თვითგანვითარების სფეროში დეილ კარნეგი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ავტორია. სწორედ ამაზე მეტყველებს 1936 წელს გამოცემული მისი წიგნის „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე“ გაყიდვების რაოდენობა.
1948 წელს გამოცემული წიგნი „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“ ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა მღელვარებისა და წუხილისგან თავის დაღწევა, რაც ხელს გვიშლის ბედნიერებასა და შრომისუნარიანობაში.
თითოეული წიგნი სავსეა კარნეგის იმ პერიოდის გამოცდილებით, როცა ის ნიუ-იორკის ქრისტიანულ ასოციაციაში ახალგაზრდებს ლექციების კურსს უკითხავდა. მისი დაკვირვებით, ნერვიულობა და რაღაცაზე გამუდმებული წუხილი ის საერთო იყო, რაც ყველა ახალგაზრდას აერთიანებდა, მიუხედავად პროფესიისა და წარსულისა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, დაეწერა წიგნი, რომელიც ადამიანებს თავიანთი დემონების წინააღმდეგ ბრძოლასა და სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარებოდა. წიგნის გამოსვლამდე შვიდი წლის განმავლობაში იკვლევდა კარნეგი ანტიკურ ფილოსოფიას და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელთა სტრატეგიებს შიშისა და მწუხარების დაძლევის საკითხში. მაგრამ, რაც მთავარია, ის ექსპერიმენტებს თავის სტუდენტებზე ატარებდა, რომელთაც ურჩევდა, ბოლო მოეღოთ თავიანთი მწუხარებისა და შეშფოთებისთვის და აკვირდებოდა, როგორ მუშაობდა ეს.
კარნეგის წიგნიდან „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“ ჩვენ ავარჩიეთ ხუთი ყველაზე მტკიცე სტრატეგია, რომელიც ნამდვილად შეამცირებს ყოველდღიურ მღელვარებას ჩვენს ცხოვრებაში:
1. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი?“
არსებობს სამი მარტივი რამ, რაც დაგეხმარება პირადი თუ სამსახურებრივი პრობლემებისგან თავის დაღწევაში.
უპირველესად უნდა ჰკითხო საკუთარ თავს, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი.
მეორე ნაბიჯია, მიიღო ყველაზე ცუდი შემთხვევა და გაარკვიო, რას მოიმოქმედებ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მართლაც მოხდება.
ეს მეთოდები დაფუძნებულია ვილი კარერის სასაცილო შემთხვევაზე, რომელიც ჰაერის კონდიცირების ინდუსტრიის ფუძემდებელია. ბუფალო ფორჯის კომპანიისთვის მუშაობის პერიოდში მან აღმოაჩინა, რომ არც ისე ეფექტური იყო ის გაზგამწმენდი მომსახურების სისტემა, რაც მან გამოიგონა.
კარერმა ყველაზე ცუდ ვერსიად კომპანიის მიერ 20 000 დოლარის დაკარგვა განიხილა და საბოლოოდ მიხვდა, როგორ გადაეწყვიტა ეს პრობლემა. თუ კომპანია 5 000 დოლარის ღირებულების ახალ აღჭურვილობას შეიძენდა, პრობლემაც მოგვარდებოდა. საბოლოოდ სწორედ ასე მოიქცა და კომპანიამ, დამატებით, 15 000 დოლარის ღირებულების მოგება ნახა.
2. შეაგროვე ფაქტები ობიექტურად
როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილმა დეკანმა, ჰერბერტ ჰოუკისმა უთხრა კარნეგს: „თუ ადამიანი ფაქტების ობიექტურად შეგროვებას დაუთმობს დროს, მისი საზრუნავი, როგორ წესი, ცოდნის სინათლედ გარდაიქმნება“.
კარნეგი ფაქტების ობიექტურად შეგროვების ორ გზას გვთავაზობს. ფაქტების შეგროვებისას საკუთარი თავი უნდა დააჯერო, რომ ამას სხვისთვის აკეთებ. ეს ნაკლებად ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს და შედეგიც გაცილებით ობიექტური დადგება.
ან საკუთარი თავი ადვოკატის როლში უნდა წარმოიდგინო, რომელიც მეორე მხარესთან დებატებისთვის ემზადება. ამ შემთხვევაში ყველა ფაქტს შეაგროვებ საკუთარი თავის წინააღმდეგ, რათა მზად იყო მათი მხრიდან შემოტევისთვის. ყველა ფაქტი შეაგროვე და მიიღე ნათელი სურათი – სიმართლე შენზეც და სხვებზეც.
3. მოძებნე პრობლემების გადაჭრის პოტენციური გზები
ლეონ შიმკინმა, გამომცემლობა „Simon & Schuster“-ის მენეჯერმა და, მოგვიანებით, მფლობელმა, აღმოაჩინა საშუალება, 75%-ით შეემცირებინა დრო, რომელსაც შეხვედრებზე კარგავდა. მან კოლეგებს სთხოვა, სანამ პრობლემებზე საუბარს დაიწყებდნენ, მანამ რამდენიმე კითხვაზე ეპასუხათ: რა არის პრობლემა? რა უდევს საფუძვლად პრობლემას? როგორია პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო საშუალება? რომელ გზას აირჩევდით თქვენ?
შიმკინის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ახალი სისტემა შესთავაზა კოლეგებს, ისინი იშვიათად მოდიოდნენ მასთან თავიანთი პრობლემებით. „მათ აღმოაჩინეს, რომ სანამ კითხვებზე პასუხებს იპოვიდნენ, აუცილებელი იყო, ფაქტები შეეგროვებინათ“, - უთხრა მან კარნეგს, – „ამის შემდეგ კი საუკეთესო გზა პრობლემის მოგვარებისა თავისთავად იკვეთებოდა“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმედებამ ჩაანაცვლა მღელვარება და მასზე საუბარი.
4. გახსოვდეს, ყველაფერს აქვს ზღვარი
ყველაფერს აქვს ზღვარი და, შესაბამისად, ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს. აუცილებლად უნდა გაიარო კონსულტაციები იმის შესახებ, ღირს თუ არა იმაზე ნერვიულობა, რაზეც ღელავ. ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ შენი მღელვარების მიზეზი ის საკითხია, რომლის გამოსწორებაც შენს ძალებს აღემატება.
კარნეგი წერდა, რომ ამ სტრატეგიას მეზღვაურთა ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად იყენებდნენ.
5. უბრძანე შენს მღელვარებას, „შეწყვიტოს“
ეს სტრატეგია დაფუძნებულია საფონდო ბირჟების პრინციპზე. აი, როგორ მუშაობს ის: დავუშვათ, ყიდულობ აქციებს, რომლებიც 100 დოლარადაა შეფასებული. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ დანაკარგი 90 დოლარს მიაღწევს. სანამ საფონდო ღირებულება დაეცემა, შეგიძლია, აქციები 90 დოლარად გაყიდო და დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანო.
ამ პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიძლია.
ცნობისთვის, კარნეგს ნოველისტობა სურდა, თუმცა რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, გადაწყვიტა, საგანმანათლებლო სივრცეში საქმიანობას დაბრუნებოდა და წერა გაეგრძელებინა.
ის, რაც არ გამოგდის, უბრალოდ, შენი საქმე არ არის, ამიტომაც განაგრძე იმის კეთება, რაც გიყვარს და, ამავდროულად, კარგადაც გამოგდის. ადამიანთა სურვილები, ისევე როგორც შესაძლებლობები, უსაზღვროა. თუმცა, დრო ამოწურვადია, ამიტომაც უმჯობესია, ოპტიმალურად გამოიყენო ის.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, დეილ კარნეგი, თვითგანვითარება
წყარო: <a href="http://time.com/4099973/overcome-fear-anxiety-dale-carnegie/?xid=time_socialflow_facebook">time.com</a>