როდესაც ძალიან წარმატებული ადამიანის შესახებ ვსაუბრობთ, ყოველთვის ვსვამთ კითხვას: „მაინც როგორ მიაღწია ამდენს?“. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პროფესიული სოციალური ქსელი – LinkedIn ყოველწლიურად აქვეყნებს ინტერვიუებს მსოფლიო კორპორაციების აღმასრულებელ მენეჯერებსა და შოუბიზნესის გავლენიან ფიგურებთან: წაიკითხე მათი რჩევები და ახალი წელი ახალი იდეებით დატვირთულმა დაიწყე!
რჩევები კომპანიაში ზრდისა და დაწინაურების შესახებ
ინდირა ნუი, PepsiCo-ს აღმასრულებელი მენეჯერი: „კარიერის დასაწყისზე რომ ვფიქრობ, სულ ის მომენტები მახსენდება, როდესაც ძალიან რთული დავალების შესასრულებლად ყოველთვის მე მომმართავდნენ – კომპლექსური პრობლემების გამარტივების ნიჭი მქონდა. და იცით, რატომ? დღესაც, როდესაც ასეთი პრობლემის გადაჭრა მიწევს, ვივიწყებ, რომ კორპორაციის პრეზიდენტი ვარ და იმ წუთებში სტუდენტი ვხდები!“
ჯეფ იმელტი, General Electric-ის აღმასრულებელი მენეჯერი: „ჩემი ერთ-ერთი პიროვნული ფილოსოფია ისაა, რომ საკუთარ თავს ვარწმუნებ, ყოველთვის შემიძლია, უკეთესი გავხდე. მუდმივად ვცდილობ, ვისწავლო, პროფესიული უნარები გავიუმჯობესო და ხელი შევუწყო მათაც, ვინც იგივეს ცდილობს“.
ჯონ უატსონი, Chevron-ის აღმასრულებელი მენეჯერი: „იცით, რა აღმოვაჩინე? მიუხედავად იმისა, რომ Chevron დიდი კომპანიაა, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს – ადამიანები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობენ, მუდმივად მოძრაობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ ურთიერთობებსაც ვაშენებთ. ყველაზე ეფექტიანი კი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა შეგიძლია“.
რეი დალიო, Bridgewater Associates-ის აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „წარმატებისკენ მიმავალი გზა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც შეეცდები, გაარკვიო, რაც არ იცი და მხოლოდ ცოდნის სფეროთი არ შემოიფარგლები. დაუშვი შეცდომები და მათ გადაწყვეტაზე იფიქრე. მხოლოდ ასე გაიზრდები“.
რჩევები სოციუმის შესახებ
გვინეთ პელტროუ, მსახიობი და კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია goop-ის დამფუძნებელი: „ვცდილობ, შემოქმედებითი ადამიანების წრეში ვიტრიალო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას უმეტესად საკუთარ ინსტინქტებს ვენდობი, რჩევის კითხვაც მიყვარს: გააზრებული მაქვს, რომ მსოფლიოში ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები არსებობენ და რადგანაც მათზე ხელი მიმიწვდება, ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ“.
ლი დენიელსი: რეჟისორი და პროდიუსერი: „გარშემო ისეთ ადამიანებს ვიკრებ, რომლებიც მამხნევებენ და წინსვლაში მეხმარებიან. მე ხომ პასუხს მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვაგებ – ამხელა შემოქმედებითი გუნდი მაბარია. ამიტომაც მე მხოლოდ „მე“ კი არა, მთლიანი გუნდი ვარ!“
რჩევები განათლების აუცილებლობის შესახებ
ჰილარი კლინტონი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი: „სამართლის სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის ვალი მქონდა გასასტუმრებელი. თუმცა ამავდროულად დასაქმების პერსპექტივაც გამომიჩნდა და ვალების გადახდა შემეძლო. სწორედ განათლების დამსახურებით ვიშოვე სამსახური ბავშვთა დაცვის ფონდში, ამიტომაც ვასწავლიდი სამართალს არკანზასის სამართლის სკოლაში, თანაც ორივეგან ძალიან ცოტას მიხდიდნენ, მაგრამ შემეძლო, საკუთარი თავისთვის იმის უფლება მიმეცა, რომ საყვარელი საქმიანობით დავკავებულიყავი და სწავლის ვალიც დამეფარა. მინდა, ყველას მიეცეს ასეთი შანსი“.
ბილ გეითსი, ფონდ Bill & Melinda Gates-ის დამფუძნებელი: „მეცნიერების, საინჟინრო ან ეკონომიკის ხარისხის მოპოვებისას ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა წამოიღოთ – იქ მიღებული ცოდნა ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ“.
ბობ გრინბლატი, NBC Entertainment-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „თეატრალური სკოლის შემდეგ სწავლა ბიზნესის მიმართულებით გავაგრძელე, თუმცა, ასევე, კინოს ფაკულტეტზეც ვისწავლე და უმაღლესი თეატრალური განათლებაც მივიღე. დღეს ორივე სახის ცოდნას ვიყენებ – როგორც პრაქტიკულს, ასევე შემოქმედებითს“.
რჩევები პიროვნული განვითარების შესახებ
პრიანკა ჩოპრა, მსახიობი და დამოუკიდებელი მეწარმე: „12 წლის რომ ვიყო, საკუთარ თავს ავუხსნიდი, რომ სხვებისგან განსხვავებულობა არ ნიშნავს, თითქოს ვინმეზე ნაკლები ხარ. როდესაც ახალ ქალაქში ან ქვეყანაში ჩადიხარ, იქ არავინ გგავს, თუმცა საკუთარი უნიკალურობა ნაკლად არასოდეს უნდა მიიჩნიო“.
გვენ სტეფანი, მუსიკოსი და დიზაინერი: „იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე, ვინ ხარ და საკუთარი უნიკალურობით იამაყო, არასოდეს ეცადო, გახდე ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნები სხვებისგან გამორჩეული“.
რასელ სიმონსი, მუსიკოსი და ბიზნესმენი: „თუ იდეა გაქვს და თავი ვინმე გგონია, ძალიან ცდები. შემოქმედებითი აზროვნება დაუღალავი შრომის გარეშე არაფერია. თუ ბიზნესში თავგანწირვას, მოქნილობასა და რწმენას არ გამოამჟღავნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცას იტყვი, ამას შენ მაგივრად სხვები არასოდეს გააკეთებენ“.
თემები: რჩევები, ბიზნესი, განათლება, კომპანია, დაეინაურება, შრომა, სოციუმი
<a href="https://www.linkedin.com/pulse/greatest-minds-business-entertainment-share-career-advice-iriondo">https://www.linkedin.com</a>