LIFE

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

ფსიქიატრები „ორლესულ მახვილებს“ უწოდებენ სოციალური მედიის პლატფორმებს - ფეისბუკს, ინსთაგრამს, სნეპჩატს და ტვიტერს. მათ, ერთი მხრივ, საზოგადოება უფრო დემოკრატიული და თავისუფალი გახადეს, მეორე მხრივ კი - ბნელი მხარეებიც გამოავლინეს.

სპეციალისტების დასკვნების თანახმად, სოციალური მედიის მეშვეობით ბევრი ახალგაზრდა გახდა სექსუალური ან სხვა ტიპის ზეწოლის მსხვერპლი ან ამ პლატფორმებზე დამოკიდებული, რის გამოც, საბოლოოდ, მათ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ.

ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ სოციალური მედიის გადაჭარბებული მოხმარება სერიოზულად მოქმედებს მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქოლოგიაზე. ამიტომაც უფრო დამაჯერებელია პროფესიონალების აზრი თანამედროვე ინტერნეტსაფრთხეებსა და სოციალური მედიის საშიშროებაზე. ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ინდოელი პროფესორები გვიამბობენ საინტერესო შემთხვევებზე თავიანთი პრაქტიკიდან:

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

ფსიქიატრიის პროფესორ სანდიპ ვოჰრას განცხადებით, მისი ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ყოველკვირეულად 80-100 შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც პაციენტები სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების გამო დეპრესიასა და აღგზნებას უჩივიან; ზოგჯერ კი შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობაც აღენიშნებათ. ვოჰრა ისეთ შემთხვევებსაც ასახელებს, როდესაც სოციალური მედიის მიერ წარმოქმნილმა პრობლემებმა ადამიანების ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ახალგაზრდებმა უფრო მეტად დაიწყეს საკუთარ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება - მუდმივად რაღაცის დამტკიცებისა და საზოგადოების მიერ მხარდაჭერის სურვილი უჩნდებოდათ, რაც მათ თვითშეფასებაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე სერიოზულ გავლენას ახდენდა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი რომა კუმარი გვაფრთხილებს, რომ სოციალური მედიის გადაჭარბებული მოხმარებით, განსაკუთრებით ახალგაზრდები „სხვებს უფლებას აძლევენ, თავიანთი ცხოვრება აკონტროლონ“.

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

პროფესორმა კუმარმა ცნობილი ადამიანების მიერ დამკვიდრებული კულტურის შედეგებზეც ისაუბრა: „როგორც წესი, ვარსკვლავები საკუთარ ფოტოებს და სტატუსებს სოციალური მედიით 24X7 რეჟიმში აზიარებენ. ახალგაზრდები მათი გავლენის ქვეშ იმდენად ძლიერად ექცევიან, რომ, როდესაც ფოტოს თავად გააზიარებენ და მეგობრების მხრიდან ბევრი მოწონება ან „რეაქცია“ არ მოჰყვება, ძალიან განიცდიან. ასევე, ახალგაზრდების უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ მედიას გადაჭარბებულ დროს უთმობს - გვიანობამდე არ იძინებს, რეალურ ცხოვრებაში კი რეალურ ურთიერთობებს ერიდებიან. ეს საშიში ტენდენციაა და უმრავლესობამ არც კი იცის, რომ შეცვლილ ფსიქოლოგიურ ქცევას ავლენს.

ზოგადად, უამრავი მოზარდი მომმართავს, რომლებსაც სუიციდისკენ მიდრეკილება აქვთ. როდესაც მათ ისტორიებს დეტალურად ვიკვლევ, ხშირად, ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდები - სოციალურ მედიაში სექსუალური ზეწოლის ან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. სამწუხაროდ, ბოლო დროს ე.წ. „კულტურა“ დამკვიდრდა - ადამიანები ერთმანეთს შეურაცხმყოფელ თემებზე ნიშნავენ, ბევრი მათგანი „ტროლინგის“ მსხვერპლია. ცხადია, სოციალურ მედიას ბევრი დადებითი მხარეც აქვს - სულ ცოტა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანებს აკავშირებს. თუმცა მისი გადაჭარბებული მოხმარება სერიოზულ პრობლემებს იწვევს!“

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

პროფესორი ვოჰრა: „სოციალური მედია ხშირად ურთიერთობის დამანგრეველიც ხდება ხოლმე: 17 წლის გოგონამ თავისი პრობლემის შესახებ მიამბო: მასზე ყოფილმა შეყვარებულმა ფეისბუკის მეშვეობით ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია,მუდმივად აკონტორლებდა მის ყველა ნაბიჯს.ამ ფაქტს მუდმივი ხასიათი მიეცა და საბოლოოდ გოგონას ოჯახი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართათ. ასევე, 21 წლის პაციენტი მყავდა, რომელსაც სოციალური მედიის ხშირი მოხმარების ფონზე, სხეულის ნაკლით გამოწვეული ფსიქიური აშლილობა დაემართა - გოგონა იჩემებდა, რომ ძალიან დიდი ცხვირი ჰქონდა და საბოლოოდ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა მისი ცხვირი მშვენივრად გამოიყურებოდა. სოციალური მედიის ფოტოებით „დაბომბვა“, თანატოლების მიერ ერთმანეთზე განხორციელებული ზეწოლა და „სელფების კულტურა“ ერთგვარ ნარცისისტულ ქცევას აყალიბებს, რომელიც სულ ერთი ნაბიჯითაა დაშორებული ფსიქიკურ აშლილობას. 

სოციალური მედიის რეალური საფრთხეები

სოციალური მედია ახალგაზრდებისთვის ე.წ. კათარზისადაც იქცა: ღია და თავისუფალი ფორუმები საშუალებას იძლევა, ადამიანებმა აგრესია ან ბრაზი გადმოანთხიონ. ბევრი თვითმკვლელი სუიციდის ჩადენამდე სტატუსსაც კი აქვეყნებს. მოკლედ, სოციალურ მედიას, როგორც მოვლენას, ბევრი დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი აქვს, ამიტომაც მოგიწოდებთ, ის გონივრულად მოიხმაროთ.“

პროფესორი რაჯეშ საგარი აცხადებს: „ეჭვგარეშეა, რომ სოციალური მედია ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს. თუმცა ეს ნებისმიერი რამის გადამეტებულ მოხმარებას ეხება და ცხადია, ტექნოლოგიური განვითარების პროცესს ვერ გავემიჯნებით. თუმცა მან რეალური ცხოვრება „ჩაყლაპა“ - ბავშვებმა სათამაშო მოედნებიდან ინტერნეტში „გადაინაცვლეს“. უბრალოდ, საჭიროა, სკოლის მოსწავლეებს საკმარისი ცოდნა მიეწოდებოდეთ, რომ სოციალური მედია გონივრული დოზებით მოიხმარონ და დაცული იყვნენ მისგან წამოსული საფრთხეებისგან...“



წყარო:&nbsp;<a href="http://www.thestatesman.com/news/science-and-tech/social-media-affecting-mental-well-being-of-youth/169896.html">thestatesman</a>