„ვიაგრა“ უკვე 18 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მოახერხა, მთელი მსოფლიოს მამაკაცების განუყრელი მეგობარი გამხდარიყო. ის ფარმაცევტულ ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და მალე საყოველთაო ხუმრობის საგანი გახდა. დღესდღეობით ერექციული დისფუნქციისთვის განკუთვნილი პრეპარატის გაყიდვები მთელ მსოფლიოში 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, რაც დაგვეთანხმებით, სასასცილო სულაც არაა. გადავწყვიტეთ, „ლურჯი აბის“ წარმატების ისტორია გაგიმხილოთ და მის შესახებ რამდენიმე ფაქტიც გაგაცნოთ:
6. დღეს „ვიაგრა“ ყველა სამედიცინო კაბინეტში მოიძებნება: მას შემდეგ, 1998-ში ერექციული დისფუნქციის პრობლემის დასაძლევად „ლურჯი აბი“ გამოუშვეს, ირკვევა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონ მამაკაცს ის ერთხელ მაინც გაუსინჯავს.
5. „ვიაგრას“ ზედმეტი დოზის ეფექტები დღესაც აქტუალურია: პრეპარატის მოხმარება მამაკაცებს ზოგჯერ 18 წლის ბიჭების მსგავსად, უხერხულ მდგომარეობაშიც აყენებს — ერექცია ნორმაზე მეტხანს გრძელდება. ამიტომაც მისი მწარმოებლები მომხმარებლებს მუდმივად ახსენებენ, რომ ის მხოლოდ ერექციული დისფუნქციისთვისაა განკუთვნილი და არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
4. „ვიაგრა“ განსაკუთრებით იტალიელ მაჩოებს უყვართ: იტალიაში ყოველ ერთ წუთში 12 ტაბლეტი „ვია გრა“ იყიდება, რეგიონში გაყიდვების ჯამური მაჩვენებელი კი 86 მილიონს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-2 იტალიელი მამაკაცი „ვია გრას“ აქტიური მომხმარებელია.
ეს მონაცამები ვენეციაში, იტალიის უროლოგთა საზოგადოების ეროვნულ კონგრესზე გამოაქვეყნეს და „ვია გრას“ ბნელ მხარეებზეც ისაუბრეს: ერთი მხრივ, ერექციული დისფუნქციის შესახებ არსებულ სტიგმა დაამარცხა და პრობლემის შესახებ ყველა ღიად ალაპარაკდა, მეორე მხრივ კი მისმა მოხმარებამ ძალადობის და არალეგალური გაყიდვების შემთხვევებიც გაზარდა.
მამაკაცებს კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ „ვიაგრა“ აფროდოზიაკი არ არის, ის ფარმაკოლოგიური თერაპიაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა დაგინიშნოს!
3. „ვიაგრა“ მსოფლიო ფარმაცევტიკის შავ ბაზარზე ყველაზე ხშირად გაყალბებული პრეპარატია: ამ თემაზე „ვიაგრას“ მწარმოებელი კომპანია Pfizer-იც ალაპარაკდა და ვებ-გვერდზე მომხმარებლებისთვის სპეციალური ინსტრუქციაც გამოაქვეყნა, რომელიც ყალბი პრეპარატის ამომცნობ ნიშნებს მოიცავს.
ფაქტია, ერექციული დისფუნქციისთვის განკუთვნილი ყალბი პრეპარატების მოხმარება როგორც პაციენტებს, ასევე — „ვიაგრას“ მწარმოებლებს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ალბათ, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი პრეპარატის გაიაფება იქნებოდა და მწარმოებლებმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს — 2017 წლიდან ბაზარზე „ვია გრას“ გენერიკები გამოჩნდება.
2. „ვიაგრამ“ რევოლუციური მარკეტინგული სტრატეგია აირჩია: პრეპარატის მწარმოებელმა — Pfizer-მა გადაწყვიტა, პროდუქტი პირდაპირ პაციენტებისთვის შეეთავაზებინა, რადგანაც მამაკაცების უმეტესობას ექიმთან ერექციულ დისფუნქციაზე საუბარი ერიდებოდა. კამპანიის მიზანი ასეთი იყო — „ვია გრას“ რეკლამა ახალი ამბების საღამოს გამოშვებაში დატრიალდებოდა, შემდეგად —მამაკაცები თავად მიმართავდნენ ექიმებს, მათთვის პრეპარატი გამოეწერათ.
Pfizer-ის მოლოდინი გამართლდა და „ვია გრას“ 1998 წლის სარეკლამო კამპანიაში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბობ დოულიც კი გამოჩნდა. დოულს მაშინ სულ ახალი დამარცხებული ჰქონდა პროსტატის სიმსივნე. ის მომხმარებლებს მესიჯით მიმართავდა: „გვერიდება, ერექციული დისფუნქციის შესახებ ღიად ვისაუბროთ, მაგრამ გახსოვდეთ — ეს ძალიან აქტუალური საკითხია მილიონობით მამაკაცისთვის და მათი პარტნიორებისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ თემაზე საუბარი დავიწყო!“
1. ვიაგრამ ცხოვრების წესად ქცეულ პრობლემას სამედიცინო სტატუსი მიანიჭა: ადრე მამაკაცები ერექციულ დისფუნქციას უბრალოდ „ეგუებოდნენ“ და მიაჩნდათ, რომ წლების მატებასთან ერთად, ეს პროცესი გარდაუვალი იყო. „ლურჯმა აბმა“ მათი სქესობრივი ცხოვრება უფრო ხანგრძლივი და სტაბილური გახადა.
თემები: ვია გრა, ერექციული დისფუნქციის გადაწყვეტილება, 6 ფაქტი ვია გრას შესახებ
წყარო: <a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FEyopz9-the-6-things-you-probably-dont-know-abo/f-1ae0a81e00%2Fhuffingtonpost.com">The Huffington Post</a>