LIFE

როგორ შევქმნათ გარემო, რომელიც ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგვეხმარება

როგორ შევქმნათ გარემო, რომელიც ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგვეხმარება

"ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ!" -  ხშირად ამ სიტყვებით საკუთარ თავს ვაძლევთ პირობას ცხოვრების შესაცვლელად. ყველა მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი საქმეების მოგვარებას უმეტესად ზამთრის არდადეგებზე ვფიქრობთ, რადგან ახალი წელი მართლაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებების და საინტერესო სიახლეების დრო.

ნაბიჯი 1 - წარსულის გაშვების ხელოვნება

ჩვენ ხშირად გვიჭირს იმ ძველი ნივთების გადაგდება, რომლებიც წარსულის ნოსტალგიას გვიღვივებს, ეს კი არ გვაფერხებს მომავლისკენ ხედვაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ნივთებით გადატვირთული სივრცე ზრდის სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს, რაც ხელს გვიშლის წინსვლაში. ყოველი ნივთი, რომელსაც ვინახავთ, არის ჩვენი ყურადღების მიქცევის და ენერგიის ფუჭად დახარჯვის წყარო.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, სივრცის გასათავისუფლებლად გამოვიყენოთ „სამი ყუთის მეთოდი“.

ყუთი "ჩემი ამბავი"

ამ ყუთში ვინახავთ ისეთ ნივთებს, რაც ნამდვილად ღირებულია: სამახსოვრო ფოტოები, სპეციალური საჩუქრები, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. თუმცა, გირჩევთ, იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან: თუ ნივთმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თბილი გრძნობები არ გაგიჩინათ, დროა დაემშვიდობოთ მას.

 

ყუთი "ახალი სიცოცხლე"

ეს ყუთი განკუთვნილია ისეთი ნივთებისთვის, რაც შესაძლებელია თქვენ მოგბეზრდათ, თუმცა სხვებისთვის სარგებლის მომტანი იყოს: სამუშაო აღჭურვილობა, კარგი ტანსაცმელი, წიგნები - მიეცით ისინი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. დაუკავშირდით კომპანიებს, ვინც ნივთების გაცვლას ან საქველმოქმედო ღონისძიებებს აორგანიზებს.

ყუთი "მშვიდობით"

ყველაფერი, რაც უკვე პირნათლად მოგემსახურათ: გატეხილი ნივთები, მოდიდან გადასული ჭურჭელი, ტანსაცმელი, რომელმაც ფორმა დაკარგა. მარტივად გაიმეტეთ მსგავსი ნივთები და მათთან განშორებისას მადლობა გადაუხადეთ გაწეული სამსახურისთვის - ეს მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ წარსულის სინანულის გარეშე გაუშვათ და დაემშვიდობოთ ნივთებს.

დასუფთავების პროცესი დაიწყეთ გარდერობით: თავისუფლად გაიმეტეთ ისეთი ნივთები, რომლებიც წელიწადზე მეტია არ ჩაგიცვამთ. შემდეგ გადადით სამზარეულოზე: ვადაგასული საკვები, გაბზარული ჭიქები – ეს ყველაფერი ქმნის ვიზუალურ და ენერგიულ ქაოსს, ამიტომ სასწრაფოდ გათავისუფლდით მათგან.

ნაბიჯი 2 - სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

საცხოვრებელი ადგილის ტრანსფორმაციისთვის, მნიშვნელოვანია გადახედოთ როგორ არის მოწყობილი თქვენი სახლის სხვადასხვა ზონები. მთავარია დაიცვათ თავისუფალი სივრცის პრინციპი: უნდა შეძლოთ თავისუფლად გადაადგილება სახლში ავეჯსა და სხვა საგნებზე შეჯახების გარეშე.



მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი: ყველა ნივთს აქვს თავისი ადგილი - განსაზღვრეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსახერხებელია თქვენთვის წესრიგის დაცვა. მაგალითად, თუ სახლში კერძების მომზადება მოგწონთ, არ უნდა მოათავსოთ დეკორი სამზარეულოს მაგიდაზე - ის მხოლოდ ხელს შეგიშლით.

თუ ყოველდღიურად მუშაობთ სახლში ლეპტოპზე, ის უბრალოდ დატოვეთ თქვენს მაგიდაზე, არაა საჭირო ყოველ ჯერზე უჯრაში ჩადოთ.

სხვათა შორის, თუ დისტანციურად მუშაობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაო სივრცის ორგანიზება. ითვლება, რომ სათანადო განათება პროდუქტიულობას 20%-ით ზრდის: დილით სინათლე უნდა იყოს ნათელი და ცივი, საღამოს - სუსტი და თბილი.

ნაბიჯი 3 - რიტუალები და ჩვევები

წესრიგი სახლში იწყება წესრიგით თავში. შეგიძლიათ დილის და საღამოს რიტუალების სია შეადგინოთ, რომელიც ახალ წელს ფიზიკური და გონებრივი ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, საღამოს რამდენიმე წუთი დაუთმეთ მომდევნო დღისთვის მომზადებას: დაალაგეთ ტანსაცმელი, ჩაალაგეთ ჩანთა, შეადგინეთ დღის გეგმა. დილით კი, დაიწყეთ დღე ფინჯანი ჩაით თქვენს საყვარელ სავარძელში ან აივანზე - დაე, ეს იყოს თქვენი პირადი სივრცე დაგეგმვისა და რეფლექსიისთვის.

ნაბიჯი 4 - სადღესასწაულო განწყობა

დანიას აქვს კონცეფცია სახელწოდებით hygge - მყუდრო ატმოსფეროს შექმნის ხელოვნება. ახალი წლის წინა დღეს დანიელები სანთლებს აწყობენ, გირლანდებს კიდებენ და თბილ კუთხეებს ქმნიან კომუნიკაციისთვის. იაპონიაში, ახალი წლის წინ, ჩვეულებრივია "ოსოჯის" ჩატარება - დიდი გაწმენდა, რომელიც სიმბოლოა სივრცის გაწმენდისთვის და ახალი ცხოვრებისთვის.

ძალიან კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ტრადიციებს გააერთიანებთ.  შექმენით საკუთარი რიტუალი საახალწლო განწყობის ასამაღლებლად: გაანიავეთ სახლი, აანთეთ სანთლები ან გირლანდები, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, ერთმანეთს შეუხამეთ მყუდრო, თბილი და სადღესასწაულო განათება.

ასევე ეცადეთ არდადეგების დროს სრულფასოვნად გაერთოთ, თქვენ ვერ შეძლებთ სამსახურში პროდუქტიულად და ენერგიულად დაბრუნებას თუ ამას არ გააკეთებთ - შეგიძლიათ ითამაშოთ სამაგიდო თამაშები ან გააკეთოთ თავსატეხები საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჩამოტვირთოთ რამდენიმე წიგნი, რომლის წაკითხვაც დიდი ხანია გინდოდათ, დიდ ეკრანზე ოჯახთან ერთად უყურეთ საყვარელ ფილმს.

დაიმახსოვრეთ: ყველა ამ ცვლილების მიზანია არა სოციალური მედიის ფოტოებისთვის სრულყოფილი ინტერიერის შექმნა, არამედ თქვენი სახლის ისეთ ადგილად გადაქცევა, სადაც შეძლებთ ახალი წლის დღეებში განიტვირთოთ, იპოვოთ შთაგონება და მოტივაცია ახალი და უკეთესი დღეებისთვის.
სახლი არ არის მხოლოდ კედლები და ავეჯი. ეს არის სივრცე, რომელიც ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და გავლენას ახდენს ჩვენზე - ზოგჯერ იმაზე ბევრად ძლიერად, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.