კარგი ამბით დავიწყებ და გეტყვით, რომ ადამიანის ხელახლა შეყვარება, შესაძლებელია.
ფსიქოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიყვარული ემოციაა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სიყვარული ჰგავს ემოციებს, თუმცა ის უფრო კომპლექსურია, რაც ადამიანში იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. თუმცა, განსხვავებით სხვა ემოციებისგან, როგორიც არის გაბრაზება და სიხარული, სიყვარული სწრაფწარმავალი არ არის. ის, უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, სხვადასხვა გრძნობების ერთობლიობაა. მაგალითად, ნდობის, პატივისცემის, ემოციური კავშირის, ფიზიკური ლტოლვისა და საერთო ინტერესების.
როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი ადამიანის ხელმეორედ შეყვარება შესაძლებელია. მკვლევარები ამას „სიყვარულის რეგულირებას“ უწოდებენ. უახლესმა, მისოურის უნივერსიტეტისა და წმინდა ლუისის, ასევე, ერასმუსის როტერდამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გრძნობების გაღრმავება იმ ფიქრების მეშვეობით, როგორ უყვარდათ ერთ დროს კონკრეტული ადამიანი. ადამიანებს, განშორების შემდეგ, ასევე შეუძლიათ, თვითნებურად, გაუცნობიერებლად შეამცირონ მეორე ადამიანის მიმართ გრძნობებიც.
აღნიშნული კვლევა აგვისტოში გამოქვეყნდა. მასში 40 ადამიანი იყო ჩართული, რომელთაგან ნახევარი კვლევის მომენტშიც იმყოფებოდა სასიყვარულო ურთიერთობებში, ხოლო ნახევარი უახლეს წარსულში დაშორდა მეორე ნახევარს. ყველა მათგანს ლაბორატორიისთვის მოტანილი ჰქონდა თავისი პარტნიორის 30 ფოტო. მათ სთხოვეს, ფოტოებზე დაკვირვებისას ჯერ პოზიტიურად ეფიქრათ თავიანთ ურთიერთობასა და მომავალზე, ხოლო შემდეგ – ნეგატიურად.
თუმცა, ამ დავალებების შესრულებამდე, მონაწილეებს სთხოვეს, ესაუბრათ, რამდენად დაახლოებულები იყვნენ თავიანთ პარტნიორებთან და რამდენად გატაცებულები მათით. მკვლევარები, პარალელურად, მონაწილეების ტვინში არსებულ ტალღებსაც აკვირდებოდნენ, რომლებიც ადამიანების გონებაში მაშინ ძლიერდება, როცა ისინი კონცენტრირებულნი არიან მათთვის ემოციურად აქტუალურ საკითხებზე.
ფოტოებზე დაკვირვებით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები „სიყვარულის რეგულირების“ გადაჭარბებულ მდგომარეობაში იყვნენ და ემოციურად იმაზე მეტად იყვნენ თავიანთ პარტნიორებზე დამოკიდებული, ვიდრე ამას სიტყვით გამოხატავდნენ. მაშინ, როცა მონაწილეები ნეგატიურად ფიქრობდნენ თავიანთ ურთიერთობებსა და მომავალზე, მათი „სიყვარულის რეგულირების“ მაჩვენებელი ძალიან იკლებდა.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ სიყვარულის კონტროლი შეუძლებელია და შესაბამისად, არც ცდილობენ“, – ამბობს სანდრა ლანგესლაგი, მთავარი მკვლევარი და მისოურისა და წმინდა ლუისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მეცნიერებების პროფესორის ასისტენტი. „ეს კვლევა კი იმიტომ ჩატარდა, რომ ადამიანებს გაეგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებისთვის, საითკენ მიმართავენ თავიანთ ფიქრებს“.
ადამიანები თითქმის არასოდეს ფიქრობენ იმას, რომ სიყვარულის გრძნობას თავად იწვევენ და შემდეგ ზეგავლენასაც თავადვე ახდენენ მასზე. მათ ჰგონიათ, რომ სიყვარული არის რაღაც, რაც შემთხვევით ემართებათ. ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სიყვარულის კონტროლი, ნაწილობრივ მართალია. თუმცა, ამაში მხოლოდ ის იგულისხმება, რომ არ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ეს გრძნობა ისე, როგორც მონარქები აკონტროლებდნენ მიწებსა და თავიანთი სამეფოების მთლიანობას. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გრძნობების ფორმირება, ემოციების კონტროლი, თავის შეკავება ან პირიქით.
„სიყვარულის რეგულირება“
იმისთვის, რომ სხვა ადამიანის მიმართ საკუთარი გრძნობები ვმართოთ, საჭიროა, ჩვენს ქცევებზე ყოველდღიურად ვიმუშაოთ:
1. მომართე საკუთარი ფიქრები პოზიტიურისკენ
კონცენტრირდი იმაზე, რა მოგწონს საკუთარ პარტნიორში და მასთან ურთიერთობაში. იფიქრე ბედნიერ სამომავლო სცენარზე. მსგავსი ფიქრები ჩამოწერე და წაიკითხე ისეთი ურთიერთობების დროს, რომლებიც, კონკრეტული პრობლემების მიუხედავად, გამოსწორდა.
2. ურთიერთობის გასახალისებლად მიმართე სხვადასხვა ხერხს
ჩაეხუტეთ თქვენს პარტნიორს ყოველ დილა-საღამოს. ეცადეთ, ხშირად შეხვდეთ მას თბილად, მოუსმინეთ, როცა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.
3. ხშირად გაუღიმე მას
ღიმილი ტვინს ნერვულ მესიჯებს უგზავნის, რაც ადამიანში ბედნიერების განცდას წარმოქმნის. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ, როცა ვიღიმით, ჩვენი სახის კუნთების მოძრაობა ოდნავ ამახინჯებს სახის ძვლების ფორმას. აღნიშნული კი აჩქარებს სისხლის მოძრაობას ტვინში, რის შედეგადაც იზრდება დოფამინის რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში და ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს. როცა ვინმეს ვუღიმით, როგორც წესი, სანაცვლოდ, ისინიც გვიბრუნებენ ღიმილს. ურთიერთობაში კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან, ორივე პარტნიორმა კარგად იგრძნოს თავი.
4. დაკავდი სექსით
სექსი ადამიანის ტვინში ბედნიერებისთვის აუცილებელ ქიმიურ ნივთიერებებს წარმოქმნის, რის გამოც პარტნიორებს სექსის შემდეგ გაცილებით მიმზიდველი ეჩვენებათ ერთმანეთი.
5. გააფართოვე შენი პერსპექტივა
დაფიქრდი იმაზე, რომ შენს პარტნიორს მხოლოდ ერთი კუთხით ხედავ და არასოდეს დაინტერესებულხარ, როგორ ხედავენ მას სხვები?! ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგო, როგორია შენი პარტნიორი თავის მეგობრებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან.
6. „გაატარე“ წვრილმანები
ყველას გვაქვს მომენტები, როცა ისეთ რამეს ვერ ვაკეთებთ, რაც აუცილებელია, ეს კი ურთიერთობებში ხშირად იწვევს კონფლიქტებსა და დაძაბულობებს. მნიშვნელოვანია, რომ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მსგავსი რამეები ჩვენც ხშირად გვემართება და ეს არ ხდება იმიტომ, რომ ვინმე არ გვიყვარს, ან ვინმეს არ ვუყვარვართ.
7. სცადეთ სიახლეები ერთად
კვლევები აჩვენებს, რომ, თუ წყვილები სიახლეებს ერთად ეცნობიან, ერთმანეთის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს იზიარებენ, გაცილებით მჭიდრო ურთიერთობაში არიან. ამიტომაც, სცადე სიახლეები საყვარელ ადამიანთან ერთად.
8. დასვი კითხვები
ახლად გაცნობილი ადამიანები ერთმანეთს გაუჩერებლად ესაუბრებიან. დროსთან ერთად კი, ეს თითოეული ადამიანისთვის ინტიმური საკითხი ხდება და ადამიანებს შორის საუბრის სიხშირეც ნელ-ნელა იკლებს. ამიტომ ხშირად ესაუბრე პარტნიორს, დაუსვი კითხვები ყოველდღიურად და დაინტერესდი დღის განმავლობაში მომხდარი ამბებით.
თემები: სიყვარული, ყურადღება, ბედნიერება, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, მზრუნველობა
<a href="http://www.wsj.com/articles/how-to-fall-back-in-love-1482164387">http://www.wsj.com</a>