LIFE

„მოექეცით ყოფილს, როგორც რთულ კოლეგას“: 5 რჩევა ფსიქოლოგებისგან მძიმე განქორწინების გადასატანად

„მოექეცით ყოფილს, როგორც რთულ კოლეგას“: 5 რჩევა ფსიქოლოგებისგან მძიმე განქორწინების გადასატანად

განქორწინება ყოველთვის დიდი სტრესია, მაშინაც კი, როცა წყვილი ცივილურად შორდება. თუმცა, როდესაც პროცესს თან ახლავს სკანდალები და დაუსრულებელი კამათი, ემოციური გადაწვა გარდაუვალია.

კალიფორნიელი ფსიქოთერაპევტები, კრისტა დენსი და ემი ბროზი, გვიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როცა ცხოვრება თავდაყირა დგება.

1. შექმენით „ზონა განქორწინების გარეშე“

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ განქორწინების პროცესში მუდმივად „საბრძოლო მზადყოფნაში“ უნდა იყოს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში კი ყოფილი მეუღლისგან შეტყობინებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოგივიდეთ, რაც დასვენების საშუალებას არ გაძლევთ.

  • დააწესეთ ლიმიტი: გამოყავით დღეში კონკრეტული საათები, როცა მხოლოდ განქორწინების საკითხებზე იფიქრებთ ან იმუშავებთ.

  • გამორთეთ შეტყობინებები: დასვენების დროს გათიშეთ ტელეფონი ან დაბლოკეთ შეტყობინებები ყოფილი პარტნიორისგან. გახსოვდეთ: თქვენ სწორედ იმიტომ შორდებით, რომ ამ ადამიანმა თქვენს ცხოვრებაზე ნაკლები გავლენა იქონიოს.

2. განსაზღვრეთ მთავარი მიზნები და ნუ დაიხარჯებით წვრილმანებზე

კონფლიქტის დროს ხშირად ემოციები გვმართავს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, შევადგინოთ პრიორიტეტების სია. მაგალითად:

  • ბავშვისთვის სწორი გრაფიკის შედგენა;

  • პროცესის სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულება;

  • პირადი სიმშვიდის დაბრუნება.

ყოველ ჯერზე, როცა ახალი კამათი წამოიჭრება, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს კონფლიქტი ჩემს მთავარ მიზანთან მაახლოებს თუ მაშორებს?“ თუ პასუხი უარყოფითია, უბრალოდ გაჩუმდით.

3. ისწავლეთ რელაქსაციის ტექნიკები

სტრესი ორგანიზმში გროვდება, ამიტომ აუცილებელია მისი „გამოტანა“. იპოვნეთ მეთოდი, რომელიც თქვენზე მუშაობს: იქნება ეს მედიტაცია, იოგა, ხანგრძლივი გასეირნება სამუშაოს შემდეგ თუ ახალი ჰობი. ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ, რომ ემოციურმა ფონმა გონება არ დაგიბინდოთ.

4. აირჩიეთ კომუნიკაციის მხოლოდ ერთი არხი

თქვენ გაქვთ უფლება დააწესოთ საზღვრები. თუ ტელეფონზე საუბარი ყოველთვის ჩხუბით სრულდება, გადადით მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე.

  • წერილობითი ურთიერთობა უკეთესია: ასე გაქვთ დრო, რომ მშვიდად წაიკითხოთ, ემოციები მოთოკოთ და პასუხი ცივ გონებაზე გასცეთ.

  • მოერიდეთ მესენჯერებს: დაუსრულებელი მიმოწერა ქმნის დაძაბულობას, რომელიც ღამითაც კი არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას.

5. „რთული კოლეგის“ სტრატეგია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე არის რთული ხასიათის თანამშრომელი, რომელთანაც საერთო პროექტი (მაგალითად, ბავშვის აღზრდა ან ქონების გაყოფა) გაკავშირებთ.

  • იყავით საქმიანი: უპასუხეთ მხოლოდ კონკრეტულ კითხვებსა და თხოვნებს.

  • დააიგნორეთ პროვოკაცია: თუ ყოფილი პარტნიორი წერილში ბავშვის საკითხთან ერთად შეურაცხყოფასაც გაყენებთ, უპასუხეთ მხოლოდ ბავშვზე, წყენა კი უყურადღებოდ დატოვეთ.

ფსიქოლოგის რჩევა: „ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის. კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი დაგეხმარებათ, რომ მძიმე განქორწინების „ჭაობში“ არ ჩაიძიროთ. თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია.“