დღევანდელი კულტურა, ერთგვარად, ღალატის რომანტიზებას ახდენს: ამ თემაზე უამრავი ფილმი და სიმღერაა შექმნილი და ღალატი ხშირად უჩვეულო, გრძნობების აღმძვრელ გამოცდილებადაა წარმოდგენილი, რომელიც თითქოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადო - თანაც, დანაშაულის მწარე შეგრძნება აკრძალული ხილის სიტკბოს უფრო აფერადებს. ადამიანები უკანონო კონტაქტების უარყოფით ეფექტებს იმ იმედით არ უღრმავდებიან, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება. თუმცა საბოლოოდ ღალატს ყოველთვის კატასტროფული შედეგი მოაქვს.
სტატისტიკურად, მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ვიდრე ქალები – მამაკაცებს. შესაძლოა, ბევრი არ დაფიქრებულა, ამ შეცდომას რა შედეგები მოჰყვება:
9. მოღალატე ადამიანს მატყუარას ოფიციალური წოდება მიენიჭება. უსინდისო მოღალატის ამპლუაში ყოფნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, არადა, ღალატის პროცესი, თავის მხრივ, მუდმივად ტყუილების შეთხზვას გულისხმობს. ყველაფერი უცოდველი ნახევრად სიმართლით იწყება - „დღეს სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მომიწევს“, თუმცა მალე ტყუილების ტალღა ელვისებური სისწრაფით აგორდება და საოცრად დახვეწილ სიცრუეში გადაიზრდება.
8. ყველაფერი დამალული როდისმე აუცილებლად ირკვევა. შეიძლება ეს დღეს და ხვალ არ მოხდეს, თუმცა შენი ღალატის შესახებ თავის დროზე უეჭველად შეიტყობენ. შემდეგ ხალხი ამ თემის გარჩევას დაიწყებს და შენი რომანის ინტიმური დეტალები უამრავი უსაქმურის დიალოგებში იქნება განხილული. ჩინური ანდაზა გვეუბნება: თუ გსურს, შენ შესახებ რაღაც არავინ გაიგოს, ის „რაღაც“ არ გააკეთოო.
7. ყველა იმედგაცრუებული დარჩება: შენი პარტნიორი, მეგობრები, კოლეგები, მშობლები, შვილები, შენ თვითონაც. თანაც გარშემომყოფების იმედგაცრუება ძალიან დიდხანს იჩენს თავს.
6. ავტორიტეტს დაკარგავ. ძალიან რთულია, სხვებზე გავლენა მოახდინო, განსაკუთრებით კი - საკუთარ შვილებზე, თუ მათ იციან, რომ სათნოების განსახიერება სულაც არ ხარ. შენი მხრიდან გაკეთებულ ნებისმიერ მორალურ შეფასებას ირონიით უპასუხებენ. რაღა თქმა უნდა, იმას არ ვამბობთ, რომ ცხოვრების გაგრძელება მიწისქვეშეთში მოგიწევს, თუმცა შენს აზრს გარშემომყოფები ნაკლებად გაითვალისწინებენ.
5. პარტნიორისა და შვილების ნდობას დაკარგავ. ღალატით უპირველესად პარტნიორის თვითშეფასებას ანადგურებ - წარმოიდგინე, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც ერთ დროს დაჰპირდი, მთელი ცხოვრება მეყვარებიო. თანაც, შენი ღალატით განცდილი ტკივილი ყოველი ახალი ურთიერთობის დასაწყისში თავს შეახსენებს, თუ, რაღა თქმა უნდა, ახალი ურთიერთობის სურვილი შემორჩება. ბავშვებიც შოკირებული იქნებიან — მათი სიყვარულისა და ქორწინებისადმი მიდგომა საგრძნობლად გაუფასურდება. შვილისთვის მშობლების ორმხრივი სიყვარული ფსიქოლოგიური კომფორტის საფუძველია, შენ კი მას უბრალოდ ძირს უთხრი.
4. აუცილებლად დაიტანჯები და წარსულში დაბრუნებას ინატრებ: ღობის მიღმა ბალახი უფრო მწვანე ჩანს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა - ახლოდან ის არცთუ ისეთი მწვანეა, როგორიც გგონია. ამას მხოლოდ მაშინ გააცნობიერებ, ღალატში რომ გამოგიჭერენ და განქორწინების პერსპექტივა გამოიკვეთება. მაშინ ბალახს უკვე სხვა თვალით შეხედავ, თუმცა იმ დროისთვის გადამწვარი და პიკნიკის მოსაწყობად გამოუსადეგარი იქნება. ამიტომ, მწვანე ბალახით დატკბობის საუკეთესო გზა საკუთარი გაზონის მორწყვაა!
3. ცხოვრებას ეჭვის თვალით შეხედავ. ახალი ურთიერთობების დაწყება თავადაც გაგიჭირდება. ყველაზე საეჭვო ხომ მატყუარა ადამიანები არიან. თანაც, როგორც წესი, ყოფილი საყვარლების მიერ შექმნილი ოჯახები საკმაოდ მალე ინგრევა - რამდენადაც მათი რომანი ტყუილით დაიწყო, ორივემ გადასარევად იცის, რომ მისი პარტნიორი გაწვრთნილი მატყუარაა და, შესაბამისად, მის ყველა ქმედებას ეჭვის თვალით უყურებს.
2. ცხოვრების პირობებიც რთულდება. სავარაუდოდ, მალე ახალი ბინის მოძებნა მოგიწევს. ასევე, პარტნიორთან თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება ორად უნდა გაყო, ყოველთვიურად ალიმენტი იხადო, სასამართლო პროცესის შედეგად კი, შესაძლოა, ბიზნესის წილი დაკარგო. უკეთეს ვარიანტში, მოტყუებული პარტნიორი უბრალოდ შენზე ზრუნვას შეეშვება.
1. შეიძლება დეპრესიამაც კი შემოგიტიოს. მოღალატე პარტნიორების უმეტესობა, ადრე თუ გვიან, საკუთარ საქციელს ნანობს. ცხადია, ამის გაცნობიერება მეყსეულად არ ხდება, თუმცა როდესაც რეალურ დანაკარგს აღმოაჩენ, მიხვდები, რამდენიმეწუთიანი სიამოვნების გულისთვის ყველაფერი დაგიკარგავს…
თემები: ღალატი, რა ხდება როდესაც პარტნიორი ღალატობ, მოღალატე პარტნიორი, სიყვარული და ურთიერთობები
წყარო: <a href="http://www.psychologies.ru/couple/krizis-otnoshenij/izmena-kak-luchshiy-sposob-razrushit-sebe-jizn/">PSYCHOLOGIES</a>