სუნამო Miss Dior-ის კონცეფცია სიყვარულია და მისი სარეკლამო რგოლებიც ნატალი პორტმანის პერსონაჟის სასიყვარულო ამბებს გვიყვება. 2017 წელს პარფიუმერ ფრანსუა დემაშის Miss Dior Eau De Parfum-ის განახლებული ვერსიის აღსანიშნავად Dior–მა სასიყვარულო კამპანია წამოიწყო და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიო გამოიწვია. ბრენდი პარფიუმერული სიახლით ამჯერად განაცხადის ნაცვლად კითხვას გვისვამს: „და შენ, რას გააკეთებდი სიყვარულისთვის?“
ყველას, ვინც მზადაა, Dior-ის გამოწვევა მიიღოს, ბრენდი საინტერესო დავალებას აძლევს: საჭიროა, გადაიღო მარტივი ვიდეო თემაზე რას გააკეთებდი სიყვარულისთვის და სოციალურ ქსელში ჰაშთაგით #diorlovechain ატვირთო. რა იცი, იქნებ შენ აღმოჩნდე გამარჯვებული?
Miss Dior–ის პირველი სუნამო 1947 წლის 12 თებერვალს, კრისტიან დიორის პირველი ჩვენების დროს წარადგინეს. ცხადია, დღეს, 70 წლის შემდეგ შექმნილი ვერსია იმ არომატთან შედარებით მეტად თანამედროვე ნოტებით განსხვავდება, თუმცა აქტუალობას დღემდე არც კლასიკა კარგავს: მისი მიპკურება კოსტიუმირებულ წვეულებაზე, კარნავალზე ან ოპერაში შეგიძლია. რაც შეეხება Miss Dior-ის ახლანდელ ვარიანტს, თავისი ყვავილოვანი და ამავდროულად მწარე აქცენტების დამსახურებით ყველა სიტუაციისთვის იდეალური არჩევანია. და რაც მთავარია, Miss Dior-ის ყველა ვერსიას საერთო თემა — სიყვარული აერთიანებს.
პარფიუმერი ფრანსუა დემაში სუნამოს დახასიათებისას აცხადებს: „Miss Dior-ისთვის მე სკულპტორის მსგავსად ვქმნიდი ყვავილოვანი სურნელის ყველა მხარეს, გამოვკვეთდი ვარდის მგრძნობიარე ნოტის ძალას. გადავახალისე და შევქმენი მეტად დახვეწილი ყვავილოვანი კომპოზიცია, შევავსე გრძნობით, მიმზიდველი და გამომწვევი ხასიათით. ეს არის აფეთქება... დეკლარაცია სიყვარულის შესახებ!“ — მართლაც, როგორც სარეკლამო კლიპიდანაც ჩანს, 2017 წლის Miss Dior-ი ძლიერი, მგრძნობიარე, მეამბოხე შეყვარებული ქალის შესახებ მოგვითხრობს.
Miss Dior-ის არომატის ძირითადი აკორდებია: ციტრუსი, ვარდი, წიწაკა, მოტკბო, ხის და პაჩულის ნოტები.
თემები: Miss Dior, Miss Dior 2017, diorlovechain, and you? what would you do for love?, love, Natalie Portman