სოციალური სტერეოტიპები გვაიძულებს ვისწრაფოდეთ ძლიერი მეწყვილისკენ, გვქონდეს ოჯახი მაშინაც კი, თუ სინამდვილეში ეს საერთოდ არ გვაინტერესებს. ამავდროულად, თანამედროვე სამყარო გვთავაზობს განვითარების უამრავ შესაძლო სცენარს, რომელთაგან ბევრი არ გულისხმობს სერიოზულ ურთიერთობებს, რადგან ცხოვრება სავსეა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტებით. როგორ გავიგოთ, ხართ თუ არა მზად ურთიერთობისთვის? - პასუხის პოვნაში TREND დაგეხმარებათ.
მარტოობა და კომფორტი
თუ თავს კარგად გრძნობთ მარტოობაში, თუ იცნობთ საკუთარ თავს და გესმით, რომ ახლა მზად არ ხართ, ან პრინციპში არ გსურთ ურთიერთობა, მაშინ რატომ უნდა იყოთ წყვილში? დიახ, შეიძლება ძალიან მოგეწონოთ ადამიანი, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობისთვის არ ხართ მზად, მაშინ არ გჭირდებათ ნაძალადევი ურთიერთობა.
მარტოობაშიც შეიძლება იპოვოთ სიმშვიდე და კომფორტი. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტია ადამიანი აღიარებს მარტოობის უპირატესობას. ასე რომ, პატივი ეცით თქვენს სურვილებს, რაც არ უნდა განსხვავდებოდეს ის საყოველთაოდ მიღებული ტენდენციისგან.
ფოკუსირება სხვა ასპექტებზე
თუ სამსახური ან სასწავლებელი ყველა თქვენს ფიქრს და თავისუფალ დროს შთანთქავს, შეიძლება უბრალოდ არც იგრძნოთ საჭიროება, ან არ გქონდეთ ენერგია, რომ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს პირად ინტიმურ ურთიერთობებზე. თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც უპირატესობას კარიერას და სამსახურს ანიჭებს, მაშინ პარტნიორული ურთიერთობის დალაგება გაგიჭირდებათ.
ვალდებულების შიში
ეს შიში თითოეულ ჩვენგანშია. თუმცა ამაზე ღიად ცოტა თუ საუბრობს. ვალდებულებების შიშის გადალახვა რთულია და შეიძლება გაანადგუროს როგორც თავად ურთიერთობა, ასევე ერთ-ერთი მხარის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაც.
თუ გსურთ გქონდეთ არჩევანის თავისუფლება და გააკეთოთ ის, რაც გულით გინდათ, მაშინ ასეც უნდა მოიქცეთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე და დაამარცხეთ შიში, რომელმაც არასოდეს უნდა გაჯობოთ.
ტრავმა წარსულიდან
არც ისე იშვიათია, როდესაც ადამიანებს წარსული ურთიერთობებიდან ემოციური ჭრილობები აწუხებთ. ძალადობამ (ნებისმიერი ფორმით), ღალატმა ან ტოქსიკურმა ურთიერთობამ, შეიძლება შექმნას ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელთა გადალახვასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. თუ ადამიანმა დრო არ გამოყო საკუთარ თავზე სამუშაოდ და გამოჯანმრთელებისთვის, უმეტეს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს იგივე შეცდომების დაშვება ან ისევ ტოქსიკური ურთიერთობების დამყარება.
მონოგამია
როცა ვინმეს ერთგული ხართ, სხვებს არ უნდა ეფლირტაოთ. თუ გამუდმებით ახალს ეძებთ და პარტნიორს ატყუებთ, ურთიერთობა უაზრო ხდება. ჯობია იყოთ მარტოხელა და შეგეძლოთ ვინმესთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია, ვიდრე პარტნიორის მოტყუება და მერე დამნაშავის ამპლუაში ყოფნა, ან დანაშაულის აღიარება.
სანამ საკუთარ თავთან და სხვებთან გულწრფელი ხართ, ვერავინ დაგადანაშაულებთ. თუ გსურთ იყოთ სერიოზულ ურთიერთობაში, ან შემოიფარგლოთ შემთხვევითი პაემნებით და სხვა სასიყვარულო ურთიერთობებით, ეს თქვენზეა დამოკიდებული და პასუხსაც თქვენვე აგებთ თქვენს ცხოვრებაზე.
საკუთარ თავზე მუშაობა
ხანდახან ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ საკუთარ თავზე იმუშაონ, სანამ ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაიწყებენ. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, თუ ადამიანი აღიარებს, რომ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, ეს დასაფასებელია. თავიდან ძნელია აღიარება, მაგრამ ასეთი სიძლიერე არის პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გახდომისთვის, შემდეგ კი სხვა ადამიანთან სტაბილურობისა და ბედნიერების პოვნის მცდელობისთვის.
თემები: მარტოხელა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია