მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს დღესასწაულს, რომელიც, უბრალო დღესასწაულისგან განსხვავებით, ტრადიციად აღიქმება და საკმაოდ დიდი მასშტაბებით აღინიშნება.
არსებობს ისეთი დღესასწაულებიც, რომლებიც არა მარტო კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის ცნობილი და რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს ქვეყნის ტრადიციებთან, კულტურასთან და რელიგიურ მრწამსთან.
ასეთი დღესასწაულების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოსთვის ცნობილ და გამორჩეულ რამდენიმე დღეს:
ეიდ ულ-ფიტრი, რამადანის დასასრული
მუსლიმანური დღესასწაული მარხვის დასრულებისას აღნიშნება. ეს დღესასწაული ცნობილია არა მარტო მუსლიმანური ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა მას მხოლოდ ისლამური სამყარო აღნიშნავს. დღესასწაულზე ოჯახები ძალიან ადრე დგებიან, რათა ილოცონ, ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგ კი მეჩეთში მსახურებასა და ქადაგებებს ესწრებიან. რელიგიური დღესასწაულების შემდეგ, ოჯახები სულის სიმშვიდესა და საყოველთაო სიყვარულს ზეიმობენ. ისლამური სამყარო რამადანის დასასრულს მუჰამედის დღესასწაულად მიიჩნევს.
დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, თუმცა, თითოეულ ქვეყანას მისი აღნიშვნის განსხვავებული დრო და მიზეზი აქვს. მაგალითად, საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისსა და 9 აპრილს აღვნიშნავთ. 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება აღინიშნება, ხოლო 70 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს – მისი აღდგენა. ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას ზეიმობს. მას 1776 წელს მოეწერა ხელი. ამ დღეს შტატებში აღლუმები იმართება, თამაშობენ ბეისბოლს, აწყობენ პიკნიკებსა და, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენთან, ეს დღე წარმოუდგენელია ფოიერვერკების გარეშე.
გაი ფაუკის ღამე
გაი ფაუკის ღამე, რომელიც ბრიტანეთში ცნობილია, როგორც კოცონის ღამე, არის დღესასწაული, რომელიც ეძღვნება გაი ფაუკის ხსოვნას. გაი ფაუკი იყო კაცი, რომელიც ცდილობდა, პარლამენტის სასახლე აეფეთქებინა და მოეკლა მეფე ჯეიმს პირველი. ეს დღესასწაული მთელ ბრიტანეთში აღინიშნება და დროთა განმავლობაში მან ცვლილებებიც განიცადა. წარსულში ბავშვები გაი ფაუკის მანეკენებით შემოსილები დადიოდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ახლა კი მხოლოდ კოცონს ანთებენ, ფოიერვერკებს აწყობენ და ხანდახან მანეკენებსაც წვავენ. მსგავსი ტრადიცია საქართველოშიც გვაქვს, რომელიც „ჭიაკოკონობის“ სახელითაა ცნობილი და საფუძვლად განსხვავებული ისტორია უდევს.
ჰელოუინი
ჰელოუინი წარმართულ დღესასწაულად მიიჩნევა. წარსულში ეს დღე განიხილებოდა, როგორც ყველაზე მკაფიო ზღვარი ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის. ის პირველად ირლანდიელმა და ბრიტანელმა კელტებმა აღნიშნეს. ემიგრანტებმა ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია აშშ-შიც ჩაიტანეს და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჰელოუინს ყველა წმინდანთა მოხსენიებას უკავშირებენ და კათოლიკური სამყარო მას პირველ ნოემბერს აღნიშნავს.
მადლიერების დღე
არსებობს ბევრი არასწორი ვერსია მადლიერების დღესთან დაკავშირებით. ეს არის დღე, რომელიც ტრადიციად ჩამოყალიბდა და ძირითადად მოსავლის აღების შემდეგ აღინიშნება. შემოდგომის მიწურულს ოჯახები ერთად ხვდებიან მას. ქვეყნების მოსახლეობა, სადაც მადლიერების დღეს აღნიშნავენ, მიიჩნევს, რომ პირველად ეს დღე პლიმუთის კოლონიის მაცხოვრებლებმა , 1621 წელს, პირველი მოსავლის აღების შემდეგ იზეიმეს. პრეზიდენტმა ლინკოლნმა, სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, ეს დღე ნაციონალური დასვენების დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ის ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება.
აღდგომა
აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რაც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება. დღესასწაული ძირითადად მარტში ან აპრილში აღინიშნება, რაც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული. აღდგომა დიდმარხვის დასასრულსაც ნიშნავს. 155 წელს წმინდა ანიცეტუსმა, მას შემდეგ, რაც პაპი გახდა, დიდმარხვის დასრულების დღე დააწესა, რაც რომაული წეს-ჩვეულებებზე დაყრდნობით განახორციელა.
თემები: ჰელოუინი, ახალი წელი, დღესასწაულები, მადლიერების დღე, აღდგომა, გაი ფაუკის ღამე, დამოუკიდებლობის დღე, რამადანი
<a href="http://allday.com/post/7622-the-strange-surprising-and-violent-origins-behind-15-popular-holidays/pages/4/http://allday.com/post/7622-the-strange-surprising-and-violent-origins-behind-15-popular-holidays/pages/4/">http://allday.com/post/7622-the-