რას ფიქრობენ დასაქმებული დედების შვილები თავიანთ დედებზე ზრდასრულ ასაკში - კვლევის შედეგი
- 16.03.2019
თანამედროვე დედების დიდი ნაწილი, გასულ წლებთან შედარებით, დასაქმებულები და შვილის აღზრდასა და სამსახურს ერთმანეთს უთავსებენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, გოგონები, რომლებიც გაზარდეს დასაქმებულმა დედებმა, ზრდასრულ ასაკში გამოიმუშავებენ უფრო მეტ ფულს, აღწევენ უფრო დიდ კარიერულ წარმატებას და ყალიბდებიან ლიდერებად, ვიდრე ის გოგონები, რომელთა დედებიც არ მუშაობდნენ.
და მხოლოდ ეს არ არის, დასაქმებული დედების ვაჟები ზრდასრულ ასაკში კარიერასთან ერთად ორიენტირებულები არიან ოჯახზე ზრუნვაზე, სურთ, რომ უფრო მეტად იყონ ჩართულები შვილზე ზრუნვის პროცესში. შვილზე ზრუნვა და საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის საქმედ არ მიაჩნიათ და თვლიან, რომ ქალმა და კაცმა პასუხისმგებლობები თანაბრად უნდა გაინაწილონ.
ვნახოთ, რას ამბობენ დასაქმებული დედების მიერ აღზრდილი შვილები ზრდასრულ ასაკში, რას ფიქრობენ ზრდასრული ადამიანები დედებზე, რომლებიც საოჯახო საქმეს კარიერას უთავსებდნენ.
1. ქაილი კერი, 39 წლის - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამბიციურობა, კარიერული წარმატება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ დედა მუშაობდა. ის ერთ-ერთი კომპანიის HR გახლდათ და მამასთან განქორწინების შემდეგ, მარტოხელა დედა იყო. ის, რომ დამოუკიდებლად მიწევდა გარკვეული საკითხების მოგვარება, ცხოვრებაში დამეხმარა, უფრო მეტად ადაპტირებადი ვარ უცხო გარემოსთან და მარტივად ვიღებ სიახლეებს. სიმართლე გითხრათ, ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხა ამ ქალმა სამსახურთან ერთად ჩემი და ჩემი ძმის გაზრდა.
2. ბლერ ნაით გრეივსი, 25 წლის - მე ვუყურებდი დედას, რომელიც ზრუნავდა ჩემზე, საოჯახო საქმეებზე და ამასთანავე, მუშაობდა. ეს საოცრება იყო და ჩემთვის შთაგონების წყარო გახლდათ. იყო მარტოხელა დედა და ამავდროულად, მუშაობდე, საოცრებაა. მან მასწავლა, როგორ უნდა მიმემართა მთელი ჩემი ენერგია განათლების მიღებისკენ, როგორ უნდა დამემყარებინა კომუნიკაცია ადამიანებთან, რომ სწორი კომუნიკაციის საშუალებით მიიღწევა წარმატება როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში. მე ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება იმის დამსახურებაა, რომ ბავშვობაში ვუყურებდი ქალს, რომელიც ზრუნავდა შვილზე და ამავდროულად, მუშაობდა, ეს მთავარი შთამაგონებელი იყო.
3. კრისტიან მაუნთინი, 41 წლის - შეიძლება ვთქვა, რომ სამუშაო გარემოში გავიზარდე. დედა ყოველთვის მუშაობდა და ამავდროულად, ითხოვდა, რომ სახლში ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული და შესაბამისი განგრიგის მიხედვით ყოფილიყო. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამის საშუალებით დავინახე გენდერული სტერეოტიპები და აღვიქვი რამდენად მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცისთვის პასუხისმგებლობების თანაბრად განაწილება.
„ყველა ვალდებულია, რომ საქმე შესრულებული იყოს“, - იტყოდა დედა და არ ჰქონდა მნიშვნელობა რა საქმეზე იყო საუბარი. ის არ ყოფდა ორ ნაწილად ქალისა და კაცის საქმეებს. დღეს მე საკუთარი ბიზნესი მაქვს, დაკავებული და წარმატებული ვარ, თუმცა არასდროს მავიწყდება, რომ სახლშიც ყველაფერი მოწესრიგებული უნდა მქონდეს. არ ველოდები როდის დარეცხავს ცოლი ჭურჭელს, ან როდის გახეხავს აბაზანას. ასეთი რომ ვარ, ვფიქრობ, სწორედ დედას დამსახურებაა.
4. შერილ ლოფლინი, 44 წლის - მე ვხედავდი დედას, რომელიც უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლობდა, სწავლის ფულს თავად გამოიმუშავებდა და ამავდროულად, სამ შვილს სრულიად მარტო ზრდიდა. და ახლა, როცა ვეკითხები, როგორ ახერხებდა ამას, ის მარტივად მპასუხობს - „ადამიანი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც უნდა რომ გააკეთოს“. მე ვფიქრობ, შეუძლებელი იყო ამ ქალისთვის გეყურებინა, გენახა მისი წარმოუდგენელი შესაძლებლობები, ის, თუ როგორ ანაწილებდა დროს ყველაფერზე, და წარმატებული არ ყოფილიყავი. ჩემს კარიერულ წარმატებას დიახ, დედაჩემს ვუკავშირებ.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ქალები, რჩევები, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>