ხანშიშესული ადამიანების 15 ნატვრა - რას ნანობენ ასაკოვანი ადამიანები და რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა?
- 28.03.2018
ჩვენ, ყველანი დავბერდებით და გარდავიცვლებით, უკვდავი არავინაა და როცა ასაკში შესულები ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ ,შესაძლოა, ბევრი რამ ვინანოთ. რას ნანობენ ხანშიშესული ადამიანები ყველაზე ხშირად? - გთავაზობთ მათ 15 ნატვრას, გაითვალისწინეთ თუ გინდათ, რომ როცა წლები მოგემატებათ, მსგავსი ნატვრები არ გქონდეთ.
1. „ნეტავ ჩემი თავი სხვებისთვის არ შემედარებინა“ - საკუთარი თავის სხვებისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის შედარებას კარგი არაფერი მოაქვს. ამის ნაცვლად უმჯობესია, ადამიანმა საკუთარი სურვილებისამებრ იცხოვროს. სწორედ ეს გვაყალიბებს წარმატებულ პიროვნებებად.
2. „ნეტავ უფრო აქტიური ვყოფილიყავი, უფრო მეტი გამეკეთებინა“ - ძალიან ბევრი ადამიანი იდეებს უგულებელყოფს, რადგანაც ეშინია წარუმატებლობის. ამიტომ უმოქმედოდაა. დრო რომ გავა, აუცილებლად ინანებთ თქვენს უმოქმედობას. ყოველთვის სჯობს, იყოთ აქტიური და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ.
3. „ნეტავ, უფრო მეტად მეზრუნა საკუთარ თავზე და ჩემი სურვილების მიხედვით მეცხოვრა“ - ჩვენ გარშემო ყველა ცდილობს გვიკარნახოს, როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთ, მაგრამ ასე იმიტომ ხდება რომ ჩვენ თავად ვაძლევთ მათ ამის ნებას. აუცილებლად აირჩიეთ ის პროფესია რომელიც მოგწონთ, თქვენი სურვილისამებრ შექმენით ოჯახი, ან არ შექმნათ, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული გააჩენთ თუ არა შვილებს, რომელ ქვეყანაში წახვალთ სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად. იცხოვრეთ ისე, როგორც თავად გინდათ და ნუ მოინდომებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები სხვების სიამოვნებას მოარგოთ, თორემ აუცილებლად ინანებთ.
4. „ნეტავ, არ მეზარმაცა“ - უამრავი საბაბი შეიძლება მოიფიქროთ იმისა, თუ რატომ არ, ან ვერ გააკეთეთ ესა თუ ის საქმე. მაგრამ რეალურად ამით ბევრს კარგავთ. მიზეზების მოფიქრებას სჯობს გააკეთოთ საქმე, რომელსაც თქვენ გარდა არავინ გააკეთებს.
5. „ნეტავ გამომეყენებინა შესაძლებლობები“ - იმის შიშით, რომ რაიმე საქმე არ გამოგვივა, ცხოვრების რაიმე ასპექტში არ გაგვიმართლებს, ადამიანები ხშირად ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს. შესაძლოა, ვიღაც მოგწონთ, მაგრამ გაუბედაობის გამო ვერ ეუბნებით ამას და ვერ პატიჟებთ პაემანზე. შესაბამისად, კარგავთ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ეს კი, როცა ხანშიშესული იქნებით, სანანებლად გაგიხდებათ.
6. „ნეტავ არ გავჩერებულიყავი და ის საქმე მაინც გამეგრძელებინა“ - შესაძლოა, რაღაც საქმეში მცირედი წარუმატებლობის გამო ფარ-ხმალი დაყაროთ და მოტივაცია გაგიქრეთ. ეს მომავალში სანანებელი გექნებათ. წარუმატებლობა ყველანაირ საქმეს ახლავს თან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ. აუცილებლად ოპტიმიზმით გააგრძელეთ ცხოვრება.
7. „ნეტავ, მეთქვა ადამიანებისთვის რომ ძალიან მიყვარდნენ“ - ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ვუყვარდეთ, მაგრამ ძალიან ცოტა გამოვხატავთ სიყვარულს სხვების მიმართ. ხშირად უთხარით ძვირფას ადამიანებს, რომ ძალიან გიყვართ, რადგანაც შესაძლოა, ერთ დღეს უკვე გვიან იყოს.
8. „ნეტავ, ვყოფილიყავი კმაყოფილი იმით, რაც მქონდა“ - ჩვენ ყოველთვის გვსურს გვქონდეს უფრო მეტი ფული, არასოდეს ვართ კმაყოფილები იმ ცხოვრებით, რომელიც გვაქვს, ყოველთვის მეტი გვინდა.
9. “ნეტავ, უფრო მეტი მეზრუნა ჯანმრთელობაზე“ - ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა,ახანგრძლივებს სიცოცხლეს. სწორი კვება, ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. ის გეხმარებათ, რომ შეაფერხოთ დაბერების პროცესი, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ასე რომ, ასაკში ამაზე რომ არ იდარდოთ, სჯობს ახლავე დაიწყოთ ზრუნვა ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებაზე.
10. „ნეტავ, უფრო მეტად მომესმინა სხვებისთვის“ - ჩვენ ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ ეს შეხედულებები სწორია, მაგრამ რეალურად შეიძლება ასე არ იყოს. არ უნდა უგულებელყოთ სხვების აზრი. არ ვამბობთ, რომ სხვების აზრების მიხედვით უნდა იცხოვრთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, იქნებ სასარგებლო რამეს გეუბნებიან.
11. „ნეტავ, გული არავისთვის მეტკინა“ - წარმოუდგენელიც კია ისე იცხოვროთ, რომ გული არავის ატკინოთ, მაგრამ საყვარელ ადამიანებს ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, ხშირად სწორედ მათ ვტკენთ გულს, ვინც ძალიან გვიყვარს.
12. „ნეტავ, უფრო მეტი მემოგზაურა“ - ადამიანები ხშირად შეცდომას უშვებენ, როცა მთელი ცხოვრება აგროვებენ ფულს ერთ კონკრეტულ შორეულ ქვეყანაში სამოგზაუროდ. სჯობს ჩაჯდეთ ახლავე მანქანაში და წახვიდეთ უახლოეს ქალაქში, ან ქვეყანაში. შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობაც აუცილებლად მოგეცემათ.
13. „ნეტავ, უფრო ხშირად გამეცინა“ - ადამიანების დიდი ნაწილი დროს სერიოზულად და მოღუშული სახით ვატარებთ, გვავიწყდება გულიანი სიცილი. თუკი შეძლებთ რომ ყოველგვარ სირთულეს ღიმილით შეხვდეთ, ხშირად გაიცინოთ, თქვენი ცხოვრება ძალიან სასიამოვნო გახდება.
14. „ნეტავ, სამსახურისთვის ამდენი დრო არ დამეთმო“ - ადამიანების უმეტესობა განუწყვეტლივ ვმუშაობთ, შაბათ-კვირასაც სამსახურის საქმეების მოგვარებით ვართ დაკავებულები და ვივიწყებთ საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანებს. რეალურად ეს ძალიან ცუდია, ასეთ დრო გვავიწყდება ბედნიერება, ვართ დეპრესიაში და გვავიწყდება ღიმილი.
15. „ნეტავ, მეგობრებზე არ გავნაწყენებულიყავი“ - როცა მეგობარი არ გვირეკავს ვბრაზდებით, ვფიქრობთ, რომ ალბათ არ მოვენატრეთ და არც ჩვენ ვურეკავთ. თუ ვინმე მართლა გენატრებათ, იმაზე ფიქრს, თუ თვითონ რატომ არ დაგირეკათ, სჯობს თავად შეეხმიანოთ, მოიკითხოთ, დაპატიჟოთ, შეხვდეთ. შესაძლოა, ისიც განაწყენებული იყოს თქვენზე, რადგანაც დიდი დროის განმავლობაში არ შეეხმიანეთ. გადადგით პირველი ნაბიჯი, დაურეკეთ, მისწერეთ, ესტუმრეთ და იყავი ბედნიერი.
თემები: ასაკი, თავდაჯერებულობა, რჩევები, მოხუცი
<a href="https://www.lifehack.org/">https://www.lifehack.org/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია