რამდენი ხანი შეგვიძლია გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები და როდისაა მათი გადაყრის დრო
- 28.11.2024
რამდენიმე წლის წინ ბრიტანულმა სააგენტომ Escentual.com-მა გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ინახავენ ქალები კოსმეტიკურ საშუალებებს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ადამიანი საყვარელ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის გასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც კი არ იშორებს, გამოკითხულთა 70%-ს კი მაკიაჟის ფუნჯები არასოდეს გაურეცხავს.
ჩვენ გეტყვით, რამდენ ხანს შეგიძლიათ შეინახოთ კანის მოვლისა და მაკიაჟის პროდუქტები და როგორ გაიგოთ, როდის არის მათი გადაყრის დრო.
კანის მოვლა ─ წაიკითხეთ ეტიკეტი
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ყველა რეაქცია, რომელიც ხდება ჩვენს კანზე, აისახება ჩვენს ორგანიზმზეც. ამიტომაც, სილამაზის ექსპერტები და მედიცინის წარმომადგენლები ერთხმად გვირჩევენ, ყურადღებით წავიკითხოთ პროდუქტებზე დატანილი საიდუმლო ნიშნები.
ალექსანდრა იანსონსი, კანის მოვლის ბრიტანული ბრენდის „Oilixia“-ს დამფუძნებელი, განმარტავს: „გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადის შესახებ დატანილია სიმბოლოები შეფუთვაზე, რომელზეც გამოსახულია წარწერა 6M ან 12M, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა გახსნიდან ზუსტად ამ ვადაში - 6 ან 12 თვეში.
ტონალური კრემი და ქონსილერი
თხევადი ტონალური კრემი და კორექტორები გახსნიდან ერთი წლის შემდეგ უნდა გადაყაროთ. დაიჭირეთ ბოთლი სინათლეზე და თუ ზეთი ზედაპირზე ამოვიდა და კონსისტენცია ნაკლებად მკვრივი გახდა, მაშინ დროა მისი გამოცვლის.
ფხვნილისებრი ტექსტურის სილამაზის პროდუქტები ოდნავ განსხვავებულია: ისინი შეიძლება გამოვიყენოთ ორ წლამდე, ვინაიდან მათში ბაქტერიები არ მრავლდება ისეთი სისწრაფით, როგორც თხევად პროდუქტებში, თუმცა, დროთა განმავლობაში, ასეთი პროდუქტებიც კი იცვლის ტექსტურას, რაც ნიშანია იმისა, რომ მას უნდა დავემშვიდობოთ.
ბლაში და პუდრი
ეს პროდუქტები ვარგისიანობის თვისებებს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებენ მათი მყარი და არაზეთოვანი კონსისტენციის გამო.
ბლაშის და პუდრის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეული ექსტრაქტების შემცველ პროდუქტებს, როგორიცაა ალოე, მწვანე ჩაი, გვირილის ექსტრაქტები.
ყურადღებით იყავით მაკიაჟის გამოყენებისას: თუ ტონალური კრემის წასმის შემდეგ კანზე დატანილი რუჟი ან პუდრი ეწებება ფუნჯს და ამგვარად გადადის სახის ზედაპირზე, მაშინ დროა ამ პროდუქტსაც დაემშვიდობოთ.
ტუში
აქ ყველაფერი ძალიან ნათელია - ტუშის ვადა მისი ინტენსიური გამოყენებისას დაახლოებით სამი თვეა, ხოლო იშვიათი გამოყენებისას კი ვადა შესაძლოა ექვს თვემდე გავზარდოთ.
არ არის აუცილებელი ვიყოთ სილამაზის ექსპერტები - მუქი და ნესტიანი ფუნჯი შესანიშნავი ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად - ასე რომ, აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოგიწევთ თქვენ საყვარელ ტუშს დაემშვიდობოთ.
თვალის ლაინერი
ამ პროდუქტის მაქსიმალური დასაშვები პერიოდი 3-4 თვეა მისი ინტენსიური მოხმარებისას, რადგან პრინციპში სიტუაცია არაფრით განსხვავდება ტუშისგან. კონტურული ფანქრის აქტიური და უსაფრთხო გამოყენების პერიოდიც ასევე ოთხი თვეა.
პომადა
აქ მაინც არ გვემუქრება ბაქტერიები! 24 თვის განმავლობაში არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ.
პომადის გადაგდება მოგიწევთ მხოლოდ იმ დროს, თუ შეამჩნევთ პიგმენტის არათანაბარ განაწილებას ტუჩებზე და/ან თუ ძალიან მშრალი გახდება ტექსტურა (ტუჩის სიპრიალის შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იქნება ზედმეტი წებოვნება).
სხვათა შორის, მეგობრებთან პომადის გაზიარება არ არის საუკეთესო ჩვევა პროდუქტის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, გირჩევთ თუ ეს ჩვევა გახასიათებთ, გადაეჩვიოთ მას.
მაკიაჟის ფუნჯები
მაკიაჟის ხელსაწყოები მართლაც გრძელვადიანია. სათანადო მოვლის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვემსახურონ.
კარგი იქნება თუ ფუნჯებს ყოველ ორ კვირაში ერთხელ საფუძვლიანად გარეცხავთ ფუნჯებს, ხოლო თვალის მაკიაჟისთვის გამოყენებული ფუნჯების გარეცხვა დღეგამოშვებით ძალიან კარგი ტაქტიკაა მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ამისათვის საჭიროა მხოლოდ თბილი წყალი და რბილი საპონი.
და ბოლოს, რამდენიმე ეფექტური ლაიფ ჰაკი სილამაზის ექსპერტებისგან:
მოინიშნეთ თქვენი პროდუქტის გახსნის თარიღი - დრო იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე ფიქრობთ;
თუ პროდუქტი ქილაშია, გამოიყენეთ ბამბის დისკი და არასოდეს ამოიღოთ ის თითებით;
თუ პროდუქტის წასმის შემდეგ კანი გეწვით ან გჩხვლეტთ - ჩამოიბანეთ და გადააგდეთ;
თუ რაიმე შეიცვალა პროდუქტის ფერში ან/და სუნი აღარ მოგწონთ, ასევე უკეთესია მისი მოშორება.
თემები: მაკიაჟი