მშობლები

უშლის თუ არა ხელს განაყოფიერებას ალკოჰოლი ან კოფეინი?

უშლის თუ არა ხელს განაყოფიერებას ალკოჰოლი ან კოფეინი?

თუ ბავშვის გაჩენას გეგმავ, სასურველია, შენც და შენი პარტნიორიც ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ: კვება და განაყოფიერება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღება მამაკაცის სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს, თუმცა ექსპერტები არ არიან დარწმუნებული, მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ქალის განაყოფიერების ხარისხზე. რაც შეეხება უშუალოდ ნაყოფს, ცხადია, ალკოჰოლის მიღება მას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე). ასე რომ, თუ ბავშვის გაჩენას გეგმავ, ალკოჰოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტო.

რა ხდება მაშინ, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებული ხარ და ორსულობის პერიოდში მის გარეშე არ შეგიძლია?

გახსოვდეს, რაც უფრო მეტს სვამ, მით უფრო დიდ საფრთხეს უქმნი ნაყოფის განვითარებას. ამიტომაც, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2 ჭიქა უნდა მიიღო, არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ, ჭიქის ზომა კი 25 მილილიტრით უნდა განისაზღვრებოდეს. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ჭიქის მოცულობასთან ერთად, სასმელის გრადუსიანობასაც გააჩნია. თუ ალკოჰოლის დოზის შემცირებას ვერ ახერხებ, რჩევისთვის აუცილებლად ექიმს მიმართე.

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას განაყოფიერებას კოფეინმა?

მკაფიო მტკიცებულება იმის შესახებ, იწვევს თუ არა კოფეინი ბუნებრივი განაყოფიერების პრობლემებს, არ არსებობს, თუმცა ინ ვიტრო განაყოფიერების მსურველებისთვის მისი მიღება ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია. ამასთანავე, ორსულებს კოფეინის დოზის შემცირებას ურჩევენ ხოლმე. ამიტომაც, თუ ბავშვის გაჩენას გეგმავ, სასურველია, ყავას და კოფეინის შემცველ სხვა ნივთიერებებს დაფეხმძიმებამდე გადაეჩვიო.

სად გადის კოფეინის მაქსიმალური ზღვარი?

200 მილიგრამი კოფეინი ექვივალენტურია:

  • ხსნადი ყავის 2 კათხასთან (100 მილიგრამი თითო კათხასთან)
  • ფილტრის ყავის 2 ჭიქასთან (100 მილიგრამი თითო ჭიქასთან)
  • ჩაის 4 ჭიქასთან (50 მილიგრამი თითო ჭიქასთან)
  • კოლას 5 ქილასთან (40 მილიგრამი თითო ქილასთან)
  • 50-გრამიანი სუფთა შოკოლადის 4 ფილასთან (50 მილიგრამამდე თითო ფილასთან), თუმცა, რძიანი შოკოლადი ნაკლებ კოფეინს შეიცავს — 1 ფილა დაახლოებით 25 მილიგრამს
  • მწვანე ჩაის 10 ჭიქასთან (20 მილიგრამი თითო ჭიქასთან)

რაც შეეხება კოფეინის შემცველობას ესპრესოს და მის ბაზაზე დამზადებულ ყავებში — კაპუჩინოებსა და ლატეებში, ეს, თავიდან ბოლომდე ყავის აპარატზეა დამოკიდებული. კვლევებმა ცხადყო, რომ ასეთ ყავებში კოფეინის დონე 50-იდან 300 მილიგრამამდე მერყეობს.

გახსოვდეს, კოფეინს გაციების და გრიპის სამკურნალო საშუალებებიც შეიცავს, ამიტომ, მათ შეძენმადე შემადგენლობას გაეცანი და შენ ექიმთან გადაამოწმე, სასურველია თუ არა ამა თუ იმ პრეპარატის ორსულობისას მიღება.



წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a3558/fertility-diet-for-women">babycentre</a>