მშობლები

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა

ერთ დღეს, შეიძლება, ყველაზე კარგი სკოლაც კი მობეზრდეს შენს შვილს, ყველაზე კარგმა მასწავლებელმაც კი ვერ გაამართლოს მისი მოლოდინი, აღარაფერს ვამბობ „საშუალო სტატისტიკურ“ სკოლასა და პედაგოგზე. საინტერესოა, არის თუ არა ყოველთვის „დამნაშავე“ სკოლა, მასწავლებელი ან სულაც ჩვენი შვილი? სკოლა ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მას სტრესისა და ტანჯვის გარეშე გაიაროს ეს პერიოდი. მოდი, გავარკვიოთ, როდის და რატომ აღარ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს!

მიზეზი #1: „სწავლა ძალიან ძნელია“


როდესაც ბავშვი გეუბნება, რომ სწავლა ძალიან რთულია, დაელაპარაკე და შეეცადე გაარკვიო, კონკრეტულად რისი კეთება უჭირს - რომელიმე საგანს ვერ იგებს თუ მის მოტივაციაზე სკოლის მკაცრი დისციპლინა მოქმედებს. ნუ დაიზარებ და სასწავლო პროგრამასაც გადახედე - ადვილი შესაძლებელია, ზოგიერთ საგანში დახმარება თავადაც შეძლო. თუ საქმე უფრო რთულადაა, რეპეტიტორის დაქირავება მოგიწევს.

თუ ბავშვი შედარებით პატარაა, შეიძლება კონკრეტულად ვერ აგიხსნას, პრობლემას რა უქმნის. ამ შემთხვევაში უმჯობესია, ერთ დღეს სკოლაში მიხვიდე და პედაგოგს დაელაპარაკო. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვს უნდა აუხსნა, რომ სირთულეების გადალახვა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და „გაზრდას“ ნიშნავს. ურჩიე, ძალიან დიდი საშინაო დავალება რამდენიმე ნაწილად გაყოს და ისე მოამზადოს.

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა

მიზეზი #2: „მასწავლებელი არ მომწონს“


თუ ბავშვმა შემოგჩივლა, რომ მასწავლებელი არ მოსწონს, შეეცადე მიზეზი გაარკვიო. გაიგე, ანტიპათია დიდი მოცულობის საშინაო დავალებით თუ ბავშვებთან ურთიერთობის სტილითაა გამოწვეული. თუ აღმოაჩენ, რომ მიზეზი ბევრი საშინაო დავალებაა, ბავშვი დაარწმუნე, რომ ეს განათლების აუცილებელი კომპონენტია და მასწავლებლის ბრალი სულაც არ არის.

თუმცა, თუ პრობლემა პიროვნული ხასიათისაა - შვილი გეუბნება, რომ პედაგოგმა დაამცირა ან მასზე იძალადა, სასურველია თავად პედაგოგს ან სკოლის ადმინისტრატორს მიმართო. შეხვდი მასწავლებელს და ჰკითხე, შენს შვილზე რა აზრისაა; ჰკითხე, სხვა მშობლებსაც რას ფიქრობენ, მათი შვილები ამ კონკრეტულ პედაგოგზე; გაარკვიე, კონკრეტულად რა გახდა ბავშვისა და პედაგოგის დაპირისპირების მიზეზი - ამ გზით სიტუაციის ერთიანი სურათის დანახვას შეძლებ და შესაბამისად, პრობლემის მოგვარებასაც მოახერხებ.

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა

მიზეზი #3: „სწავლა მოსაწყენია“


სწავლის პროცესი, როგორც წესი, ყველა ბავშვისთვის დამღლელი და მოსაწყენია. შეამოწმე, დაბალანსებული აქვს თუ არა შენს შვილს სწავლის პროცესი და პირადი ცხოვრება: თუ მთელ დროს მხოლოდ აკადემიურ წინსვლას უთმობს და საკუთარი ჰობისთვის და გართობისთვის დრო არ რჩება, დროის გადანაწილების უკეთესი მეთოდები უნდა შესთავაზო. აუხსენი, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი ინტერესები, მეგობრებთან ურთიერთობა და გართობა.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღმოაჩენ, რომ მისი მოწყენილობა რამე განსაკუთრებული მიზეზით არ არის გამოწვეული, სცადე ყურადღება საინტერესო ამბებზე გაამახვილებინო, რომლებიც დღის განმავლობაში მოხდა ან სკოლაში ისწავლა. ამ გზით დაეხმარები, სკოლის შესახებ პოზიტიური და ამავდროულად რეალისტური განწყობა შეექმნას. თუმცა ხშირად მოწყენილობის მიზეზი ისიცაა, რომ ბავშვი საკმაოდ ნიჭიერია და სასკოლო პროგრამა ზედმეტად იოლი ეჩვენება. ამ დროს სასურველია დამატებით წრეებზე მიიყვანო, რომელიმე ახალი ენის შესწავლა ურჩიო, ან თუ ამის საშუალება არ გაქვს, საინტერესო გამოწვევები თავად შესთავაზო, მაგალითად, სახალისო სამეცნიერო ლიტერატურა წააკითხო.

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა

მიზეზი #4: „დილას ადრე ადგომა მიჭირს“


თუ ბავშვის გაღვიძება ყოველ დილით გიჭირს, მის დღის რეჟიმს გადახედე: საკმარისად ეძინა ღამე? ან - დროულად დგება იმისათვის, რომ წასასვლელად მომზადება მშვიდად, სიჩქარის და ნერვიულობის გარეშე მოასწროს? ნორმალურად ჭამს სკოლაში წასვლამდე? დაღლილობა, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული - როგორც არასაკმარისი ძილით, ასევე არასწორი კვებითაც. ამიტომ ბავშვი არავითარ შემთვევაში არ გაუშვა სკოლაში მშიერი!

დაეხმარე, ყოველდღიური რუტინა მოაწესრიგოს, რომ ყველაფერი მშვიდად მოასწროს. ურჩიე, ჩანთა წინა ღამით ჩაალაგოს, დილით კი ისეთ დროს გააღვიძე, რომ სრულყოფილად ჭამა მოასწროს. ადრე გაღვიძებისთვის კარგი მოტივატორი იქნება, დილისთვის თუ რამე უმნიშვნელო დავალებას მისცემ, მაგალითად, სთხოვე, ძაღლს/კატას ან სხვა შინაურ ცხოველს (თუ, რა თქმა უნდა, გყავს) საჭმელი დაუდოს ან ყვავილს წყალი დაუსხას.

საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კონკრეტული მიზეზი აღმოაჩინო, რის გამოც ბავშვს სკოლა არ მოსწონს. ასევე, აქტიურად ეკონტაქტე სკოლის ადმინისტრატორსა და პედაგოგებს, შვილის ქცევის ან პრობლემების შესახებ მეტი ინფორმაცია რომ მოიპოვო.

4 მიზეზი, რის გამოც ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა



წყარო:&nbsp;<a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2Fq4F8XO-4-complaints-kids-have-about-school-and/f-454dd5a4cf%2Fparents.com">flipboard.com</a>