LIFE

9 სერიალი ქალებზე, რომლებიც უსამართლობას აღარ ეგუებიან

9 სერიალი ქალებზე, რომლებიც უსამართლობას აღარ ეგუებიან

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად იღებენ სერიალებს ქალებზე, რომლებიც რთულ ურთიერთობებს, ღალატს, დამცირებასა და უსამართლობას უპირისპირდებიან. ზოგი მათგანი შურისძიებას გადაწყვეტს, ზოგი კი საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

წარმოგიდგენთ ცხრა სერიალს, რომლებშიც ქალების ბრაზი და პროტესტი სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია

1. „მრისხანე“ (Furious, 2026)

FBI-ის ახალგაზრდა აგენტი ელის ბლეკი მამაკაცების მკვლელობების სერიას იძიებს. მალე ხვდება, რომ ყველა შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და დანაშაულების უკან ერთი ქალი, კეტრინი დგას. მკვლელი პოლიციას მუდმივად უსწრებს, თუმცა ელისი საბოლოოდ მის კვალზე გადის. გამოძიების დროს კი აღმოაჩენს, რომ სიმართლე იმაზე რთულია, ვიდრე თავიდან ეგონა.

სერიალი 1987 წლის ფილმის, „შავი ქვრივის“ (Black Widow), ახალი ვერსიაა. ორიგინალში კეტრინი მდიდარ მამაკაცებს ფულის გამო ხვდებოდა და შემდეგ კლავდა. ახალ სერიალში კი მეტი ყურადღება გამომძიებელსა და მის გამოძიებას ეთმობა.

2. „კერი“ (Carrie, 2026)

სტივენ კინგის ცნობილი ნაწარმოების ახალი ეკრანიზაცია რეჟისორმა მაიკ ფლენეგანმა გადაიღო. სერიალი სკოლის მოსწავლეზე გვიყვება, რომელსაც თანატოლები მუდმივად დასცინიან და ამცირებენ.

კერი უაიტი რთულ ოჯახში იზრდება. დედა მკაცრად აკონტროლებს, სკოლაში კი თანაკლასელები გარიყულად აგრძნობინებენ თავს. ერთ დღეს კერიში განსაკუთრებული ძალები იღვიძებს და გოგონა ხვდება, რომ შეუძლია, ყველას სამაგიერო გადაუხადოს.

რეჟისორმა ნაწარმოების დასასრული შეცვალა და ამაზე თავად სტივენ კინგის თანხმობაც მიიღო. ამიტომ სერიალი საინტერესო იქნება მათთვისაც, ვინც წიგნს უკვე იცნობს.

3. „რატომ კლავენ ქალები“ (Why Women Kill, 2019-2021)

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ შემქმნელის, მარკ ჩერის სერიალი სამ ქალზე გვიყვება, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობენ.

ბეთ ენი 1960-იანი წლების დიასახლისია, სიმონა - 1980-იანი წლების მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, ტეილორი კი თანამედროვე ადვოკატი. სამივე სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ: პრობლემები ქორწინებაში.

ღალატი, ტყუილი და ქმრების გულგრილობა ქალების ცხოვრებას ცვლის. საბოლოოდ, თითოეული მათგანი გადაწყვეტს, რომ პრობლემის მოგვარების გზა შესაძლოა ქმართან დაშორება კი არა, მისი თავიდან მოშორება იყოს.

4. „ცუდი დები“ (Bad Sisters, 2022–2024)

ხუთი და, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს მხარში ედგნენ, ერთ დღეს საერთო პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

გოგონებმა მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგეს და ერთად ცხოვრებას მიეჩვივნენ. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ერთ-ერთ დას სასტიკი ხასიათის ქმარი ხვდება. მისი საქციელი მთელ ოჯახს აწუხებს.

მამაკაცი საბოლოოდ კვდება, თუმცა დებს პრობლემები არ უმთავრდებათ. საქმით სადაზღვევო კომპანია ინტერესდება და ეჭვი მათზე მიაქვს. გამოძიებისას ირკვევა, რომ თითოეულ დას ჰქონდა მიზეზი, მის სიკვდილში მონაწილეობა მიეღო.

5. „ბასრი საგნები“ (Sharp Objects, 2018)

ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალის მთავარი გმირი ჟურნალისტი კამილა პარკერია. მას მშობლიურ ქალაქში აგზავნიან, რათა ორი გოგონას მკვლელობის შესახებ მასალა მოამზადოს.

გამოძიების დროს კამილა ძველ ნაცნობებს ხვდება და ბავშვობის მოგონებებს უბრუნდება. თანდათან ირკვევა, რომ მის წარსულში ბევრი მტკივნეული ამბავია, რომელთა დავიწყებაც წლების განმავლობაში სცადა.

სერიალში მთავარ როლებს ემი ადამსი და პატრიცია კლარკსონი ასრულებენ. ამ უკანასკნელმა „ოქროს გლობუსი“ მიიღო, ემი ადამსი კი მთავარი როლისთვის იყო ნომინირებული. სერიალმა „ემის“ რვა ნომინაციაც დაიმსახურა.

6. „ყვითელი ჟაკეტები“ (Yellowjackets, 2021-დღემდე)

სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდის თვითმფრინავი ტყეში ვარდება. ავიაკატასტროფას მხოლოდ მოზარდები გადაურჩებიან და დახმარების მოლოდინში საკუთარი ძალებით ცდილობენ გადარჩენას.

რთული პირობები გოგონების ურთიერთობებს ცვლის. ძველი უთანხმოებები მწვავდება, ჩნდებიან ახალი ლიდერები და გუნდი რამდენიმე დაპირისპირებულ ჯგუფად იყოფა.

სიუჟეტი ორ დროში ვითარდება. ერთი ნაწილი 1996 წელს მომხდარ ამბებს გვიჩვენებს, მეორე კი დაახლოებით 25 წლის შემდეგ გადარჩენილი გოგონების ცხოვრებას. ისინი უკვე ზრდასრული ქალები არიან და წარსულის დავიწყებას ცდილობენ.

7. „ბრწყინვალება“ (GLOW, 2019-2022)

სერიალი იმ ქალებზეა, რომლებიც საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ სამყაროში, სადაც მათ შესაძლებლობებს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ.

მოქმედება 1980-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. რამდენიმე ქალი ქალთა ჭიდაობის სატელევიზიო შოუს მონაწილე ხდება. მათ შორის არიან მსახიობები, მარტოხელა დედები და ქალები, რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მიეცათ.

მთავარი გმირი რუთ უაილდერი დამწყები მსახიობია. სამსახურის პოვნის მცდელობები უშედეგოდ სრულდება და ჭიდაობაში მონაწილეობასაც ამიტომ თანხმდება.

ქალები სწავლობენ ჭიდაობას, ქმნიან სასცენო სახეებს და მაყურებლის წინაშე გამოდიან. მათთვის ეს მხოლოდ შოუ არ არის - საკუთარი თავის გამოხატვისა და ახალი შესაძლებლობების პოვნის გზაა.

8. „სვარმი“ (Swarm, 2023)

სერიალი ახალგაზრდა ქალზე, ანდრეა „დრე“ გრინზე გვიყვება, რომლის სიყვარული გამოგონილი პოპვარსკვლავის მიმართ თანდათან აკვიატებად იქცევა.

დრესთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი მისი დაა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვლება. ამ დანაკარგის შემდეგ გოგონა ამერიკაში მოგზაურობას იწყებს და ყველას უპირისპირდება, ვინც მისი საყვარელი მომღერლის შესახებ ცუდად ისაუბრებს.

მთავარ როლს დომინიკ ფიშბეკი ასრულებს. სერიალში ასევე ჩნდებიან ბილი აილიში და პარიზ ჯექსონი.

9. „კევინი ჯანდაბაში წასულა“ (Kevin Can F**k Himself, 2021)

ერთი შეხედვით, ელისონს იდეალური ცხოვრება აქვს. ის მხიარულია, ქმარს ყოველთვის კარგად ექცევა და საოჯახო საქმეებსაც თავად უძღვება. თუმცა სინამდვილეში მისი ყოველდღიურობა ერთფეროვანია, ქმარი კი მას ცუდად ექცევა.

ერთ დღეს ელისონი ხვდება, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მეუღლის საჭიროებებზე ზრუნავდა. მას აღარ სურს, საკუთარი სურვილები დაივიწყოს და გადაწყვეტს, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს.

სერიალი კლასიკური სიტკომის წესებს ცვლის და გვიჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახის მიღმა შესაძლოა სრულიად განსხვავებული რეალობა იმალებოდეს. მთავარ როლს ენი მერფი ასრულებს.