ არ არის და ურთიერთობის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს, ესეც საყურადღებო ნიშანია. შესაძლოა, თქვენთან ქორწინებასა და საერთო მომავალზე რეალურად არც ფიქრობდეს.
თემები: ქალები, რჩევები, ცოლიანი მამაკაცი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია