მშობლები

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

ჩვენ უკვე გესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ აუტიზმის ნიშნები ბავშვებში. თუმცა, ბევრ მშობელს უჭირს, აუტიზმის სპექტრის მქონე შვილს გაუგოს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ბავშვები ბევრ რამეს სულ სხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აი, რა სურთ პატარებს, მათ შესახებ რომ ვიცოდეთ:

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

10. მე ბავშვი ვარ

აუტიზმი ჩემი პიროვნების ნაწილია, თუმცა მე უამრავი სხვა თვისებაც მაქვს: შენნაირად ვფიქრობ, ვგრძნობ, ვოცნებობ და ამა თუ იმ საქმიანობის ნიჭიც მაქვს. შენც ხომ არ ხარ მხოლოდ მსუქანი ან სათვალეებიანი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სწორედ ამას ვამჩნევ, როდესაც გხედავ, არა? შენ ზრდასრული ხარ და იცი, საკუთარი თავი როგორ დაახასიათო — ერთი თვისება გამოამჟღავნო თუ მრავალი. მე კი ბავშვი ვარ და ჯერ არ ვიცი, რა შესაძლებლობები მაქვს და თუ თავიდანვე მაგრძნობინებ, რომ არაფრის კეთება შემიძლია, ვიფიქრებ, რომ ცდასაც აზრი აღარ აქვს.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

9. ჩემი გრძნობები უსისტემოდ მოქმედებენ

იცი ეს რას ნიშნავს? მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო ან შეხება ჩემთვის შეიძლება საოცრად მტკივნეული იყოს, ამიტომაც მეჩვენება, რომ გარემო ჩემდამი მტრულადაა განწყობილი! შეიძლება აგრესიული ან საზოგადოებისგან მოწყვეტილი მოგეჩვენო, მაგრამ მე მხოლოდ თავს ვიცავ. მაგალითად, ზოჯგერ გაძლიერებული სმენა მაქვს, რაც ნიშნავს, რომ ყველა უმნიშვნელო ბგერაც კი ხმამაღლა მესმის — თითქოს მოშორებით მდგომი ხალხის საუბარი, მუსიკა, ყავის საფქვავის ხმა, ბავშვების ტირილი, ნათურის ტკაცუნი… ამდენი ხმაურის გაფილტვრა ჩემს ტვინს არ შეუძლია, უბრალოდ ვიტვირთები!

ან შეიძლება ძლიერი ყნოსვა მქონდეს — წარმოიდგინე, ერთდროულად ვგრძნობ მაღაზიის მაცივრიდან ამოსულ გაფუჭებული თევზის, ჩვენს გვერდით რიგში მდგომი დაუბანელი ადამიანის, პატარა ბავშვის გამოსაცვლელი პამპერსის სუნებს და გულის რევა მეწყება. ხან კი ჩემს მხედველობის არეში ყველა საგანი ერთად ექცევა: ნათურის სხივები თვალს მჭრიან, მეჩვენება, რომ მთელი გარემო მოძრაობს, მზის სხივების მოქმედებით ყველანაირ გამოსახულებას დეფორმირებულად აღვიქვამ — ამ ყველაფრის ფონზე, ერთ კონკრეტულ საგანზე ფოკუსირება მიჭირს, ხანდახან მგონია, რომ კოსმოსში ვარ გამოკიდებული.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

8. ერთმანეთისგან გაარჩიე, რას „არ ვაკეთებ“ და „ვერ ვაკეთებ“

არ გეგონოს, თითქოს შენს მითითებებს არ ვითვალისწინებ ან არ გისმენ. იცი, როგორ მესმის, მეორე ოთახიდან რომ მეძახი? აი ასე: „*&^%$#@“ — მირჩევნია, მოხვიდე, ჩემ წინ დადგე და გარკვევით მითხრა, რა გინდა. ასე უფრო ადვილად ვრეაგირებ.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

7. მე ძალიან კონკრეტულად ვაზროვნებ და ყველაფერი, რასაც მეუბნები, პირდაპირი მნიშვნელობით მესმის

დიახ, როდესაც მეუბნები: „კოკისპირულად წვიმს“, წარმოვიდგენ კოკას და მას წვიმასთან საერთოდ ვერ დავაკავშირებ. ამიტომ მითხარი, რომ გარეთ ძალიან წვიმს. მეტაფორები ან რებუსები ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

6. შენთან კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ვცდილობ და გთხოვ, დააკვირდი ჩემს ყველა მოქმედებას

მიჭირს, გითხრა, რა მჭირდება, როდესაც არ ვიცი, ჩემი გრძნობები როგორ აღვწერო. შეიძლება მშია, მეშინია, დაბნეული ან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ამიტომ დააკვირდი ჩემს სხეულის ენას — ვარ თუ არა აღელვებული და მიხვდები, რომ რაღაც ვერ არის კარგად.

ხანდახან ჩემი საუბრისას იფიქრებ, რომ პატარა პროფესორი ან კინოვარსკვლავი ვარ — როდესაც ჩემი ასაკისთვის შეუსაბამო ფრაზებს ვარახუნებ. თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არ მესმის, უბრალოდ დაზეპირებული ფრაზებია, რომლებიც ტელევიზორიდან ან სხვა ადამიანების ლაპარაკიდან მოვისმინე. ვიცი, რომ ჩემგან ყველა საპარაკს მოელის და მეც ყველანაირად ვცდილობ, ჩემთვის გაუგებარი ფრაზები დავიზეპირო და წარმოვთქვა.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

5. მე ვიზუალური ორიენტაცია მაქვს

თუ გინდა, რამე გამაგებინო, მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის — მაჩვენე. თანაც, ამის გაკეთება ბევრჯერ მოგიწევს და მოთმინებას ნუ დაკარგავ, მხოლოდ ასე ვისწავლი. ვიზუალური მხარდაჭერა საგრძნობლად მეხმარება სიახლის ათვისებაში, მხოლოდ ეს ნელა უნდა გააკეთო, ჩემმა ტვინმა ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადართვა რომ შეძლოს. გახსოვდეს, რასაც მეუბნები, იმ წუთში მავიწყდება, რადგან ჩემი გონება გაგონილს მყისიერად ვერ ამუშავებს.

4. ორიენტაცია იმაზე აიღე, რისი გაკეთებაც შემიძლია და ნუ მომთხოვ იმას, რასაც ვერ ვითვისებ

ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, ვერც მე ვისწავლი ისეთ გარემოში, რომელიც მუდმივად მაგრძნობინებს, რომ რაღაც არ გამომდის და საბოლოოდ აღარ ვცდი, რამე ახალი ავითვისო, რადგან ვიფიქრებ, რომ მაინც გამაკრიტიკებ. უმჯობესია, ჩემს ძლიერი მხარეებს დააკვირდე და გარკვეულ ნიჭს ჩემში აუცილებლად აღმოაჩენ.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

3. დამეხმარე სოციალურ ინტერაქციაში

შეიძლება გეგონოს, რომ სხვა ბავშვებთან თამაში არ მინდა, მაგრამ მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ დავიწყო მათთან საუბარი, ან საერთოდ, რა უნდა გავაკეთო. მასწავლე, მათთან როგორც ვითამაშო და მათაც სთხოვე, მეთამაშონ. როდესაც ბავშვებისგან კონტაქტის ინიციატივას ვიგრძნობ, ეს ძალიან გამახარებს და შესაძლებელია, თამაშში ჩართვა შევძლო. მე ხომ არ ვიცი, როგორ წავიკითხო სხვების სახის გამომეტყველება და ჟესტები. ამიხსენი, როგორ აღვიქვა ემოციები: თუ რომელიმე ბავშვის წაქცევაზე სიცილი დავიწყე, არ გეგონოს, რომ გამეხარდა. უბრალოდ არ ვიცი, როგორი რეაგირება უნდა მოვახდინო. მესაუბრე სხვების გრძნობებზე და მასწავლე, რომ ამ დროს საჭიროა ვკითხო, ხომ კარგად არის.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

2. დააკვირდი, რა იწვევს ჩემს არაადექვატურ საქციელს

დამიჯერე, ჩემი უეცარი გამოხტომები შენზე მეტად მე მაშინებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩემი რომელიმე შეგრძნება გადაიტვირთება ან სოციალური შესაძლებლობების ზღვარს გადავაჭარბებ. თუ შეძლებ გაარკვიო, ასე რა დროს მემართება, ამ სიტუაციებს თავიდან ამარიდებ. თანაც, გახსოვდეს: რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ეს ერთგვარი კომუნიკაციის ფორმაა. ჩემი მოქმედებები იმას მიგანიშნებს, რომ სიტყვები არ მყოფნის და გარემოში მიმდინარე მოვლენებზე ასე ვრეაგირებ. ჩემს ქცევაზე ფიზიკური პრობლემებიც მოქმედებს — ალერგია, ძილის პრობლემები, გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები და ა.შ.

10 რამ, რასაც ბავშვები აუტიზმის შესახებ გვიყვებიან

1. შემიყვარე უანგაროდ

დაივიწყე „რომ შემეძლოს“ ან „რატომ არ შემიძლია ეს გავაკეთო“. არც შენ შეასრულე მშობლების ყველა სურვილი. აუტიზმი ჩემი არჩევანი არ ყოფილა, თანაც ის ხომ მე მჭირს და არა — შენ. შენი მხარდაჭერის გარეშე ძალიან მცირე შანსი მაქვს, სრულფასოვან ადამიანად ჩამოვყალიბდე. შენი დახმარებით კი იმაზე მეტს შევძლებ, ვიდრე წარმოგიდგენია. ჩემთან კომუნიკაციისას ყოველთვის გახსოვდეს, რომ მოთმინებით უნდა მომეკიდო. მიუდექი ჩემს აუტიზმს, როგორც განსხვავებულ და არა შეზღუდულ შესაძლებლობას. აქცენტი ჩემს ძლიერ მხარეებზე გააკეთე: შეიძლება თვალის კონტაქტის დამყარება მიჭირს, მაგრამ დაკვირვებიხარ, რომ არასოდეს ვიტყუები და არავის ვაკრიტიკებ? მე მხოლოდ შენი იმედი მაქვს, ამიტომ შემიყვარე და დამეხმარე, რომ რაც შეიძლება მეტი შევძლო.



წყარო: <a href="https://www.autismspeaks.org/family-services/tool-kits/100-day-kit/ten-things-every-child-autism-wishes-you-knew">AUTISM SPEAKS</a>