რატომ არ უნდა ავარჩიოთ თმის საღებავი, შეფუთვაზე მითითებული ფერის მიხედვით ?
- 03.10.2016
ბევრი ჩემი მეგობარი და არაერთი სტილისტი თმის შეღებვისას კოლოფის საღებავს იყენებს. ის, რომ ჩვეულებრივი კოლოფის საღებავით შეღებილი თმა ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა, თმა სწორად შევიღებოთ. ქალები თმის შეღებვისას ხშირად დიდ შეცდომებს უშვებენ.
ხშირად ორი ტონით იღიავებენ ან იმუქებენ თმას
თუ სალონში მკვეთრი ცვლილებებისთვის მიდიხარ, მაგალითად, როგორიც არის შავიდან წითელ ფერზე გადასვლა ან წაბლისფერიდან - ქერაზე, როგორც წესი, სასურველი შედეგისთვის რამდენიმე ვიზიტი დაგჭირდება. სტილისტმა თავდაპირველად თმას უნდა ჩამორეცხოს ფერი და მხოლოდ შემდეგი ვიზიტებისას შეძლებს ფერის დასმას.
დამაბნეველია არა? თმის ფერის მკვეთრი ცვლილებები ზოგჯერ მოსაბეზრებელი ხდება ან თმას გვიფუჭებს და გვიუხეშებს, მაგალითად, ფორთოხლისფერი თმა. ასევე შესაძლოა, შეღებვის შემდეგ ისეთი ფერი მივიღოთ, რომელიც იმედებს გაგვიცრუებს.
თუ თმის შეღებვას დამოუკიდებლად, სახლის პირობებში აპირებ, შეეცადე შენს ნატურალურ თმის ფერთან შედარებით ორი ტონით ღია ან მუქი ფერები არ შეარჩიო.
თმის საღებავის კოლოფზე გამოსახული თმის ფერი ზუსტად არ ჯდება
თმის საღებავის კოლოფზე გამოსახული თმის ფერი ხშირად გვაცდუნებს.
უმჯობესია, ფერის შემადგენლობასა და აღწერას დავაკვირდეთ. თმის საღებავების უმეტესობაზე ყოველთვის ლოკალური ფერებია გამოტანილი (ქერა, ყავისფერი, შავი ან წითელი). ასევეა ჩრდილებიც (ღია, საშუალო ან მუქი). თუმცა აღწერაში ისიც იქნება მითითებული, რა ტონების შემცველია (მაგალითად, ოქროსფრის თუ ნაცრისფრის (ფერფლისფრის).
საკუთარ თმას თავად იღებავენ
საკუთარი თავის ხარისხიანად შეღებვა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მსგავსი მცდელობები ხშირად წარუმატებლად მთავრდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს კეფას, რის გამოც ეს ადგილი ცუდად შეღებილი ან სრულიად შეუღებავი გვრჩება. ამიტომაც, გირჩევთ, დახმარებისთვის მიმართო მეგობარს ან ოჯახის წევრს, მეგობარ ბიჭს ან ქმარს, ანუ იმ ადამიანს, ვინც შეღებვის პროცესში სიამოვნებით დაგეხმარება. და ბუნებრივია, პროცესიც მშვიდობიანად ჩაივლის.
საღებავს ძალიან დიდხანს იჩერებენ თმაზე
სასურველია, თმის შეღებვის შემდეგ დავინიშნოთ დრო. ბევრი ქალი საღებავს ძალიან დიდი ხნით იჩერებს თავზე, ეს ყველაფერი კი იმით სრულდება, რომ შედეგად იღებენ დამწვარ თმას.
ონკანის წყლის ჭავლით იბანენ თავს
მსოფლიოში ცნობილი თმისა და ვიზაჟის სპეციალისტის, ევა სქირვოს თქმით, სამზარეულოსა და სააბაზანოს ონკანებს არა აქვთ საკმარისი წნევა იმისთვის, რომ სრულად ჩამორეცხონ თმის საღებავის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც თმისთვის ზიანის მომტანია. უმჯობესია, საღებავი შხაპის მეშვეობით ჩამოვირეცხოთ.
ირჩევენ პერმანენტულ ფერებს
ნახევრად პერმანენტული (ნახევრად მტკიცე) თმის ფერი ათი დაბანის შემდეგ გადადის, მაგრამ მუდმივი თმის ფერები მანამდე რჩება, სანამ თმის სტილისტს არ მიაკითხავ.
თუ თმის შესაღებად გაქვს გეზი აღებული, ქალთა ცნობილი თმის სტილისტი, ქენდრა არჰუსი, დროებით, ნახევრად პერმანენტულ ან ნახევრად მკვეთრ ფერებს უწევს რეკომენდაციას.
„დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორიც თეთრ კედელზე ტუშითა და ფანქრით ხატვას შორის. რა თქმა უნდა, ტუშის კედლიდან მოშორება შესაძლებელია, თუმცა პროცესი გაცილებით რთულია, ვიდრე ფანქრის მოშორება“, - ამბობს იგი თავის სტატიაში „როგორ შევიღებოთ თმა სახლში“.
ის საღებავები, რომლებიც სახლში თმის შესაღებად, კოლოფებით იყიდება, შესაძლოა, ხარისხიანი იყოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არავინ გვაძლევს გარანტიას, რომ სახლში თმის შეღებვისას ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებთ. სტილისტი ნიკ აროიო თავის საიდუმლოებებს გვიმხელს წიგნში „იდეალური თმა“, სადაც გვიყვება, თუ რა შედეგებით სრულდება მსგავსი საღებავებით თმის შეღებვა. აროიო ამბობს, რომ თუ ნახევრად პერმანენტული თმის ფერების სხვა ფერებთან შერევა არ შეიძლება, პირიქით ხდება ისეთი საღებავების შემთხვევაში, რომელთაც ამიაკის შემცველობა არა აქვთ და შესაბამისად, არც პერმანენტულობა ახასიათებთ.
არ კითხულობენ ინსტრუქციებს
იმის გამო, რომ ყუთის საღებავები იყიდება ყველგან და ყოველთვის, ქალებს სასურველი ან არასასურველი შედეგის შემთხვევაში, შეუძლიათ მისი თავიდან შეძენა. თუ სახლის პირობებში ერთი ბრენდის საღებავით იღებავ, ეს სულაც არაა იმის გარანტია, რომ იმავე ფერის სხვა ბრენდის საღებავი იმავე შედეგს მოგცემს.
ამიტომაც აუცილებელია გავეცნოთ ინსტრუქციებს.
პროდუქტს მთლიანად არ იყენებენ
თუ გაქვს სქელი, ხვეული ან გრძელი თმა, არის იმის საშიშროება, რომ საღებავი არ გეყოფა.
ამიტომ ყოველთვის ორი კოლოფი შეიძინე.
ერთფეროვნებაფობები
ზოგიერთ ქალს თმის ფერის შეცვლა ყურადღების გადასატანად სჭირდება და ამიტომ მას ჰიპერაქტიურად იცვლის. მსგავსი ტიპის ქალები თუ ისეთ ფერს მიაგნებენ, რომელიც მოეწონებათ, ყოველთვის მზად არიან სიახლეებისა და ცვლილებებისთვის. ზუსტად ისეთი ფერის მიგნება, როგორიც გიყვარს, თითქმის ჯეკპოტის მოგებას ნიშნავს. ამიტომ ხშირად ხდება, რომ ექსპერიმენტები და ხშირი თმის ფერის ცვლა შეცდომებად და იმედგაცრუებად გვრჩება.
ჭაღარა თმას ნახევრად პერმანენტული საღებავით იღებავენ
ჭაღარა თმა არის #1 მიზეზი იმისა, თუ რატომაც იღებავენ ქალები თმას. ჭაღარას ხშირად ჯიუტ ფერსაც უწოდებენ.
თუ თმას ნახევრად პერმანენტული ფერის საღებავით იღებავ, დიდი ალბათობით, შედეგით კმაყოფილი არ უნდა იყო. ევა სქირვოს თქმით, 50%-მდე ჭაღარის ქონის შემთხვევაში, უმჯობესია პერმანენტული ფერის საღებავის გამოყენება. თუ ძალიან ცოტა რაოდენობით ჭაღარა გაქვს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეგიძლია გამოიყენო ნახევრად პერმანენტული ფერი.
იღებავენ დაზიანებულ ან დაზიანების პროცესში/პირას მყოფ თმას
ძალიან მშრალი ან დაზიანებული თმა საკმაოდ პრობლემურია. შესაძლოა, სარისკო იყოს მსგავსი ტიპის თმის შეღებვა, ვინაიდან არაა გამორიცხული, სასურველისა და მოსალოდნელისგან რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღო. განსაკუთრებული რისკია, თუ თმას რამდენიმე ტონით იმუქებ.
ევა სქირვოს მიხედვით, დროებითი ფერის საღებავმა შესაძლოა, გამოაშროს ან დააზიანოს თმა. ან სულაც, შედეგად მიიღო გამუქებული ბოლოები და იდეალური ფერი თმის ძირებში. იმ შემთხვევაში, თუ მშრალი თმა გაქვს, რომელიც დაზიანების პირასაა, სასურველია, დახმარებისთვის სტილისტს მიმართო.
თავიანთი თმის მდგომარეობისთვის შეუსაბამო ფერებს ირჩევენ
ის, რომ ვართ თბილებიც და გულგრილებიც, ამაზე ადამიანების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, გვიფიქრია. თუმცა, როდესაც საქმე თმის ფერზე მიდგება, საჭიროა, დაადგინო, რომელი უფრო ჭარბად არის შენში, სითბო თუ სიცივე.
„თუ თავს დაღლილად გრძნობ, ფერმკრთალი ხარ ან ზედმეტად გაწითლებული, ან შენიშნე, რომ კანზე ლაქები გაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ თმა არასწორად შეიღებე“, - ამბობს ევა სქირვო.
კოლოფის საღებავებში ძირითადად ორი ფერია - თბილი და ცივი.
ქალები, რომლებიც იოლად წითლდებიან, ან ზოგადად აწუხებთ კანის სიწითლე, მათ, უმჯობესია, უპირატესობა ცივ ფერებს მიანიჭონ. თბილი ფერი სიწითლეს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს.
ხოლო იმ ქალებისთვის, რომლებსაც ფერმკრთალი სახე აქვთ, ისეთი თბილი ფერებია რეკომენდებული, როგორიცაა: კარამელი, თაფლი, ოქროსფერი. შავი თმა ფერმკრთალ სახეს კიდევ უფრო აფერმკრთალებს.
თუმცა ისეთი ქალებიც არსებობენ, რომლებსაც თბილი ფერებიც უხდებათ და ცივიც.
შავგვრემნები ცდილობდნენ გაქერავდნენ ან გახდნენ წითურები
ნატურალური თმის ფერთან შედარებით ორი ტონით გაღიავება ან გამუქება მხოლოდ სილამაზის სალონებშია რეკომენდებული. შავი ან ყავისფერი თმა აქციო წითურ ან ქერა თმად, სრულიად შესაძლებელია. საქმე ისაა, რომ ეს შედარებით რთული პროცესია და სილამაზის სალონში რამდენიმე ვიზიტს საჭიროებს.
კარგი ამბავია ის, რომ თითქმის ყველა ქალს უხდება წითელი თმა. მთავარია წითლის სწორი ტონის შერჩევა, რომელიც შენი კანის ფერის შესაბამისი იქნება. სწორი ტონის შერჩევა მათთვისაც აუცილებელია, ვინც თმის გაქერავებას აპირებს.
ვიქნებით ქერები თუ წითურები, ეს მხოლოდ ჩვენი ასარჩევია. თუ სახლის პირობებში ამ ფერების სწორად დასმას ვერ შევძლებთ, საქმის დასასრულებლად შეგვიძლია სილამაზის ცენტრსა თუ სალონს ვესტუმროთ.
ყველა ფერით უკმაყოფილონი არიან
ხშირად სხვის თმის ფერზე გაგიჟებით ვართ შეყვარებულები და გვსურს, ზუსტად იმავე ფერის თმა ჩვენც გვქონდეს.
მაგრამ, კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იმ ერთ კონკრეტულ ფერში მრავალი ტონია. კოლოფის საღებავებში კი ძირითადად მხოლოდ ერთი ფერი დომინირებს. ამიტომ, თუ უკვე სცადე სახლის პირობებში კოლოფის საღებავით შეღებვა და უკმაყოფილო ხარ თმის ფერით, სხვადასხვა შუქ-ჩრდილის დასამატებლად სალონს მიმართე.
თემები: თმის შეღებვა, სახლის პირობები