სილამაზე

ზამთრის სუსხიანი დღეები და გამომშრალი ხელები

ზამთრის სუსხიანი დღეები და გამომშრალი ხელები

ზამთრის ცივი დღეები სტრესია კანისთვის, სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილი კი ხელებია. თუ ხელებზე დროულად არ ვიზრუნებთ, შესაძლოა ბზარებიც გაგვიჩნდეს, რაც თავის მხრივ, გარდა არაესთეტიკურობისა, გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს.

 

რატომ შეიძლება ხელზე კანი გაიბზაროს?

ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე და მხოლოდ მცირე რაოდენობის ცხიმოვანი ჯირკვლებია, ხელისგულებზე კი ესეც არ არის - ე.წ. ჰიდროლიპიდური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ დაცვას, ხელებზე ნაკლებად გამოხატულია; კანი ხელის მტევნებზე შეიცავს 4-5 ჯერ ნაკლებ წყალს, ვიდრე სახეზე.
იმისთვის რომ მოვლილი და დატენიანებული ხელები გქონდეთ, TREND რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას გიზიარებთ:

ხელების ხშირი დაბანა

დიასახლისები, მცირეწლოვანი დედები, ქალები და მამაკაცები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხელების დაბანა, უჩივიან ხელების სიმშრალეს და ბზარებს.
რატომ ხდება ეს? - ხელების ხშირი დაბანის გამო, წყალი რეცხავს კანის ცხიმოვან ფენას, რომელიც პასუხისმგებელია კანის შიდა ტენიანობაზე.
თუ მაინც გიწევთ ხელების ხშირი ჰიგიენა, უმჯობესია გამოიყენოთ ნელ თბილი წყალი და არავითარ შემთხვევაში ცივი ან ცხელი. ასევე, მყარი საპონი ჩაანაცვლეთ თხევადი დასაბანი საშუალებით.

ხელთათმანები საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებისას

სახლის დალაგებისას ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა საწმენდ ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის ჭურჭლის სარეცხ გელებს, რომლებიც შეიცავს ალკოჰოლს, ქლორს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად ანადგურებენ ხელების კანზე დამცავ ბარიერს.
ჰიდროლიპიდური ბარიერი ფაქტობრივად იხსნება საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან შეხებისას, ის წააგავს თხელ გარსს, რომელიც წარმოიქმნება ოფლის, ცხიმის და სხვა მჟავებისგან. აგრესიულ მოლეკულებთან შეხებისას კი კანის ბარიერი ნადგურდება, რის შედეგადაც ხელებზე კანი მშრალი ხდება და მასზე ბზარები ჩნდება.

ხელთათმანები ცივ ამინდში

ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ხელთათმანებს ცივ და ქარიან ამინდში და ამაოდ - თუ გსურთ დატენიანებული და მოვლილი ხელები გქონდეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ცივ ამინდში თბილი ხელთათმანები, ის დაგიცავთ ყინვისა და სიცივის მავნე ზემოქმედებისგან.

ალერგიული დერმატიტი და რქოვანი ეგზემა

ალერგია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი ხელების გამოშრობისა. პერიოდულად კანი კარგავს თავის დამცავ თვისებებს, ამიტომ მასში ალერგენები ადვილად შედიან. თუ უგულებელყოფთ ალერგიის გამომწვევ მიზეზებს, თქვენ რისკავთ რქოვანი ეგზემის განვითარებას. ის მიუთითებს ენდოკრინული სისტემის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიდა დაავადებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და გამოიწვიოს ბზარები კანზე.

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი ენდოკრინული დაავადებაა და ის ვლინდება იდაყვის, ხელების სიმშრალისა და ხელების კანზე ბზარების გაჩენით. პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ კრემი ხელის კანზე მარტივად შეიწოვება, მაგრამ ეფექტი თითქმის არ აქვს.

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი ჩვეულებრივ ბავშვობაში ვლინდება. ბავშვს აქვს ეპიდერმისის რქოვანა შრის გენეტიკური დეფექტი, რაც იწვევს კანის სიმშრალეს და ხელების ბზარებს.

როგორ დავუბრუნოთ ხელებს ჯანსაღი იერი?

იმისათვის, რომ ხელები მოვლილად გამოიყურებოდეს, უნდა აღმოფხვრათ მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და ბზარები. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მოვლას და თუ ეს საკმარისი არ იქნება, მაშინ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
თუმცა, სანამ დერმატოლოგთან ვიზიტს ჩანიშნავთ, შეგიძლიათ სახლის პირობებში შემდეგი რეკომენდაციები დაიცვათ:
გამოიყენეთ სპეციალური ხელის საცხი გარეთ გასვლისას.
გამოიყენეთ საცხი ხელების დაბანისთანავე.

გამოიყენეთ თხევადი საპონი ნეიტრალური pH-ით, რომელიც არ აშრობს კანს და უზრუნველყოფს დატენიანებას.
სახლის დასუფთავებისას ან ჭურჭლის რეცხვისას გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები.

თუ ხელის ძლიერი სიმშრალე გაქვთ, სცადეთ გელის საფუძველზე დამზადებული ნიღაბი-ხელთათმანები, ან პარაფინის შემცველი პროდუქტები ღრმა დატენიანებისა და კვებისათვის.

როდის მივმართოთ დერმატოლოგს?

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავთ, მაგრამ კანი ხელებზე მაინც გიშრებათ, მაშინ ეს არის სიგნალი იმისა, რომ დროა მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს ეგზემის ან ალერგიული დერმატიტის სიმპტომები.