როდესაც ბავშვი იზრდება, სამყაროს აკვირდება და სიახლეებს შეიცნობს, ბევრი კითხვა უჩნდება. ასეთ დროს მშობლები მოულოდნელობისგან იბნევიან ხოლმე და არ იციან, თავიანთ პატარებს რა პასუხი გასცენ. გახსოვდეს: საჭირო არ არის, ბავშვი მოატყუო ან პირიქით - ცხოვრებისეული დეტალების შესახებ ზედმეტად გააცნობიერო: სრულიად შესაძლებელია, მომზადებული, ლოგიკური პასუხები ისე გასცე, რომ თან მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილო, მაგრამ ამავდროულად არც ბავშვობა წაართვა.
5 წლამდე ასაკის ბავშვები მშობლებს ხშირად ეკითხებიან:
- რა არის განქორწინება?
- რა არის სიკვდილი?
- რა არის ღმერთი?
- რა არის ნარკოტიკი?
- რატომ არ შემიძლია ფრენა?
- რამდენი ფული გვაქვს?
თუმცა მშობლისთვის ყველაზე რთული კითხვა მაინც სექსის თემას ეხება: ბავშვი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გამოგიცხადებს: „საიდან გავჩნდი“? (ან - „როგორ დავიბადე?“ „რას ნიშნავს სექსი?“ „როგორ აჩენენ ბავშვებს?“)
ამერიკაში ცნობილ ანეკდოტს ჰყვებიან ხოლმე: ბავშვი მშობლებს ეკითხება: საიდან ვარო. დედას სხვა გზა არა აქვს და მოყოლას იწყებს, როგორ ჩნდებიან ადამიანები. ცოტა ხნის შემდეგ გაკვირვებული შვილი პასუხობს: „მე კი მეგონა, ფილადელფიიდან ვიყავი“, - ასე რომ, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი თავისი წარმოშობის შესახებ გეკითხება, გაითვალისწინე, რომ კითხვა მხოლოდ სექსს არ ეხება: მაგალითად, თუ დედა მეორე ბავშვზეა ორსულად, პატარები ინტერესდებიან, თვითონაც მუცელში იყვნენ თუ არა ერთ დროს; ან - ბავშვი უეცრად აღმოაჩენს, რომ ბიჭებისა და გოგონების სხეულები განსხვავებულია…
რა უნდა უპასუხო ამ დროს:
სასურველია, ჯერ კითხვა შეუბრუნო და გაიგო, ამის შესახებ თავად რა იცის. რადგანაც, თუ იმას ეტყვი, რაც მისთვის უკვე ცნობილია, ერთგვარად კითხვის იგნორირება გამოგივა. შეგიძლია, მარტივად აუხსნა: „შენ ჩემს მუცელში იზრდებოდი“, ხოლო თუ მეტი აინტერესებს, მაშინ უთხარი, რომ ის დედის სპეციალური ორგანოს - „ვაგინას“ საშუალებით მუცლიდან გამოვიდა. როდესაც შენი პატარა 5 წლის ასაკს მიუახლოვდება, შეგიძლია ესაუბრო, რომ მის შექმნაში მამაც მონაწილეობდა და რომ მამა რაღაცას, სახელად — „სპერმას“ დედის მუცელში განათავსებს, ამის შემდეგ კი იქ ბავშვის ზრდა იწყება.
რა არ უნდა უთხრა არავითარ შემთხვევაში:
ბავშვები სექსის დეტალების მოსასმენად მზად არ არიან, თუმცა არავითარ შემთხვევაში ტყუილი არ წამოგცდეს! თხრობას გადაახტი და უთხარი, რომ ის საავადმყოფოდან მოიყვანეთ. გახსოვდეს: შენმა პატარამ რაც უნდა დამაბნეველი კითხვა დაგისვას, მთავარია, არ გაჩუმდე. დუმილი მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ცუდი რამ გკითხა. ასე რომ, უხერხული სიტუაციების ნუ შეგეშინდება: მათ ისე მიუდექი, როგორც ძალიან კარგ შესაძლებლობას, შვილს ესაუბრო და გაიგო, მის პატარა თავში რა ხდება; რაც მთავარია, სულ ცოტა ხანში თავად გამოგიცხადებს, რომ სექსის შესახებ ყველაფერი იცის.
რატომ კვდებიან ადამიანები? შენც მოკვდები? თუ მოკვდები, მეც თან წამიყვან? ჩემი გარდაცვლილი ძაღლი/კატა ახლა ცაშია?
როდესაც რომელიმე მშობელი უეცრად გარდაიცვლება, ბავშვები გაუთავებლად კითხვების დასმას იწყებენ, რადგანაც ერთგვარად საფრთხის მოახლოების გრძნობა ეუფლებათ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი რობერტ ბრუკსი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვის ახლობელი ადამიანი ან შინაური ცხოველი იღუპება, პატარას უჩნდება განცდა, რომ მალე სიკვდილი თავადაც დაემუქრება. ასევე, ბავშვები ხანდახან სიკვდილის ცნებას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ და ნუ გაგიკვირდება, თუ ერთხელაც ასეთ კითხვას დაგისვამს: ვიცი, რომ ბებია გარდაიცვალა, მაგრამ ხვალ ხომ ისევ ვნახავ?
რა უნდა უპასუხო ამ დროს:
სანამ სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ ფილოსოფიებს განავითარებდე, მოუსმინე, რა აწუხებს შენს პატარას - ჰკითხე, რას ფიქრობს სიკვდილის შესახებ. ეს თავის არიდებას სულაც არ ნიშნავს, რადგან ბავშვებს უმეტესად ეშინიათ, რომ მშობლის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დარჩებიან. ამიტომ აუხსენი, რომ რაც გინდა მოხდეს, შენ მასზე ყოველთვის იზრუნებ. თუ ოჯახის ძალიან ახლობელი გარდაიცვლება, იმ ადამიანის შესახებ ესაუბრე - სახალისო ამბები გაიხსენე და ფოტოები დაათვალიერებინე. ასევე შეგიძლია უთხრა, რომ ის ახლა ზეცაშია. მთავარია, პატარამ გაიაზროს, რომ ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად, მასზე საუბარი და იმ ადამიანის გახსენება ყოველთვის შესაძლებელია.
რა არ უნდა უთხრა არავითარ შემთხვევაში:
ბავშვისთვის აბსოლუტური გარანტიების მიცემა წაგებიანი სვლაა: არასოდეს უთხრა „ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება“, ან „ჩვენ არასოდეს მოვკვდებით“. უმჯობესია, კვალიფიციური ტერმინებით ესაუბრო, მაგალითად — „თვითმფრინავების უმეტესობა არ ვარდება“. ასეთი პასუხით შიშსაც გაუქარწყლებ და არც ბავშვის მოტყუება მოგიწევს. თუ შინაური ცხოველი დაგეღუპათ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა: „ცუდია, რომ ის მოგვიკვდა, მაგრამ ნუ იდარდებ, ახალს მოგიყვან“. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცხოველს აბსოლუტურად ადამიანის თანასწორად აღიქვამს და სრულიად შესაძლებელია, იფიქროს: თუ მოვკვდები, დედა ჩემ მაგივრად ახალ პატარას მოიყვანსო.
რა არის ღმერთი? რატომ არ დადის ჩემი ყველა მეგობარი ეკლესიაში? იცის ღმერთმა, ხანდახან ცუდად რომ ვიქცევი? ვინ არის იესო ქრისტე?
მნიშვნელობა არა აქვს, რა აღმსარებლობის ხარ, ბავშვი რელიგიური საკითხების შესახებ ყოველთვის ინტერესდება. განურჩევლად რწმენისა, პატარებს მუდმივად ესმით ფრაზები: „ღმერთმა დამიფაროს“, „მადლობა ღმერთს“ და ინტერესდებიან, ვინ არის ღმერთი. თუმცა ბავშვები სულიერი ასპექტების შესახებაც იაზრებენ. ერთგვარად ემპათიის გამომხატველია, როდესაც ისინი ღმერთზე ფიქრს იწყებენ: თუ შენი პატარა რაღაცის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს ან ცუდადაა, აინტერესებს, უყურებს თუ არა იმ დროს ღმერთი და დაეხმარება თუ არა, უკეთ რომ გახდეს.
რა უნდა უპასუხო ამ დროს:
პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თავად რისი გწამს. უპირველესად საკუთარ ღირებულებებს გადახედე და გაიაზრე, ვინ არის ღმერთი შენთვის. ბავშვს მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია უთხრა „ღმერთი გიყურებს,“ ან „ღმერთს ვერ დაინახავ, მაგრამ მის არსებობას იგრძნობ“. თუ ათეისტი ხარ, აუხსენი, რომ ადამიანების უმეტესობას ღმერთის არსებობის სწამს და სრულიად ნორმალური მოვლენაა, ყველაფრის შესახებ მეგობრების მსგავსი აზრი თუ არ ექნება.
თუ შენ და შენი პარტნიორი განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლები ხართ, სასურველია, ზომიერად ორივე აღმსარებლობის შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია.
რა არ უნდა უთხრა არავითარ შემთხვევაში:
ფრთხილად იყავი, რომ ბავშვს მრისხანე ღვთაების შესახებ წარმოდგენა არ შეუქმნა. ამან შეიძლება შენი პატარა შეაშინოს.
რატომ ჩხუბობენ დედა და მამა? ერთმანეთი აღარ უყვართ? რატომ არ ჰყავს მამა ჩემს საბავშვო ბაღის მეგობარს? დედას მამაც ჩემსავით უყვარს?
გარდა იმისა, რომ ბავშვები ძალიან განიცდიან მშობლების უსიამოვნებებს, ამ ყველაფერს პირადად იღებენ და ჰგონიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათაც იმავენაირად დაუყვირებენ. 4-5 წლის ბავშვს იმის უნარი არა აქვს, საქმის ვითარება რეალურად გაიაზროს და მშობლების ჩხუბით სრულიად შოკირებულია. პატარების გადმოსახედიდან, თუ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ჩხუბობენ, იმის მიმანიშნებელია, რომ მათი სიყვარული დიდხანს ვერ გასტანს; შემდეგ ეტაპზე კი ეჭვობენ, თავად რამდენად უყვართ მშობლებს.
რა უნდა უპასუხო ამ დროს:
მნიშვნელოვანია, ბავშვს აუხსნა, რომ დედა და მამა ერთმანეთის გრძნობებს უფრთხილდებიან და ამიტომაც ყოველთვის ღიად ეუბნებიან ერთმანეთს, თუ რამე არ მოსწონთ. ეს დაეხმარება გაიაზროს, რომ მშობლების მორიგი ჩხუბი ოჯახის დანგრევას არ გამოიწვევს. ხშირად ასეთ შემთხვევაში უპასუხო კითხვებიც კარგად მუშაობს: თუ ბავშვი მამას ჰკითხავს, კვლავინდებურად უყვარს თუ არა დედა, მას შეუძლია ცოლს უბრალოდ აკოცოს და ყველაფერი გასაგები იქნება.
ზოგადად, სასურველია, პარტნიორთან უთანხმოების მოგვარება ბავშვების თვალსაწიერს მიღმა ხდებოდეს. თუმცა, თუ პატარები მაინც ხედავენ, რომ მშობლებს შორის უთანხმოებაა, სასურველია, აუხსნან, რომ დედა და მამა გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ. ეს ბავშვისთვის სამომავლოდაც კარგი მაგალითი იქნება — ზრდასრულ ადამიანს ხომ პრობლემების გადაჭრა უნდა შეეძლოს. თუმცა, თუ წყვილის საუბარი მწვავეა და განქორწინების დეტალები განიხილება, აუცილებელია, ის ბავშვებისგან მოშორებით მიმდინარეობდეს.
რა არ უნდა უთხრა არავითარ შემთხვევაში:
როდესაც მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ, არ ღირს, შვილს უთხრან, თითქოს ერთმანეთი ისევ უყვართ. უკეთესია, ახსოვდეთ, რომ ეს სიტუაცია ბავშვებს ძალიან აბრაზებს, ამიტომ ხშირად მოეფერონ.
რამდენი ფული გვაქვს? მდიდრები ვართ თუ ღარიბები? რას ნიშნავს „ჩვენ ამას ვერ შევწვდებით“? რატომ არ მაქვს ახალი სათამაშო, როგორიც ჩემს მეზობელს აქვს?
ხშირად ბავშვების მიერ დასმული ფულთან დაკავშირებული კითხვები იმის მიმანიშნებელია, რომ აინტერესებთ, ექნებათ თუ არა ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. მათ ხომ 2-ლარიანს და 10-თეთრიანს შორის განსხვავება არ იციან. შესაბამისად, ბავშვისთვის სოციალური სტატუსი ან ფინანსური სტაბილურობაც უცხოა. მათთვის ფული არის „რაღაც, რითაც დედა ყოველდღიურ საჭიროებებს იკმაყოფილებს“. ასე რომ, ამ კითხვების ნამდვილი მნიშვნელობა იმაზეა დამოკიდებული, შენ პატარას რა სურს.
რა უნდა უპასუხო ამ დროს:
აუცილებელი არ არის, ოჯახის ფინანსური მდგომარეობის დეტალებზე ესაუბრო, უბრალოდ უთხარი: „არსებობს ნივთები, რომელთა ყიდვაც შეგვიძლია და ნივთები, რომლებსაც ვერ ვიყიდით“. ამის შემდეგ კი რამდენიმე მაგალითიც მოუყვანე. ჰკითხე, რა სურს, რომ ჰქონდეს. თუ გარკვეული რაოდენობის თანხას მოგთხოვს, აუცილებლად გაარკვიე, რას იყიდდა, ამდენი ფული რომ ჰქონოდა. თუ გითხრა, რომ ფული უბრალოდ იმიტომ უნდა, რადგან დაინახა, რომ შენც გაქვს, პატარა საფულე უყიდე და მცირე თანხაც მიეცი.
რა არ უნდა უთხრა არავითარ შემთხვევაში:
ნუ ესაუბრები ფულზე ზოგადად: „ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს“, — ასეთმა ფრაზამ შესაძლოა დაუცველობის შეგრძნება გაუჩინოს. თუ მაღაზიაში რამე ძალიან ძვირად ღირებული მოგთხოვა, სცადე, სათამაშო უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივებს შორის შეარჩევინო, ან აუხსნა, რომ ძალიან ძვირფას სათამაშოს მხოლოდ დღესასწაულებზე მიიღებს.
თემები: მშობლები და შვილები, ბავშვის დასმული უცნაური კითხვები, კითხვები, კითხვები რომლებსაც ბავშვები სვავენ, ბავშვები და უხერხული კითხვები, ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება, რა უნდა ვუთხრა ბავშვს სექსზე, როცა ბავშვი ინტერესდება, როგორ ჩნდებიან ადამიანები
წყარო: <a href="http://www.parenting.com/article/the-toughest-questions-kids-ask">parenting</a>