ამბობენ, რომ დეპრესიული განწყობა, მოწყენილობა და შფოთი, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ტემპი იმდენად გადატვირთული და დამღლელია, რომ ხშირად, არ გვრჩება სტრესისგან გათავისუფლების დრო.
სინამდვილეში, ბედნიერი ცხოვრებისთვის სულაც არ უნდა ვფიქრობდეთ კონკრეტულ დასვენების დღეებსა თუ შვებულებაზე, რადგან ცხოვრება არასოდეს ჩერდება. შესაბამისად, ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
გონების შესაძლებლობების მაქსიმალურად გააქტიურება, არის ის, რაც ქმნის ცხოვრებას. ტვინის ძირითადი ფუნქციების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები. პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანსაღი კვება, ვარჯიში და მოძრაობა.
არსებობს 3 ოქროს წესი, რომლის გათვალისწინებაც ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
1. შემოქმედებითობა
შემოქმედებითობა ჩვენს ტვინს ახალი ინფორმაციის მისაღებად ხსნის. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რაიმე ახალს სწავლობთ, უნდა შეეცადოთ გამოიყენოთ განსხვავებული მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად, სიღრმისეულად გაერკვეთ პრობლემის არსში და რაც მთავარია, განსხვავებული პერსპექტივით დაინახოთ საკითხი.
თავის მხრივ, ეს არის შეგრძნება, რასაც ადამიანთა უმრავლესობა „ახალგაზრდობას“ უწოდებს. როდესაც ადამიანები ნაკლებად ხსნიან ამოცანებს და არ ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას, ეს ხანდაზმულობის შეგრძნებას იწვევს, რაც მეტი სტრესისა და ნაკლები ბედნიერების წინაპირობაა.
ასე რომ, იპოვნეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც აძლიერებს შემოქმედებით უნარებს. კროსვორდების შევსებიდან დაწყებული, ხელსაქმით დასრულებული, თქვენ ყოველდღიურად უამრავი შესაძლებლობა გაქვთ გაზარდოთ შემოქმედებითი უნარები, შედეგად კი გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
2. კრიტიკული აზროვნება
ეს არის აზროვნების ტიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ შეკითხვები, სიტუაციები და მოვლენები. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ახალ სიტუაციაში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ ჩართოთ კრიტიკული აზროვნების უნარი იმის გასაგებად, თუ რა ხდება. თუ ოდესმე შეხვდებით ადამიანს, რომელიც სრულყოფილად ვერ აცნობიერებს მოვლენასა თუ სიტუაციას, თუნდაც ახსნის შემდეგ, ეს კრიტიკული აზროვნების ნაკლებობის შედეგია.
ნებისმიერი უნარის მსგავსად, თქვენ რეგულარულად უნდა იაზროვნოთ კრიტიკულად, რათა ის აქტიური დარჩეს. ამისთვის კი საჭიროა მუდმივად ახალი ინფორმაციის მიღება, აქამდე უცნობ სიტუაციებში მონაწილეობა და იმ დამოკიდებულების შენარჩუნება, რომ ჰორიზონტზე ყოველთვის არის რამე სიახლე.
3. კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელი უნარია, რომელიც როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში გამოგადგებათ. თქვენი იდეების მკაფიოდ და ლაკონურად გაზიარება დაგეხმარებათ არამარტო გზავნილების მკაფიო გადაცემაში, არამედ სხვებსაც ეხმარება იმის გაგებაში, თუ რას ამბობთ და რას გრძნობთ.
თქვენი შინაგანი ენის გაუმჯობესება და ეფექტური კომუნიკაცია ძლიერ, დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. დაიმახსოვრეთ: ”კომუნიკაციაში ყველაზე მთავარია მოისმინო რა არ არის ნათქვამი”.
თემები: დაბრკოლებების გადალახვა, წარმატება, რჩევები, მოტივაცია