ცეკვა ტვინის დაბერების პროცესს აფერხებს - ახალი კვლევის შედეგი
- 30.03.2018
ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წლების მატებასთან ერთად უფრო მეტად აუცილებელი ხდება. საჭიროა შესაბამისი ვარჯიშებით დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეს.
გარდა იმისა, რომ შესაძლოა ფიზიკურად მარტივად დასუსტდეთ, ასევე მოსალოდნელია, რომ გონებაც ვერ იმუშავებს ადრინდელივით. შესაძლოა, წარმოიშვას ალცჰეიმერის დაავადება.
ახალი კვლევის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად თუ ადამიანი უფრო მეტად კავდება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით, ეს ხელს უშლის ტვინის დაბერების პროცესს და ხელს უწყობს მის უკეთ მუშაობას. ხოლო ყველაზე ეფექტური საშუალება გონების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ცეკვაა.
„კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის შედეგად მიღებული სარგებელი შევისწავლეთ, მაგრამ ცეკვა ერთადერთია, რომელსაც გონების მუშაობისა და ტვინის დაბერების პროცესის შეფერხების კუთხით განსაკუთრებული სარგებლის მოტანა შეუძლია“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი კატრინ რიფელდი.
მკვლევარები განმარტავენ, რომ ტრადიციული ფიტნეს ვარჯიშები მონოტონურია, ადამიანს ერთი და იგივე რუტინული სავარჯიშოების გაკეთება უწევს ყოველ დღე, ხოლო ცეკვის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა, ადამიანებს განსხვავებული მოძრაობების გაკეთება უწევთ, ისინი უფრო კონცენტრირებულები ხდებიან და ცდილობენ ბალანსი იპოვნონ.
განსხვავებულად უნდა იცეკვონ ლათინურ, ჯაზ, თუ პოპ მუსიკაზე. სწორედ ამის გამო, ცეკვა განსხვავებულად და განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.
ცეკვა ადამიანს ხდის უფრო მეტად კონცენტრირებულს, დეტალებზე ორიენტირებულს, აუმჯობესებს მეხსიერების უნარს და ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების გაჩენის შანსს.
პროფესორი რიჰელდი გირჩევთ, რომ ახლავე ადგეთ სკამებიდან, ჩართოთ საყვარელი მუსიკა და დაიწყოთ ცეკვა.
„მჯერა, რომ ყველას სურს დიდხანს შეეძლოს ცხოვრება დამოუკიდებლად და ჯანსაღად, სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს. ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია სიჯანსაღის შენარჩუნების, ხოლო ამ აქტივობებს შორის ცეკვა ყველაზე სასარგებლოა განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ასაკში შედიხართ. ცეკვა გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გაჯანსაღებთ, ის ამავდროულად თქვენი გონების ჯანსაღ მუშაობასაც განაპირობებს“, - ამბობს პროფესორი რეფელდი.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, ცეკვა
<a href="https://medicalxpress.com/">https://medicalxpress.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია