100%-ით ვერავინ იტყვის წყვილი დაშორდება თუ არა, მაგრამ მეცნიერები ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ ის, თუ რა შემთხვევაშია ყველაზე მეტად განშორება მოსალოდნელი.
წარმოგიდგენთ 7 მთავარ ფაქტორს, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, წყვილის განშორების მიზეზი გახდეს.
1. ქორწინება მოზარდობის პერიოდში, ან 32 წლის შემდეგ - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქორწინებისთვის საუკეთესო დროა მაშინ, როცა გრძნობ, რომ ამისთვის მზად ხარ და ფიქრობ, რომ იპოვნე ადამიანი, რომლის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება გსურს.
თუმცა, კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებიც თინეიჯერობის პერიოდში, ან 30-დან 40 წლამდე ასაკში დაქორწინდნენ, განქორწინების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის წყვილები, რომლებმაც დაქორწინების გადაწყვეტილება 20-დან 30-წლამდე ასაკში მიიღეს. განქორწინების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ წყვილებში, რომლებიც თინეიჯერობის დროს დაქორწინდნენ.
2. განქორწინების რისკი მაღალია, თუ ქმარი არ მუშაობს - 2016 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქორწინების სიმყარე დამოკიდებულიაიმაზე, თუ რამდენად არის დაკავებული სამსახურის საქმეებით მეუღლე და განსაკუთრებით ქმარი.
მკვლევარი ალექსანდრა კილუოლდი 1975 წლიდან აკვირდებოდა ჰეტეროსექსუალ წყვილებს და დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ თუ ქმარს სამსახური არ ჰქონდა, უფრო მეტად იყვნენ ეს წყვილების განქორწინებისკენ მიდრეკილნი. ცოლის სამსახურებრივი სტატუსი უმეტესწილად ურთიერთობაზე გავლენას ვერ ახდენს.
მკვლევარის დასკვნით - სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ოჯახში მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა და რომ მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამ საკითხზე, ჯერ კიდევ აქტუალურია და სწორედ ამიტომ ახდენს ქორწინების სიმყარეზე ქმრის სამსახური გავლენას.
3. თუ პარტნიორებიდან რომელიმეს სკოლა არ დაუმთავრებია - კვლევის თანახმად, განათლებული წყვილები ქორწინების საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ასეთ წყვილებში განშორების რისკი მცირდება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლება ოჯახის სიმყარის განმაპირობებელია. ხოლო თუ წყვილს სკოლა არ დაუმთავრებია, განათლების მიღებამდე მიიღეს დაქორწინების გადაწყვეტილება და ვერც ქორწინების შემდეგ შეძლეს სწავლა, განქორწინების შანსი მაღალია.
„განათლების დაბალი დონე ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, ნაკლები შემოსავალი კი სტრესულ ცხოვრებას, სწორედ ამიტომ ასეთ წყვილებს უჭირთ ურთიერთობის შენარჩუნება“, - წერს ფსიქოლოგი ელი ფინკელი.
4. როცა პარტნიორებიდან ერთი მეორეს აბუჩად იგდებს და პატივს არ სცემს - ფსიქოლოგი ჯონ გოთმანი განქორწინების 4 მთავარ მიზეზს გამოყოფს:
1. აბუჩად აგდება;
2. უსაფუძვლო და არაკონსტრუქციული კრიტიკა;
3. დაუცველობის განცდა;
4. კომუნიკაციის ნაკლებობა.
ფსიქოლოგების განმარტებით, განსაკუთრებით სახიფათო ურთიერთობისთვის პარტნიორების მხრიდან ერთმანეთის აბუჩად აგდება და უპატივცემულობაა. ასეთი ურთიერთობები ყოველთვის განშორებით სრულდება.
5. თუ წყვილებიდან ერთ-ერთი გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენს და ახალდაქორწინებულივით იქცევა - შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, გადაჭარბებული ყურადღებაც მავნეა ურთიერთობისთვის. თუ 13 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთ-ერთი პარტნიორი ისე იქცევა, თითქოს ახლადდაქორწინებულია, ეს პრობლემას წარმოშობს.
6. ყოველდღიური სტრესი - კვლევის თანახმად წყვილების უმეტესობა განშორების გადაწყვეტილებას იმიტომ იღებს, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან ერთად ცხოვრების დროს გაჩენილ ყოველდღიურ სტრესს. ყოველდღიური სტრესი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. მათ შორის ის შეიძლება უკავშირდებოდეს სამსახურს და ასევე პარტნიორის მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობას.
7. გაქცევა, ან გაბუტვა მცირე კონფლიქტის დროს - თუ გაბრაზებული ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მისცეთ პარტნიორს საშუალება აგიხსნათ. უნდა მოისმინოთ მისი პოზიცია. კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემას აჩენს. შესაძლოა უმნიშვნელო საკითხის გამო დაწყებული კონფლიქტი სწორედ კომუნიკაციიის არარსებობის გამო გახდეს განშორების მიზეზი.
თემები: განქორწინება, წყვილი, პრობლემები, დაშორება
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>