LIFE

ვინ რამდენს იღებს ჰოლივუდში? მსახიობების ჰონორარი ერთ სერიაში 2 მილიონ დოლარსაც აღწევს

ვინ რამდენს იღებს ჰოლივუდში? მსახიობების ჰონორარი ერთ სერიაში 2 მილიონ დოლარსაც აღწევს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები სერიალებში მონაწილეობით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ. გამოცემა Variety-მ გამოაქვეყნა იმ ვარსკვლავების სია, რომელთა ანაზღაურებაც ერთ ეპიზოდში 1-2 მილიონ დოლარს აღწევს.

ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის არიან ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი, რომლებიც სერიალ „დილის შოუში“ (The Morning Show) მონაწილეობისთვის თითო ეპიზოდში 2 მილიონ დოლარს იღებენ. ამდენივეს გამოიმუშავებენ კრის პრატი სერიალ „ტერმინალ ლისტში“ (The Terminal List) და სილვესტერ სტალონე - „ტულსას მეფეში“ (Tulsa King).

ეს იმას ნიშნავს, რომ 17-ეპიზოდიანი სეზონის შემთხვევაში თითოეული მსახიობის შემოსავალი 34 მილიონ დოლარს მიაღწევდა.

„დღეს სატელევიზიო შოუს მთავარ როლზე ისეთი ვარსკვლავის მოწვევა, რომელსაც მაყურებლის მოზიდვა შეუძლია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ მსახიობს ერთ ეპიზოდში 2 მილიონი დოლარი გადაეხადათ“, - განუცხადა Variety-ს ერთ-ერთმა აგენტმა, რომელიც მსახიობების შერჩევაზე მუშაობს.

მილიონზე მეტი დოლარი ერთ ეპიზოდში მიიღეს სხვა ცნობილმა მსახიობებმაც. მაგალითად, ჰარისონ ფორდისა და ჯეისონ სიგელის ჰონორარი სერიალ Shrinking-ში 1,3 მილიონ დოლარს აჭარბებს, კენეტ ბრანას კი სერიალ Laird-ში მონაწილეობისთვის 1,4 მილიონ დოლარს უხდიან.

მილიონდოლარიან ზღვარს გადააჭარბეს კელი რეილიმ და კოულ ჰაუზერმა სერიალ Dutton Ranch-ში, ხოლო ელიზაბეთ მოსმა - Shining Girls-ში მონაწილეობითაც.

Variety-ს ინფორმაციით, ერთ ეპიზოდში მინიმუმ 1 მილიონ დოლარს იღებენ ასევე:

  • ზენდეია - „ეიფორია“ (Euphoria);

  • ნიკოლას კეიჯი - „ობობა-ნუარი“ (Spider-Noir);

  • რობერტ დე ნირო - „ნულოვანი დღე“ (Zero Day);

  • სელენა გომესი, მარტინ შორტი და სტივ მარტინი - „მკვლელობები ერთ შენობაში“ (Only Murders in the Building);

  • ჯეიკ ჯილენჰოლი - „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ (Presumed Innocent);

  • ჯენიფერ გარნერი - „ხუთვარსკვლავიანი შაბათ-კვირა“ (The Five-Star Weekend);

  • ჯუდ ლოუ - Wild Things.

როგორც გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთი აგენტი აღნიშნავს, ტელევიზია მსახიობებისთვის კვლავ ძალიან მომგებიანი სფეროა.



განსაკუთრებით მაღალი ანაზღაურების მიღება კი იმ ვარსკვლავებს შეუძლიათ, რომელთა სახელიც მაყურებლის მოზიდვას უზრუნველყოფს.