მშობლები

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

იცოდი, რომ მშობლების მხრიდან გადამეტებულმა ზრუნვამ, შესაძლოა, ბავშვის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?

  • შვილებისადმი მესაკუთრეობრივი დამოკიდებულება ქართულ ტრადიციებში იმდენად ღრმადაა ინტეგრირებული, რომ ის ჩვენს დროშიც იჩენს თავს. მოსაზრება, თოთქოს „შვილი პენსიის ასაკამდე უნდა აკონტროლო,“ ზოგიერთი მშობლისთვის სასაცილო სულაც არ არის. თანაც, აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ამერიკაშიც ისევე აწუხებთ, როგორც ჩვენთან!
  • ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მშობლის განუწყვეტელი ზრუნვა შვილებში ფსიქიური აშლილობის, დეპრესიის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკფაქტორია.
ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, სტუდენტობის ასაკში ათასობით ახალგაზრდა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს — ზოგი სასწავლებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება, ზოგიც — მეგობართან ერთად ბინას ქირაობს და საცხოვრებლად ცალკე გადადის. თუმცა, ეს ბევრი მშობლისთვის მისაღები არ არის და ჰიპერ-მზრუნველობას მიჩვეულები, ვერც კი აცნობიერებენ, შვილის კომფორტის ზონაში რამდენად უხეშად იჭრებიან.

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

რაღათქმაუნდა, იმას არ ვგულისხმობთ, რომ მშობელმა შვილის მოვლაზე ხელი აიღოს: გარდახეტის პერიოდში, როდესაც მოზარდის ზრდასრულ ადამიანად გარდაქმნა მიმდინარეობს, შვილის ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა უსაზღვროდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მშობლების ზედმეტი მზრუნველობით და შვილების ცხოვრებაში ხშირი ჩარევით, შესაძლოა, შვილებს დეპრესია ან ფსიქიური აშლილობა ჩამოუყალიბდეთ. მკვლევარი კაილა რიდის განმარტებით, ასეთ მშობლებს, თავიანთი ჭკუით, შვილებზე გული შესტიკვათ, თუმცა, უნებურად მათი ქცევა ზრუნვის ფარგლებს ცდება და შვილების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით სრულდება.

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

მკვლევართა გამოცემა Journal of Child and Family Studies-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ შვილის ცხოვრებაში მშობლების გადამეტებული ჩართულობა ახალგაზრდების თვითშეფასებასა და გამოწვევების და რთული სიტუაციების გადალახვის უანრზე ახდენს გავლენას. თანაც, განსაკუთრებული სიფრთხილე მშობლებმა მოზარდის ზრდასრულობის ასაკში გარდამავალ პერიოდში უნდა გამოიჩინონ, როდესაც შვილები სულ ცოტა ხანში სტუდენტები გახდებიან:

მკვლევარები 18-იდან 25 წლამდე ასაკის 460 სტუდენტს დააკვირდნენ და გამოჰკითხეს, რა სახის ქცევა ექნებოდათ მათ დედებს ამა თუ იმ მარტივ სიტუაციაში. კვლევაში აქცენტი დედებზე გაკეთდა, რამდენადაც, ბავშვის მოვლას საკუთარ თავზე უმეტესად ქალები იღებენ. გარდა ამისა, სტუდენტებს ჰკითხეს, რამდენად თავს ართმევდნენ რთული ამოცანების შესრულებას ან პრობლემური სიტუაციების მოგვარებას და სთხოვეს, საკუთარი დეპრესიის, ცხოვრებით კმაყოფილების, ფსიქიური აშლილობის და ზოგადი ჯანმრთელობის დონე განესაზღვრათ.

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

გაინტერესებთ კვლევის შედეგები? ეს ქართველმა დედებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ:

გაირკვა, რომ სტუდენტები, რომლებსაც დედები თავისუფლებას ანიჭებდნენ, ცხოვრებისადმი მაღალი კმაყოფილებით გამოირჩეოდნენ, მეტად ჯანმრთელები და ქმედითუნარიანები იყვნენ; უფრო ადვილად უმკლავდებოდნენ რთულ ამოცანებს და სიტუაციებს. ისინი კი, ვის ცხოვრებაშიც მშობლები აქტიურად ერეოდნენ, დაბალი ქმედითუნარიანობით შეფასდნენ და თანაც, დაუბალანსებელი ფსიქიკა, ცხოვრებით უკმაყოფილება და დეპრესია გამოავლინეს, ფიზიკურ სისუსტესთან ერთად!

ჰიპერ-მზრუნველი მშობლები

Journal of Child and Family Studies-ს სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ მშობლების შვილისადმი ინტერაქცია და დამოკიდებულება მჭიდროდაა დაკავშირებული შვილის საკუთარი თავის აღქმასთან. ყველაზე წარმატებულ შედეგებს ისეთი მშობლები აღწევენ, რომლებიც შვილს უბრალოდ მხარდაჭერას აგრძნობინებენ, მაგრამ ამავდროულად ეუბნებიან: „შეგიძლია, ფინანსები თავად განკარგო და სკოლაშიც მარტომ იარო“. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მშობლები ამ ყველაფერს ბავშვის მაგივრად აკეთებენ, ყველაფერი იცვლება. ისინი, უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეგუონ აზრს, რომ მათი შვილი ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანია.

ყველა ადამიანი, მით უმეტეს — მოზარდი, ინდივიდუალური და განსხვავებულია, ამიტომაც რთულია, ზუსტი წესების განსაზღვრა, რა დოზით უნდა ჩაერიოს მშობელი შვილის ცხოვრებაში. თუმცა, სასურველია, როდესაც შვილს მეგობართან კონფლიქტი აქვს, მშობელმა უბრლაოდ სწორი რჩევები მისცეს — ურთიერთობის გარკვევაში უშუალოდ ჩარევის გარეშე.



წყარო: <a href="http://neurosciencenews.com/neurodevelopment-helicopter-parenting-4592/">NEUROSCIENCE NEWS.com</a>