5 მიზეზი, რატომ არ აფასებენ სათანადოდ საკუთარ თავს პროფესიონალი კადრები
- 20.01.2017
როდესაც საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, შენი შესაძლებლობების სპექტრიც მცირდება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც გასაუბრებაზე მაღალკვალიფიციური კადრები პოტენციურ დამქირავებლებს შორის სიცილს იწვევენ, რადგან კითხვაზე, რა სავარაუდო ანაზღაურებას მოელიან კომპანიისგან, ისეთ თანხას ასახელებენ, რაც კომპანიის მიერ გათვალისწინებულზე 3-ჯერ ნაკლებია. საინტერესოა, რატომ ვითხოვთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვიმსახურებთ? აღმოჩნდა, რომ ეს 5 მიზეზით ხდება:
5. „ქვეცნობიერი კომპეტენცია“: საქმე ისაა, რომ ადამიანს ყოველთვის მარტივად ეჩვენება ის, რაც იცის, ხოლო ის საკითხები, რაც მის კომპეტენციას სცილდება, რთული ჰგონია. ამიტომაც ცოდნა თუ ძლიერი მხარეები ხშირად ძალიან ადვილი და არცთუ ისე ღირებული გვგონია, ის კი გვავიწყდება, რამდენი თანხა, დრო და ძალისხმევა დავხარჯეთ ამ უნარების გამომუშავებისთვის. გირჩევთ, ყოველთვის საკუთარ კომპეტენციაზე კონცენტრირდე: დაფიქრდი, რატომ გქირაობს კომპანია – ეს ხომ სწორედ შენი ცოდნის გამო ხდება. სამწუხაროდ, „ქვეცნობიერი კომპეტენციის“ სინდრომი კომპეტენტურ ადამიანებს მიღწევების უნარებს უქვეითებთ, წარმატებას კი ისინი აღწევენ, ვისაც საკუთარი ცოდნის რწმენა აქვთ.
4. „თვითმარქვიას სინდრომი“: ადამიანების დაახლოებით 70% კარიერის გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად ხდება „თვითმარქვიას სინდრომის“ მსხვერპლი – ეჩვენებათ, რომ დაკისრებულ ვალდებულებებს არაკეთილსინდისიერად ასრულებენ და ამაში, ადრე თუ გვიან, ვიღაც „გამოიჭერთ“. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა გაცილებით რთულად დასაძლევია, ვიდრე „ქვეცნობიერი კომპეტენცია“; თანაც ასეთი ადამიანები მუდმივად შიშში ცხოვრობენ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. საინტერესოა, რომ „თვითმარქვიას სინდრომი“ უფრო მეტად წარმატებულ ადამიანებს ემუქრებათ, თანაც ისეთ ოჯახში აღზრდილებს, სადაც მიღწევებს აფასებდნენ. თუმცა შეუძლებელი არაფერია: ამ პრობლემის დასაძლევად მენტორთან მუშაობა და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად გააზრება მოგიწევს.
3. საბაზრო ფასებს არ ეცნობი: სავარაუდოდ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გასაუბრებაზე დამსაქმებლის სიცილი გამოიწვიეს, თავიანთ სფეროში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ კარგად არ იცოდნენ. მათ, უბრალოდ, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასეს და თავად გადაწყვიტეს, რა რაოდენობით ანაზღაურება შეეფერებოდათ.
ამ პრობლემას კომპანიების გაუმჭვირვალი სისტემა ქმნის – უმეტესად კადრებს უკრძალავენ, ხელფასის რაოდენობა გაამხილონ. მათ კი, ვისაც დაბალი ხელფასი ჰქონდა და ახალი სამსახურის მოძებნა სურს, ანაზღაურებას სწორედ წინა ხელფასის საფუძველზე სთავაზობენ; მოკლედ, თუ ერთხელ მაინც დასთანხმდი დაბალანაზღაურებად სამუშაოს, საქმე ცუდადაა. ექსპერტები გამოსავალს კომპანიების გამჭვირვალე სისტემის შემუშავებაში ხედავენ – თუ იარსებებს სპეციალური ვებგვერდები, სადაც გამოქვეყნდება „რა ღირს“, მაგალითად, საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიცია, სავარაუდოდ, უკეთ დაიცავ საკუთარ უფლებებს.
2. მხოლოდ საუკეთესოებს ედრები: ხშირად საშუალო დონის ან საუკეთესო 10%-ში შემავალ კადრებზე მეტად, ყველაზე საუკეთესოებს ვედრებით. კარგი თანამშრომლები სხვების წარმატებას თავიანთ წარუმატებლობას ადარებენ და არა – მიღწევებს, რაც საბოლოოდ საკუთარი შესაძლებლობების არასრულყოფილად შეფასებას განაპირობებს. ამიტომაც გახსოვდეს: გადახედე შენს სამუშაო გარემოს და საკუთარ თავს მხოლოდ ინდუსტრიის წამყვან ფიგურებს ნუ შეადარებ.
1. „პოზიტიური გამოხმაურების“ იგნორირება: ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ნეგატიურ და პოზიტიურ ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს: როგორც წესი, ფოკუსირებას ნეგატიურ ინფორმაციაზე ვახდენთ, ამ დროს მიღებული ტრავმის გასანეიტრალებლად კი 5-დან 10-მდე დადებითი მოვლენა გვჭირდება. კარგ თანამშრომლებსაც ეს პრობლემა აქვთ – უარყოფით თვისებებზე იმდენად ბევრს ფიქრობენ, რომ თავიანთი ძლიერი მხარეების შესახებ ავიწყდებათ.
საბოლოო ჯამში, გირჩევთ, გასაუბრებაზე წასვლის წინ ყოველთვის ჰკითხო რჩევა პროფესიონალებს იმის შესახებ, „რა ღირს“ შენი სამუშაო ბაზარზე, საკუთარი შესაძლებლობები კი უფრო ობიექტურად შეაფასო.
თემები: სამსახური, ქალები, რჩევები, კარიერა
<a href="https://www.entrepreneur.com/article/281810">https://www.entrepreneur.com</a>