იაპონელი ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს სექსი არასდროს ქონია
- 21.01.2017
ეს სტატია სენსაციურ სიახლეს ეხება: თუ აქამდე გეგონა, რომ ყველაზე მეტი ქალიშვილი საქართველოში ცხოვრობს, ძალიან უნდა გაგაკვირვოთ: დღეს უსექსობა უდიდესი სექსუალური ტრადიციების მქონე ქვეყნის პრობლემაა.
იაპონიის დემოგრაფიული გამოწვევები დანარჩენი საზოგადოებისთვის უცხო ნამდვილად არ არის: მსოფლიოს უძველესი პოპულაციის შობადობა უფრო და უფრო იკლებს, მარტოხელა ადამიანების რაოდენობა კი კატასტროფულად იზრდება. ამ ტენდენციას ვერც მთავრობის მხრიდან განხორციელებული ქორწინების წამახალისებელი და მრავალშვილიანობის ხელშემწყობი უამრავი პროგრამა შველის.
The Japan Times აქვეყნებს კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ 18-დან 34 წლამდე გამოკითხული, დასაოჯახებელი იაპონელი მამაკაცების 70%-სა და ქალების 60%-ს პარტნიორიც არ ჰყავს. თანაც, საქმე კიდევ უფრო ცუდადაა: მამაკაცების დაახლოებით 42% და ქალების 44,2% აცხადებს, რომ სექსი არასოდეს ჰქონია!
ამ კვლევას იაპონიის პოპულაციისა და სოციალური უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუტი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ატარებს. ორგანიზაცია შობადობის კლებადი ტენდენციის შესახებ პირველად 1987 წელს ალაპარაკდა, როდესაც კვლევის შედეგად დასაოჯახებელი ქალებისა და მამაკაცების დაუჯერებლად დიდი მაჩვენებელი მიიღო: მამაკაცების 48,6% და ქალების 39,5% ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ კი, 2010-ში, 18-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცების 36,2%-მა და ქალების 38,7%-მა განაცხადა, რომ სექსი საერთოდ არ ჰქონია. წელს კვლევამ შობადობის მაჩვენებლითაც კატასტროფული შედეგები აჩვენა, როდესაც 15-დან 19 წლის განმავლობაში ქორწინებაში მყოფი წყვილები შეისწავლეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო ეიბი აცხადებს, რომ მთავრობას 2025 წლისთვის პოპულაციის შობადობის ინდექსის 1,4-დან 1.8-მდე გაზრდა სურს: ამისთვის დაქორწინებულ წყვილებს ბავშვის მოვლის სხვადასხვა მომსახურებასა და საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებენ; თუმცა ასეთი პროგრამები მსოფლიოსთვის ახალი არ არის და მათი დამსახურებით მიღებული განსაკუთრებული სტატისტიკური შედეგი ჯერ არავის უნახავს.
გამოკითხული ადამიანების უმეტესობამ განაცხადა, რომ ოდესმე დაქორწინება ნამდვილად სურს, თუმცა ჯერ არ იცის, ეს დღე როდის დადგება. ამის მიზეზად კვლევის ხელმძღვანელმა ფუტოში იშიიმ წარმოადგინა არგუმენტი, რომ იაპონელი საზოგადოების პრობლემა იდეალებსა და რეალობას შორის არსებულ უდიდეს გარღვევაშია.
თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ იაპონიას არ ეხება: განვითარებული სამყაროს სხვადასხვა კუთხეში, ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, მილენიუმის თაობის წარმომადგენლები ოჯახის შექმნაზე ან ბავშვის გაჩენაზე უარს აცხადებენ. აზიის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა და სამთავრობო სტრუქტურების სხვადასხვა ინიციატივებმა კი გამოავლინა, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა არა ეკონომიური მდგომარეობა, არამედ სექსუალური აპათიაა: სექსის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის მოსახლეობამ ფანტაზიები ამოწურა?
საქმე ისაა, რომ იაპონელების მარტოსული ცხოვრების ხელშემწყობი ვირტუალური სამყაროა – ფენომენი, რომელიც არა მხოლოდ იაპონელებს, არამედ უახლოეს მომავალში ყველა განვითარებულ ქვეყანას შეეხება: ადამიანები პერსონალურ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულები ხდებიან და რეალური ურთიერთობებისთვის დრო აღარ რჩებათ. სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იაპონიის პრობლემა სწორედ მრავალფეროვანმა ფანტაზიებმა და ფეტიშისტურმა სუბკულტურებმა განაპირობა: ადამიანებმა ერთმანეთი, უბრალოდ, ამოწურეს.
საბოლოოდ, კვლევის შედეგებზე საუბარს ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულებთ: პატრიარქალური წყობის იაპონიის ისტორიაში პირველად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ქალების 50%-ზე მეტი გარკვეულ ეტაპზე მუშაობას ისევ იწყებს.
თემები: სექსი, მამაკაცები, იაპონია, ქალები, წყვილები
<a href="https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2016/09/16/japan-has-a-worrying-number-of-virgins-government-finds/?tid=sm_fb&utm_term=.e212efe6b72a">https://www.washingtonpost.com</a>