LIFE

სასკოლო სისტემა - საზოგადოების სარკე

სასკოლო სისტემა - საზოგადოების სარკე

სკოლა... სკოლიდან ცეკვაზე... ცეკვიდან ინგლისურზე... ინგლისურიდან მათემატიკაზე... მათემატიკიდან მუსიკაზე... ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი შვილების წარმატებული მომავალი უზრუნველვყოთ...

ძირითადად, მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი შვილების წარმატებაა. ამიტომაც გამუდმებით ვცდილობთ, რომ მივცეთ მათ საუკეთესო განათლება, ხელი შევუწყოთ მათ მრავალმხრივ განვითარებას, განუვითაროთ შემოქმედებითი და ფიზიკური უნარები. ამის შედეგად კი ჩვენი შვილები ხშირად ჩვენზე დაკავებულები არიან.

თუმცა, როგორც გაირკვა, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულ ბავშვებად ითვლებიან ისინი, რომლებსაც სკოლაში ნაკლები დატვირთვა აქვთ. ასეთები არიან ფინეთში მცხოვრები მოზარდები.

ისინი ნაკლებ დროს ატარებენ სკოლაში, ნაკლებ საშინაო დავალებას ასრულებენ და მაინც, მსოფლიოში საუკეთესო შედეგები სწორედ მათ აქვთ. რატომ ხდება ასე?

ეს კითხვა შეიძლება ბევრ მშობელს გაუჩნდეს. თუმცა, თუ შუაღამემდე მეცადინეობის გარეშე ფინელი მოსწავლეები წარმატებულები და ჭკვიანები არიან, მშობლები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია არა საშინაო დავალების რაოდენობა, არამედ ღირებულება.

სასკოლო სისტემა - საზოგადოების სარკე

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია (OECD) წერს: „ფაქტია ის, რომ ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს სწავლების საათები გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე OECD-ის წევრ ყველა სხვა ქვეყანაში“ (მისი წევრია საქართველოც).

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთში საზაფხულო არდადეგებიც საკმაოდ ხანგრძლივია. სანამ ბრიტანეთსა და უელსში მოსწავლეები წვალებით დადიან სკოლაში შუა ივლისამდე, ფინეთში არდადეგები 6 კვირით ადრე იწყება. საერთო ჯამში კი მოსწავლეების საზაფხულო დასვენება 10-11 კვირას შეადგენს.

მთლიანი სურათის დასანახად კი იმასაც გეტყვით, რომ ფინეთში ბავშვები 7 წლიდან შედიან სკოლებში, სხვა ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში, გაცილებით ადრეულ ასაკშიც იწყებენ სწავლას.

საერთაშორისო ტესტების შედეგები აჩვენებს, რომ კითხვაში მე-6 ადგილს იკავებენ ფინელი მოსწავლეები, ხოლო ბრიტანელები - 23-ეს. მათემატიკაში ფინელ მოსწავლეებს მე-12 ადგილი აქვთ, ხოლო ბრიტანელებს - 26-ე.

რა ხდება? როგორ ახერხებენ ფინელი მოსწავლეები, რომ იწყებენ გვიან, მეცადინეობენ ნაკლებს და მაინც წარმატებულები არიან?

ფინეთი მომავალ წელს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დროს იგეგმება სასკოლო და საგანმანათლებლო გამოცდილებებისა და პროექტების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის.

ასობით საგანმანათლებლო პროექტისა და რეფორმის ავტორი, საკუ ტოუმინენი, მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ არ არის საჭირო, ბავშვებმა სკოლებში დიდი დრო დაყონ.

სასკოლო სისტემა - საზოგადოების სარკე

მისი თქმით, არსებობს „გლობალური" მიდგომა განათლების მიმართ, რასაც მშობლებმა უნდა მიმართონ - ეს არის მეგობრული მიდგომა.

საგანმანათლებლო საკითხებში BBC-ის ჟურნალისტმა შონ ქოლანმა 16 წლის ფინელ მოსწავლეს, ლუკას მილანჩიუსს ჰკითხა: „როგორ ხდება, რომ ფინეთში დღე მოკლეა, სკოლაში დიდი დატვირთვა არ გაქვთ, არც დავალებები გაქვთ ბევრი, თუმცა მიღწევების თვალსაზრისით, ფინეთი მაინც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა განათლების სფეროში?"

ლუკასის პასუხი ამ კითხვაზე იყო:

„ვერ ვხვდები, რატომ არ ხელმძღვანელობენ სხვა ქვეყნები ჩვენი საგანმანათლებლო სისტემით. ხშირად აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო სახლში, მქონდა ხანგრძლივი სასკოლო დღეები, რომელიც საბოლოოდ ისე მღლიდა, რომ სხვა აქტივობებისთვის დრო აღარ მრჩებოდა".

ბრიტანეთისა და საქართველოს სკოლებთან შედარებით, ფინეთში არ არსებობს რეპეტიტორთან ბავშვის მომზადების კულტურა.

„ძირითადი კონცეფცია ფინეთის სასკოლო სისტემაში არის „ნდობა" - აცხადებს ტუომინენი.

მშობლები ენდობიან სკოლებს სწორი გადაწყვეტილებისა და ხარისხიანი განათლების საკითხში, სკოლები კი ენდობიან მასწავლებლებს.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიად მიიჩნევა ფინეთში. მასწავლებლები პროფესიულად დამოუკიდებლები არიან.

„ბრიტანული სკოლები განსხვავებული ფილოსოფიის მატარებლები არიან, - ამბობს ტუომინენი. - მათ უამრავი ტესტირება, მიზანი და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება აქვთ“.

ჩნდება კითხვა: რა არის საზოგადოების სარკე? ახალი თაობა თუ სასკოლო სისტემა?

ფინეთის შემთხვევაში, საკუ ტუომინენის თქმით, სასკოლო სისტემა კულტურის განუყოფელი ნაწილია.

იგი აცხადებს, რომ როდესაც საზოგადოება შეკრული, სამართლიანი და ეფექტიანია, ეჭვგარეშეა, რომ სასკოლო სისტემაც თანხვდენაში იქნება მასთან.

სასკოლო სისტემა - საზოგადოების სარკე

OECD-ის განათლების მიმართულების დირექტორი ანდრეას შლიშერი ამბობს, რომ დამატებითი საათები პირდაპირ კავშირშია უკეთეს შედეგთან. „გაზარდეთ მეცნიერების სწავლების დრო ერთი საათით და გაუმჯობესებულ შედეგსაც ნახავთ, - ამბობს ის. - თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დავეწევით ფინეთს, ვინაიდან ამ ქვეყანას აქვს შესანიშნავი გამოცდილება ასწავლოს მეტი მოკლე დროში“.

მეცნიერებისა და მათემატიკის მიხედვით წამყვანი ქვეყნების სია (15 წლამდე ასაკის მოსწავლეებში):

  1. სინგაპური
  2. ჰონკონგი
  3. სამხრეთი კორეა
  4. იაპონია
  5. ტაივანი
  6. ფინეთი
  7. ესტონეთი
  8. შვეიცარია
  9. ჰოლანდია
  10. კანადა
  11. პოლონეთი
  12. ვიეტნამი



წყარო:&nbsp;<a href="http://www.bbc.com/news/education-37716005">www.bbc.com</a>