მენოპაუზა - ციებ-ცხელება და ჭარბი ოფლიანობა, როგორ გავუმკლავდეთ მისგან გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებს?
- 23.01.2024
ბევრი ქალი მენოპაუზის გარდამავალ პერიოდს „ცხოვრების ცვლილებას“ უწოდებს და ეს საკმაოდ კარგი აღწერაა იმ მდგომარეობისა, რასაც ქალები 40-45 წლის შემდეგ განიცდიან.
ათწლეულების განმავლობაში საფენების მომარაგების თუ რეგულარულ ტკივილთან გამკლავების შემდეგ, თქვენ მოულოდნელად შეიძლება სულაც შეგიწყდეთ ციკლი, ან გამოტოვოთ რამდენიმე თვე, ან პირიქით, გქონდეთ გაცილებით ჭარბი დინებით.
შესაძლოა შეგეცვალოთ გუნება-განწყობაც, მოიმატოთ წონაში და ინტენსიურად გაწუხებდეთ ციებ-ცხელება, ე.წ. „ალები“, დაგერღვეთ ძილი და შეგაწუხოთ ღამის ოფლიანობამ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხზე.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ნაომი უოტსმა „ELLE“-ს უამბო საკუთარი არასასიამოვნო ამბავი ღამის ოფლიანობის შესახებ და იმის შესახებაც, თუ რატომ დააარსა მენოპაუზის ველნეს კომპანია სხვა ქალების დასახმარებლად.
მენოპაუზის, იგივე კლიმაქტერული პერიოდის გამკლავების გასაღები, მართლაც, ინფორმაციის გაზიარება-გაცნობაა.
მენოპაუზა, კლიმაქსი, ანუ კლიმაქტერული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას, ან დაავადებათა კომპლექსს, ეს ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია და მისი მიმდინარეობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. ზოგს მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მკვეთრად აქვს გამოხატული, ზოგს კი ნაკლებად.
„ზუსტი მექანიზმი იმის შესახებ, თუ რატომ ჩნდება მენოპაუზის წინა სიმპტომები ბოლომდე არ არის ცნობილი“ - ამბობს დოქტორი რაჯიტა პატილი, მენოპაუზის საზოგადოების სერტიფიცირებული პრაქტიკოსი და მენოპაუზის ყოვლისმომცველი პროგრამის დირექტორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ის დასძენს: „ჩვენ ვიცით, რომ ტვინის შიგნით არსებული სტრუქტურა, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება, მართავს ორგანიზმში არსებულ ჰორმონებს, მათ შორის ესტროგენს. პერიმენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენის დონე ეცემა, ხდება დისრეგულაცია - ანუ ტვინი ეუბნება სხეულს, რომ ცხელი ხართ მაშინ, როცა ნამდვილად არ ხართ. უბრალოდ, პერიმენოპაუზის დროს თქვენი სხეული რეაგირებს უმნიშვნელო ტემპერატურის ცვლილებაზეც კი და გაწუხებთ ცხელება და ჭარბოფლიანობა“.
მენოპაუზის სიმპტომები ინდივიდუალურია.
ის თუ როგორი სიმკვეთრით გამოიხატება სიმპტომები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და ძირითადად, ქალის პიროვნულ თვისებებზე (ხასიათზე), ასევე მის საარსებო თუ საცხოვრებელ გარემოზე. კვლევებით დადგინდა, რომ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახი და ახლო მეგობრები და/ან მთელი დატვირთვით მუშაობენ, მენოპაუზის სიმპტომებიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ. ამასთან, თვით ქალის დამოკიდებულება კლიმაქსის, როგორც მოვლენისადმი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე.
მენოპაუზის სიმპტომები უფრო მწვავედ მიმდინარეობს იმ ადამიანებში, ვისაც ჭარბი წონა ან მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ.
მენოპაუზა და დაავადებების რისკი.
მენოპაუზის დროს ქალის ჰორმონების დონის დაქვეითება გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
გულის იშემიური დაავადებები;
გულისცემის რითმის დარღვევა;
მაღალი არტერიული წნევა.
ასევე შესაძლოა გამოიწვიოს წონაში მატება, აგრეთვე შარდის შეკავების უნარის დაქვეითება, რის ფონზეც ხშირად ვითარდება საშარდე გზების, შარდის ბუშტისა თუ შარდსადენის ინფექციები.
მენოპაუზა და მკურნალობა.
ცხოვრების ჯანსაღი წესი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მენოპაუზის დროს არსებულ სიმპტომებსა და დაავადებების განვითარების რისკს.
სასარგებლოა:
კალციუმით მდიდარი საკვები: რძე, მაწონი, ყველი, იოგურტი, თევზი, კვერცხი, ნუში, ნიახური, გარგარის ჩირი, შოკოლადი და სხვ.
დიდი რაოდენობით მცენარეული ბოჭკოს და ცილის შემცველი პროდუქტები: წიწიბურა, ხორბალი, ბარდა, ლობიო.
მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მიღებას, ცხიმებიდან უმჯობესია მიიღოთ ზეითუნის ზეთი.
თუ თქვენ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები გაქვთ და ეს ნეგატიურად აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე, მაშინ აუცილებლად დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან.
თემები: მენოპაუზა