ჯანმრთელობა

დაბალკალორიული საკვები, ნაკლები ნახშირწყლები და სხვა უშედეგო დიეტები

დაბალკალორიული საკვები, ნაკლები ნახშირწყლები და სხვა უშედეგო დიეტები

წონაში დაკლება გსურს, მაგრამ არ იცი, როგორ დაიწყო? ბევრს რომ ჰკითხო, გიპასუხებს, ეგ არაფერი, დიეტის დაწყება იოლიაო - „ხვალ“ რამდენიმე საათში დადგება, აგერ მოდის „ორშაბათიც“, ახალი თვე, ახალი სეზონი... „ახალი მთვარეც“ მისტიკურად გამოიყურება... თუმცა შენ, ალბათ, ზუსტად იცი, რომ დიეტას იწყებ ახლა, ამ მომენტში (უფრო ზუსტად, ტექსტის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ)! ჰოდა, რაკი ახლა იწყებ, კონკრეტული დიეტებიც გჭირდება, წესები, რომლებსაც დაიცავ და წონაში დაიკლებ!.. და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებ! თავიდან აიცილებ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, საკუთარი სხეულით არ გამოცდი ყველა მითისა და ლეგენდის მსხვრევის სიმწარეს - ტელეშოუში ხომ არ მონაწილეობ ბოლოსდაბოლოს?! ისე, ტელეშოუებიც ძალიან ეფექტურია, როცა ზედმეტ წონასთან ბრძოლას იწყებ...

მრავალი დიეტა არსებობს, მაგრამ იმის წინასწარ განსაზღვრა, მიიღებ თუ არა შედეგს, რთულია. თუმცა უფრო იოლია იმის გათვალისწინება, რაც უკვე გამოცდილი და დამტკიცებულია!

1. ნაკლები ნახშირწყლები

კვების რაციონში ნახშირწყლების შემცირებით შედეგს აუცილებლად მიიღებ, მაგრამ საჭიროა ზომიერად შემცირება. ორგანიზმმა ნახშირწყლების დღიური ნორმა უნდა მიიღოს. რაღაც დროის განმავლობაში ნახშირწყლების შემცირება ააქტიურებს მეტაბოლიზმს, ეს კი, გარკვეულწილად, წონის კლებასაც ნიშნავს.

სასურველი მიზნის მისაღწევად საჭიროა, მონაცვლეობით მიიღო ჯერ მცირე, შემდეგ დიდი რაოდენობით ნახშირწყლები.

არ დაგავიწყდეს, რომ დროთა განმავლობაში ნებისმიერი დიეტა (ნაკლები ნახშირწყლებიც კი) იწვევს ორგანიზმის მიჩვევას და დიეტა უშედეგო ხდება.

2. „სასარგებლო" საკვები და დანამატები

შესაძლოა, ძალიან დაგაინტერესოს სადღაც გაგონილმა, ან რომელიღაც ვებსაიტზე ამოკითხულმა ინფორმაციამ მაკის ფესვების, ცირცელისა თუ სპირულინის სასარგებლო თვისებების შესახებ. წარმოგიდგენია, რამდენი უნდა იწვალო, რომ ერთ მშვენიერ დილით ეს ყველაფერი შენს სამზარეულოში და შენს ბლენდერში აღმოჩნდეს?

ჰოდა, არ გინდა! სანამ მსგავსი საკვების შესახებ სანდო მტკიცებულებები არ გაქვს, ჩათვალე, რომ ფულსა და დროს უშედეგოდ კარგავ. ამიტომაც სასურველია, მართლაც სასარგებლო საკვები მიიღო, მაგალითად, მარცვლეული და მჭლე ხორცი!

3. ნატურალური წვენი

ნატურალური წვენის დიეტები და მისი საშუალებით ორგანიზმის გაწმენდა კარგა ხანია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველაფერი 70-იანი წლებიდან დაიწყო, დაახლოებით იმ დროიდან, როცა შეერთებულ შტატებში პოპულარული ხდება ვეგეტარიანელობა და აღმოსავლური ფილოსოფია.

ნატურალური წვენით წონაში დაკლების ერთადერთი მიზეზი, შემცირებული კალორიებია. ამ გზით მართლაც ძალიან მალე დაიკლებ. თუმცა, როგორც კი დიეტას დაასრულებ და ჩვეულებრივი კვების რეჟიმს დაუბრუნდები, იმაზე სწრაფად მოიმატებ, ვიდრე იკლებდი.

4. დეტოქსიკაცია

დეტოქსიკაციური დიეტები ნატურალური წვენის დიეტების მსგავსად მოქმედებს.

ის სხეულში არსებული ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე იძლევა შედეგს. დამტკიცებულია, რომ ეს დიეტა ყველა შემთხვევაში არ ამართლებს. თუ შენი ღვიძლი და თირკმელები კარგად მუშაობს, ტოქსინებიც ნაკლებია და გამოსადევნიც არაფერია.

დეტოქსიკაციური დიეტა, ძირითადად, კვების დაბალკალორიული გეგმაა, რომელიც იშვიათად იძლევა ხანგრძლივ შედეგებს.

5. პატარა ნაჭრები

არსებობს მითი: თუ საჭმელს პატარა ნაჭრებად დაჭრი და ისე შეჭამ, იოლად დაიკლებ. რა თქმა უნდა, ნელა ჭამა და სწორად ღეჭვა აადვილებს საკვების მონელების პროცესს და ქმნის სიმსუბუქის განცდას. თუმცა საკვების დაქუცმაცება მასში შემავალი კალორიების რაოდენობას არ ამცირებს. ამიტომაცაა ეს მითი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცოტა სულელურიც.

დაზოგე დრო, ენერგია და მიიღე მცენარეული საკვები - არა აქვს მნიშვნელობა როგორ დაჭრი, ის აუცილებლად დაგეხმარება ჯერ სიმსუქნესთან ბრძოლაში, შემდეგ კი წონის შენარჩუნებაში.

6. ღამის კვება

წონაში დაიკლებ, თუ საღამოს 8 საათის შემდეგ არ შეჭამ! ეს არ არის ჭეშმარიტება, თუმცა ზოგჯერ სიმართლესთანაც ახლოსაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე ღამით კომბოსტოსა და სტაფილოს ახრამუნებდეს. სავარაუდოდ, ამ დროს უფრო მძიმე საკვებს, ცხარესა და ტკბილს ეტანებიან, ამიტომაც არ ღირს 8 საათის შემდეგ ამ ყველაფრის მიღება.

ისე კი, ხომ შეიძლება გვიანობამდე მუშაობდე და ბოლო კვებიდან დაძინებამდე არაბუნებრივად დიდი „ფანჯარა“ გაჩნდეს? ასეთ დროს აუცილებლად უნდა „დახურო ფანჯარა“ - შეჭამე მარცვლეულის, სასარგებლო ცხიმების ან პროტეინის შემცველი საკვები. ეს არც 8 საათის შემდეგ შეგიქმნის წონის პრობლემას!

7. დაბალკალორიული საკვები

დაბალკალორიული საკვების მიღება მეტაბოლიზმს აფერხებს. ის ხელს უწყობს წონის კლებას მცირე ხნით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი 6 დიეტა, შემდეგ კი იწყება ორგანიზმის შიმშილი და კვლავ ცხიმების დაგროვება. იკვებე 2-3-საათიანი შუალედებით - ეს მეტაბოლიზმსაც გააძლიერებს და შიმშილის შეგრძნებასაც გააქრობს. მიიღე მცირე რაოდენობის, მაგრამ ცილებისა და რთული ნახშირწყლების შემცველი მაღალკალორიული საკვები.

დაბოლოს, არ არსებობს არანაირი სასწაულებრივი დიეტა ან ჯადოსნური გასახდომი ტაბლეტი! წონის დასაკლებად არსებობს ერთადერთი გზა - ზომიერი რაოდენობის, სასარგებლო ნივთიერებების შემცველი, ნატურალური საკვები!

ნუ დაელოდები „ახალ მთვარეს“, ჯანსაღი და სწორი კვების დრო არ იცდის!



წყარო: <a href="http://allwomenstalk.com">allwomenstalk</a>