რა უნდა გააკეთოთ როცა თავს უბედურად გრძნობთ? - უნიკალური რჩევა ფსიქოლოგებისგან
- 12.09.2017
როცა თავს უბედურად გრძნობ, ნამდვილად არაა სასიამოვნო შეგრძნება. ბუნებრივია, უმეტეს ჩვენგანს, ასეთ მომენტში სურს, რომ მოიშოროს ნეგატიური ფიქრები და პოზიტივით აივსოს. ცდილობს გაექცეს იმ ფაქტებსა, თუ მოვლენებს, რაც მასში უბედურების განცდას იწვევს. ფსიქოლოგების თქმით, ეს არასწორი მიდგომაა.
ავტორი წიგნისა - Solve for Happy, მო გოუდათი, გვირჩევს, რომ ნაცვლად ნეგატიური ფიქრების მოშორების მცდელობისა, უმჯობესია, თვალი გავუსწოროთ ჩვენს უარყოფით ემოციებს და ვიპოვოთ მიზეზი, რომელიც მათ წარმოშობს.
„როცა იცით რა იწვევს უბედურების განცდას, შეხედეთ მას პირდაპირ“, - ამბობს გოუდათი.
დავუშვათ, გაწუხებთ ტკივილი მუცლის არეში. იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, რა უბედური ხართ ამის გამო, არამედ იმაზე, თუ რა იწვევს ტკივილის განცდას. იცით, რომ მუცელი გტკივათ, სწორედ ამ პრობლემას უნდა მიხედოთ.
უბედურების განცდასთან დაკავშირებული ბოლო კვლევა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოქვეყნდა და კვლევის თანახმად - ბედნიერების გასაღები არის უნარი, რომ ხანდახან თავს არასრულყოფილად გრძნობდეთ, ხანდახან რაღაც გაწუხებდეთ და დაინახოთ მიზეზი, რომელიც ბედნიერებას გართმევთ.
კვლევაში ჩართული იყო 2 300 ამერიკელი, ბრაზილიელი და ჩინელი სტუდენტი. მათ ეკითხებოდნენ იმ ემოციების შესახებ, რომლებიც უჩნდებოდათ უმედგაცრუების დროს, იმ დროს, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობდნენ.
აღმოჩნდა, რომ სტუდენტები, რომლებიც ავლენდნენ ყველანაირ ემოციებს, მათ შორის ნეგატიურს, იყვნენ ცხოვრებისადმი კმაყოფილები და ჰქონდათ დეპრესიის ნაკლები სიმპტომები.
კვლევის ავტორი, ფსიქოლოგი მაია ტამირი წერს, რომ იყო ბედნიერი და მხიარული ყოველთვის, არარეალისტურია. „ამასთანავე, მუდამ ცუდ ხასიათზე ყოფნა, შფოთვა და სიბრაზეც არარეალისტურია.თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის ემოციები, რომლებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, ისინი სასიამოვნოა თუ არა, თუ გვაქვს უნარი გამოვხატოთ ყველანაირი ემოცია, ჩვენ უფრო მეტად ბედნიერები ვიქნებით და კმაყოფილების გრძნობა გვექნება ცხოვრებისადმი“ , - წერს ფსიქოლოგი.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა იგრძნობთ რომ ბედნიერი არ ხართ, როცა ცუდი განცდა დაგეუფლებათ, სცადეთ პირისპირ შეხვდეთ უარყოფით ემოციებს, თვალი გაუსწორეთ იმ პრობლემებს, რომლებიც გაწუხებთ და ამის შემდეგ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ პრობლემა და უბედურების განცდა გადალახოთ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="http://www.huffingtonpost.com">http://www.huffingtonpost.com</a>