2016 წელი მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ ხმაურიანი, სიურპრიზებით სავსე, ემოციური და მძიმეც კი იყო. დაიღუპა უამრავი საერთაშორისო და მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩატარდა მნიშვნელოვანი არჩევნები და არც ტრაგიკული და ტერორისტული შემთხვევებისგან გამოწვეული აბობოქრებული ტალღები მოჰკლებია მსოფლიოს წელს. მსოფლიოსა თუ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ამიტომაც ხშირად გვინდება, თავი ავარიდოთ სახელმწიფოებრივ სტრესს.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები, გასულ წელთან შედარებით, მშვიდ წელს გვიწინასწარმეტყველებენ, საჭიროა, კონკრეტული გეგმები დავსახოთ მუდმივი სტრესისგან თავის დასაღწევად. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ უსიამოვნებას მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდებით ვებრძოლოთ. ჩვენ გირჩევთ:
1. ისუნთქეთ ღრმად
ჩვენს სხეულსა და ორგანიზმს აქვს სტრესის საწინააღმდეგო თანდაყოლილი მექანიზმი: ეს, უპირველესად, ჩვენი გონება და ფილტვებია. აფექტურ მომენტში იფიქრეთ იმაზე, რომ მყარად დგახართ მიწაზე და აანალიზებთ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. გარემოზე კონცენტრირება ხშირად ამსუბუქებს სტრესს.
2. იარეთ ფეხით
ფეხით სიარული ვარჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. თუმცა, სახლისა და სავარჯიშო დარბაზის პირობებში ვარჯიშიც ძალიან კარგი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. კვლევების მიხედვით, დამტკიცებულია, რომ სუფთა ჰაერზე და ბუნებაში სეირნობა ადამიანის განწყობას საკმაოდ აუმჯობესებს. შეარჩიეთ სეირნობისთვის კარგი ამინდი და იზრუნეთ განწყობის გაუმჯობესებაზე.
3. ეძებეთ ახალი თავგადასავლები
დაივიწყეთ რეალური თერაპიები და მიმართეთ სათავგადასავლო თერაპიებს. კვლევების მიხედვით, თავგადასავლებისა და გამოცდილებების გამო დახარჯული ენერგია და მატერიალური რესურსი ერთგვარი სიამოვნებაა. თუ აქამდე თავს იკავებდით საყვარელი ჯგუფის კონცერტზე სხვა ქვეყანაში გამგზავრებაზე, ყველაფერი იღონეთ, რომ 2017 წელს მსგავსი ოცნებები აიხდინოთ!
4. იქონიეთ მადლიერების ჟურნალი
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმას მისცემთ მას. ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ცუდი და უარყოფითი ფიქრების ჩამოწერა გონებას ეხმარება, ზედმეტი და უსარგებლო ინფორმაციისგან განთავისუფლდეს და პოზიტიურად განეწყოს. ასევე, ბონუსად, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, დააგროვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზე ღელავდით და რა გაწუხებდათ. ამგვარად, ყოველთვის შეძლებთ პრიორიტეტების განსაზღვრას და გაცილებით უკეთ გაიაზრებთ, რის გაკეთება ღირს მომავალი წლისთვის სხვაგვარად.
5. საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლეთ რეალური თერაპიებით
არაფერია საშიში და სამარცხვინო იმაში, რომ ადამიანმა დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოს, თუ ფიქრობს, რომ მისი დახმარება სჭირდება. საუბრის თერაპია ძალიან სასარგებლოც კია უარყოფითი ემოციის დასაძლევად, ქცევითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გასაუმჯობესებლად.
6. ნაკლები დრო დაუთმეთ მედიას
თუ თქვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის სიახლეები, რაც მედიაში შუქდება, მაშინ გირჩევთ, მედიის მიერ გაშუქებულ სიახლეებს ნაკლებად გაეცნოთ. გამომდინარე იქიდან, რომ უარყოფით სიახლეებს მენტალურ ჯანმრთელობაზე არცთუ სასიკეთო გავლენა აქვს, გირჩევთ, განსაკუთრებით მოერიდოთ ნეგატიურ ინფორმაციებს.
7. შეცვალეთ მუსიკალური ფლეილისტი
კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის შფოთვას საგრძნობლად ამცირებს სწორი მუსიკა სწორ დროს. ამიტომ, ცუდად ყოფნის პერიოდში ეცადეთ, არ მოუსმინოთ მძიმე როკს, ან ისეთ მუსიკას, რომელიც სიმშვიდეს არ გგვრით.
8. დაიძინეთ ერთი საათით ადრე
ძილი მაგიური წამალია ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. უძილობისას ადამიანი დიდი რაოდენობით თუთიას კარგავს, რაც ხელს უშლის ემოციების რეგულირებას და იწვევს გაღიზიანებას. ოდნავ მეტი დასვენება არ გაწყენდათ.
9. შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება
გრძელი და დამღლელი დღის ბოლოს კარგი წითელი ღვინო, რა თქმა უნდა, საუკეთესო თერაპიაა, მაგრამ რეგულარულად მისი მიღება, განსაკუთრებით კი რთული კვირის ბოლოს, ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას გამოიწვევს. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის სასიკეთო არ არის, რადგან შფოთვასა და გაღიზიანებას ამძაფრებს.
10. შეწყვიტეთ ურთიერთობა „ტოქსიკურ“ ადამიანებთან
კვლევები ადასტურებს, რომ სტრესი გადამდებია. ასევეა ბედნიერებაც. აირჩიეთ ამ ორს შორის თქვენთვის სასურველი და იურთიერთეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის საჭირო ენერგიას ასხივებენ.
11. უთხარით ადამიანებს თქვენი შფოთვის შესახებ
როგორც სარა ჯესიკა პარკერი, ქერი ბრედშოუს ამპლუაში, სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ ხშირად ამბობდა, ემოციების გაზიარება ადამიანებს ძალას გვმატებს. ისაუბრეთ თქვენი წუხილისა და ფიქრების შესახებ. თუ ამის გაკეთება მეგობრებთან და ახლობლებთან არ გსურთ, მიმართეთ ფსიქოლოგს.
12. გაიღეთ შემოწირულობა სხვადასხვა ორგანიზაციისთვის
სხვა ადამიანების დახმარება მენტალური ჯანმრთელობის პროცესებს საგრძნობლად აუმჯობესებს. ადამიანს სხვა ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა საზოგადოებაში ინტეგრირებასა და კომუნიკაციაშიც უწყობს ხელს.
13. აკეთეთ სიკეთე სპონტანურად
დაეხმარეთ ადამიანებს ქუჩაში, სრულიად უცნობი დაპატიჟეთ ყავაზე ან ლანჩზე, ან უბრალოდ დაეხმარეთ მათ, ვისაც გზაზე გადაეყრებით და მიხვდებით, რომ თქვენი დახმარება სჭირდება. მსგავსი ქმედებები ამაღლებს ადამიანის განწყობას და მეტი სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს მას. სიყვარულის გაცემა, პირველ რიგში, იმ ადამიანს აბედნიერებს, რომელიც მას გასცემს.
14. მიეცით საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლება
ადამიანებს ხშირად გვჭირდება დაგროვებული ემოციის გამოშვება და საკუთარ თავზე კონცენტრირება. მიეცით საკუთარ თავს ცუდად ყოფნის უფლება და კონცენტრირდით იმაზე, რომ ეს პერიოდი მალე გაივლის, თქვენ კი ახალი ემოციებითა და ენერგიით შეუდგებით საქმეს.
15. დაგეგმეთ დასვენება
დასვენების პერიოდი ყოველთვის დაგეგმეთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დროით უნდა დაისვენოთ. ფსიქოლოგების აზრით, მოგზაურობა და სხვა აქტივობები ზრდის ბედნიერების ხარისხს.
16. გამოიყენეთ თვითშთაგონების მეთოდი
შინაგანი დიალოგი დიდ როლს თამაშობს ადამიანის როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ასევე მისი ბედნიერების ხარისხის განსაზღვრაში. ისაუბრეთ ხშირად საკუთარ თავთან და რთულ მომენტებში იმეორეთ, რომ აუცილებლად შეძლებთ. დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ შეუძლებელიც შეგიძლიათ.
17. დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი დასვენებით
ხშირად ადამიანების ცხოვრებაში ის ხდება, რაც თავად სჯერათ. კრიტიკული თვალით შეხედეთ საკუთარ ქმედებებს. სანამ ახალი ძალებით შეუდგებით საქმეს, ცოტა დაისვენეთ და შემდეგ ახალი ენერგიით განაგრძეთ. დასვენება ბედნიერების გასაღებია.
გისურვებთ, ბედნიერ 2017 წელს!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ძილი, ყურადღება, მოგზაურობა, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, მზრუნველობა, ქალები, წარმატება, მოტივაცია, შობა
<a href="http://huff.to/2hQunpJ">http://huff.to</a>