ურთიერთობების კონსულტანტი, ამერიკელი ქალბატონი ბარბარა დე ანგელისი ამბობს: „საყვარელ ადამიანს ვკარგავთ არა იმიტომ, რომ სიყვარულს ვაგრძნობინებთ, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულს ვზოგავთ“.
ზოგადი ბედნიერებისთვის ადამიანების ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩვენი როლი ამ ურთიერთობაში: როდესაც რთული პერიოდი დგება, ვიწყებთ პარტნიორის უარყოფით მხარეებზე დაკვირვებას და მიზეზს იქ ვეძებთ, ის კი გვავიწყდება, რომ უპირველესად საკუთარ ქცევებს უნდა ჩავუღრმავდეთ – ეს ერთადერთი რამაა, რისი კონტროლიც შეგვიძლია. თუ გსურს, უკეთესი პარტნიორი გახდე, 7 წესი უნდა დაიცვა:
7. წარსული წარსულში დატოვე
ყოველი ჩვენგანი, გარკვეულწილად, რაღაც ტვირთს ატარებს – ბავშვობაში შთანერგილ მომავლის მოლოდინებს, წარსულში დაგროვილ გამოცდილებებს და ა.შ. და ეს ყველაფერი, როგორც წესი, ხელს გვიშლის აწმყოში – ურთიერთობის რეალური პოტენციალის დანახვაში. მარტოობა, სიცარიელე ან უკმარისობის გრძნობა ერთხელ მაინც განუცდია ნებისმიერ ადამიანს, ამიტომაც ცხოვრებაში რაც არ უნდა გვქონდეს, ყოველთვის გვგონია, რომ რაღაც გვაკლია. ამ პრობლემის გამოსავალი საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და უპირველესად, საკუთარ თავთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, სხვა დანარჩენი კი თავისთავად მოგვარდება.
6. იკამათე მეორე მხარისთვის
კამათის დროს საკუთარი პოზიციების დაცვას ვცდილობთ, სანამ მოწინააღმდეგეს (ამ შემთხვევაში პარტნიორს) არ დავამარცხებთ. წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, პოზიციები რომ გაგვეცვალა – საკუთარი მოსაზრების დასაცავი მტკიცებულებების შეგროვების ნაცვლად, არგუმენტები მოწინააღმდეგის გასამართლებლად რომ გამოგვეყენებინა. ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს ჯანსაღი არგუმენტები ექნებოდა და შენც შეძლებდი ნებისმიერი პოზიცია სინდისიერად დაგეცვა, თანაც ორივე მხარის სიმართლე წარმოჩნდებოდა, რაც საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტდა და, შესაბამისად, კამათის დასრულებასაც განაპირობებდა.
5. აკონტროლე რეაქციები
ემოციურ სიტუაციებში გადამეტებული რეაქციის გამოვლენა ბუნებრივი მოვლენაა, მეორე მხრივ კი ადვილია, დაინახო, როდესაც ადამიანი ასეთ დროს მართლაც აჭარბებს. თუმცა, საკუთარი თავის გაკონტროლება რთულია, ჩვენი მოქმედებები ხომ იქიდან გამომდინარეობს, რას ვგრძნობთ მოცემულ მომენტში. გახსოვდეს: რეაქციის კონტროლი პრობლემის უარყოფას არ ნიშნავს და მისი ერთადერთი გასაღები იმაზე ფიქრია, როგორ გვსურს, თავს ვგრძნობდეთ და არა რეალურად როგორ ვგრძნობთ თავს.
4. მორჩი წუწუნს
ადამიანი დღეში, საშუალოდ, 15-30-ჯერ დაწუწუნებს ხოლმე. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, თანაც ამ დროს უმეტესად ყველა დამნაშავეა. იმას არ ვამბობთ, რომ ადვილია, ყველაფერი „დაიკიდო“ და არ იწუწუნო, თუმცა კარგი აზრია, ასეთ დროს თუ გაიაზრებ, რაზე წუწუნებ. ამის შემდეგ კი 2 გზა გრჩება – რეალობას შეურიგდე ან პრობლემა გადაჭრა. თუ გადაწყვეტ, რომ პრობლემის გადაჭრას აპირებ, ისიც თქვი, ამისთვის რის შეცვლას გეგმავ. პრობლემის გადაჭრაზე ხმამაღლა ფიქრი ტვინს პოზიტიური განწყობისკენ უბიძგებს და სულ მალე მზად იქნები, ის სიტუაცია შეცვალო, რომელიც აქამდე დისკომფორტს გიქმნიდა.
3. მოიფიქრე, რა შეგიძლია, გააკეთო პარტნიორისთვის
„ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტი“ ეფუძნება მოსაზრებას, რომ კარგად იმ ადამიანებს ვექცევით, ვინც მოგვწონს და ცუდად – მათ, ვინც არ მოგვწონს. თუმცა ფსიქოლოგები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: საქმე ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც რამე კარგს ვუკეთებთ, თანდათან მოგვწონს კიდეც. ამიტომაც, ურთიერთობაში ორივე მხარისთვის სასარგებლოა, ერთმანეთს თუ ჰკითხავენ: „რისი გაკეთება შემიძლია შენთვის?“ მიყევი ამ რჩევას და ნუ დაიზარებ, პარტნიორი ასიამოვნო.
2. ყურადღება გაამახვილე საკუთარ გამაღიზიანებელ მანერებზე
გვესმის, რომ პარტნიორის ბევრი უაზრო ჩვევა გაღიზიანებს – მაგალითად, ის, რომ გასარეცხ ტანსაცმელს იატაკზე ყრის, ვახშმისას ტელეფონს არ თიშავს, ნაგვის გატანა ავიწყდება და ა.შ. არ გინდა, საკუთარ თავშიც ჩაიხედო? იქნებ შენც გაქვს მავნე ჩვევები, რომელიც შენს პარტნიორს ნერვებს უშლის? ურთიერთობაში უთანხმოება სწორედ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანების გამო ყალიბდება!
1. კარგად გამოიძინე
დიახ, ნუ გვკითხავ, – კი მაგრამ, ეს რაღა შუაშიაო. უძილობა ნერვულ აშლილობას იწვევს და როდესაც გადაღლილები და გამოუძინებლები ვართ, უმნიშვნელო დეტალებზეც კი გადამეტებულად ვრეაგირებთ, ფიცხ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და დაძაბულ ატმოსფეროს ვქმნით. კარგად დასვენებულ ადამიანს კი ემოციების კონტროლი შეუძლია, ამიტომაც, დიახ, ეს პუნქტი მნიშვნელოვანია – კარგად გამოიძინე!
თემები: სიყვარული, ძილი, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, წარმატება, რჩევები
<a href="https://www.powerofpositivity.com/7-ways-to-be-better-relationship-partner/">https://www.powerofpositivity.com</a>