LIFE

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?

სოციალურ ქსელში ჩვენს ემოციებს, განწყობებს, განსაკუთრებულ და ყოველდღიურ აქტივობებს სელფის მეშვეობით ვუზიარებთ ერთმანეთს. სელფების რაოდენობამ და ადამიანების დამოკიდებულებამ ამ ტენდენციის მიმართ ის მოსაზრებებიც კი გააჩინა, რომ ძალიან მალე კარგ ფოტოს კარგი სელფი ჩაანაცვლებს. სელფები ყველას ყურადღებას იქცევს, ვხვდებით სტატიებსაც ყველაზე სკანდალური სელფების შესახებ. სელფებს ვაგზავნით კოსმოსიდანაც და არც მეტი, არც ნაკლები, მოხეტიალე რობოტის სელფებიც გვაქვს მარსიდან.

სელფი დღითიდღე იპყრობს სამყაროს, თუმცა მასზე დამოკიდებულება, როგორც აღმოჩნდა, სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება.

მიიჩნევენ, რომ სელფების გადაღების მზარდი ტენდენცია კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, რადგან ადამიანები შეპყრობილები გახდნენ თავიანთი გარეგნობით.

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?

ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის, დავიდ ვილის დაკვირვებით, „მას შემდეგ, რაც აკვიატებად იქცა სელფების გადაღება და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მათი განთავსება, საგრძნობლად გაიზარდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც წარმოსახვითი მენტალური დარღვევები აღენიშნებათ“.

„კოგნიტური ქცევის თერაპია პაციენტებს ეხმარება, იპოვონ თავიანთი აკვიატების მიზეზები და სწორედ ამ თერაპიის შედეგად სწავლობენ ისინი ბალანსის დაცვას“, – ამბობს დავის ვილი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.

ძალიან ბევრი თინეიჯერი სუიციდისკენ მიდრეკილიც ხდება, სელფების მზარდი ტენდენციის გამო. მაგალითად, ბრიტანელმა დენი ბოუმენმა თვითმკვლელობა სცადა, როცა მისი იდეალური სელფის გადაღების მცდელობა კრახით დასრულდა. ის დაახლოებით 10 საათს ხარჯავდა დღეში 200-მდე სელფის გადაღებაში. ის ექვსი თვის განმავლობაში არ გამოსულა სახლიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, კარგი სელფი გადაეღო. გაღვიძებისთანავე 10-მდე ფოტოს იღებდა, თუმცა ყოველ ჯერზე უკმაყოფილო იყო. ამიტომ გადაწყვიტა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, თუმცა, საბედნიეროდ, ის დედამ გადაარჩინა.

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?

„აკვიატებული მქონდა, რომ კარგი სელფი უნდა გადამეღო, ხოლო როცა ვაანალიზებდი, რომ არც ერთი მცდელობისას არ შემეძლო ისეთი ფოტო გადამეღო, როგორიც მსურდა, სიკვდილი მინდოდა. დავკარგე მეგობრები, განათლების შესაძლებლობა, ჯანმრთელობა და მთელი ცხოვრება“, – ყვება დენი ბოუმენი.

ბრიტანეთში დენი პირველია, ვინც სელფომანობა აღიარა და უკვე გაიარა კიდეც თერაპია ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების დასაძლევად.

მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა მისთვის გარკვეული დროით ტელეფონის გამორთმევას ითვალისწინებდა. დროის ინტერვალი ყოველდღიურად იზრდებოდა.

„დასაწყისში აუტანელი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ამისთვის უნდა გამეძლო, თუ ცხოვრების გაგრძელება მსურდა“, – განაცხადა დენი ბოუმენმა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება, როგორიცაა „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“, მიიჩნევა ფსიქიკურ დაავადებად, რომლისგან განკურნებასაც წელიწადში, მინიმუმ, 100 პაციენტი ცდილობს.

„სელფები ხშირად აღიქმება, როგორც თვითწაქეზებისა და ყურადღების მიქცევის სოციალური საშუალება, რომელიც ან ნარცისიზმში გადაიზრდება ხოლმე, ანდაც საშინლად დაბალ თვითშეფასებას იწვევს“. – აცხადებს ფსიქოლოგი პამელა რუთლეჯი.

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?

ციფრული ნარცისიზმის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უტოპიური მიზნების მიღწევის სურვილი გვიჩნდება. ამის მოთხოვნილება კი დროთა განმავლობაში გვიძლიერდება. ადამიანების სურვილი, გამოიყურებოდნენ ნამდვილი ვარსკვლავებივით, დღითი დღე ძლიერდება. ეს კი, ბუნებრივია, რთულია. ძალიან ცოტა რამ არის გადამეტებულ თვითშეფასებასა და არაეთიკურობაზე მეტად დამღუპველი ადამიანისთვის.

საბოლოო ჯამში, მიიჩნევა, რომ ნარცისიზმის ონლაინგამოვლინებები – ეს არის საკუთარი თავის დემონსტრირების კომპენსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არასრულფასოვანი ან დაბალი თვითშეფასება აქვთ. და როდესაც მათი ძალისხმევა სხვების მიერ დადებითად ფასდება, რეალობის აღქმა სამუდამოდ მახინჯდება და წახალისდება მათი ნარცისული ილუზიები.

სელფზე დამოკიდებულება მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის შეშფოთების მიზეზიცაა. „გამოქვეყნებულ ფოტოებზე ძალიან დიდი ყურადღების გამახვილება, იმის კონტროლი, ვინ ხედავს მათ ან ვინ ვერ ხედავს, მოწონებების დიდი რაოდენობით დაგროვების იმედი, მიუთითებს, რომ სელფები სერიოზულ პრობლემებს იწვევს“, – განაცხადა ბრიტანელმა პროფესორმა ფსიქიატრიის დარგში.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ასეთმა ქცევამ შესაძლოა, მომავალში ტვინის პრობლემები წარმოშვას. განსაკუთრებით თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული.

 სხვათა შორის, ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „სელფი“ 2013 წლის სიტყვად დასახელდა.

სელფი – ნარცისიზმი, დამოკიდებულება თუ ფსიქიკური პრობლემა?



წყარო:&nbsp;<a href="http://expandedconsciousness.com/2014/08/12/scientists-link-selfies-to-narcissism-addiction-mental-illness/">expandedconsciousness.com</a>