LIFE

როდის არის დაშორება სწორი გადაწყვეტილება - ნიშნები, რომ ურთიერთობის დასრულება ჯობს

როდის არის დაშორება სწორი გადაწყვეტილება - ნიშნები, რომ ურთიერთობის დასრულება ჯობს

დაშორება არასდროს არის მარტივი. ურთიერთობის დასრულებას ხშირად მოჰყვება ბევრი ემოცია, ეჭვი და კითხვა - იქნებ კიდევ უნდა ვცადო? იქნებ ყველაფერი გამოსწორდეს?

თუმცა ზოგჯერ ურთიერთობის შენარჩუნებაზე მეტად მნიშვნელოვანი საკუთარი თავისა და ემოციური კეთილდღეობის დაცვაა. თუ გარკვეული პრობლემები მუდმივად მეორდება და ურთიერთობა უფრო მეტ ტკივილს გიქმნით, ვიდრე ბედნიერებას, შესაძლოა, დროა დაფიქრდეთ, ნამდვილად გიღირთ თუ არა მასში დარჩენა.

პარტნიორი გღალატობთ

ნდობის დარღვევა ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. თუ პარტნიორი არ არის ერთგული და ღალატი განმეორებით ხდება, ღირს დაფიქრდეთ, გსურთ თუ არა ასეთ ურთიერთობაში დარჩენა.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ისეთ ადამიანთან, ვინც მას პატივს სცემს და ერთგულია. ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ იმის შიშით, რომ დაშორება რთული იქნება, შესაძლოა საკუთარ თავთან კომპრომისად დაგიჯდეთ.

ურთიერთობაში საეჭვო ნიშნებს ამჩნევთ

არავინ არის სრულყოფილი და ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. მაგალითად, შეიძლება პარტნიორი ყოველთვის კარგი მსმენელი არ იყოს ან ზოგჯერ დაუფიქრებლად იქცეოდეს.

მაგრამ ნაკლი და სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი ერთი და იგივე არ არის.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, უკონტროლო ეჭვიანობა, აგრესიული ხასიათი ან ძალადობრივი ქცევა უკვე ისეთი პრობლემებია, რომელთა უგულებელყოფა არ ღირს. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის რეალურად შეფასება აუცილებელია.

მისი ყურადღებისთვის ბრძოლა გიწევთ

ცხადია, პარტნიორი დღის ყოველ წუთს თქვენთან ვერ იქნება. მასაც სჭირდება პირადი სივრცე, მეგობრები და საკუთარი ინტერესები.

მაგრამ თუ მუდმივად გაქვთ განცდა, რომ მის ყურადღებას ებრძვით და თქვენთვის დრო მხოლოდ მაშინ აქვს, როცა სხვა საქმე აღარ დარჩა, ეს უკვე საყურადღებო ნიშანია.

თუ ამაზე საუბარი სცადეთ, მაგრამ პარტნიორი პრობლემას ვერ ხედავს და არაფრის შეცვლა არ სურს, დაფიქრდით, რამდენად გაკმაყოფილებთ ასეთი ურთიერთობა.

ურთიერთობა ტოქსიკურია

ტოქსიკური ურთიერთობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, პარტნიორი შეიძლება იყოს უკიდურესად ეჭვიანი, მაკონტროლებელი, ნარცისული ან აგრესიული.

მთავარი კითხვა მარტივია: ეს ურთიერთობა თქვენთვის ჯანსაღია თუ პირიქით, ემოციურად განადგურებთ?

თუ უკვე ხვდებით, რომ ურთიერთობა თქვენზე უარყოფითად მოქმედებს და მდგომარეობის გამოსწორების რეალური შესაძლებლობა არ ჩანს, შესაძლოა დაშორება თქვენთვის უკეთესი არჩევანი იყოს.

პარტნიორი თქვენს საუკეთესო მხარეებს არ აჩენს

კარგ ურთიერთობაში პარტნიორი მხოლოდ თქვენს გვერდით კი არ არის - ის უკეთესი ადამიანი გახდომისკენაც გიბიძგებთ.

ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცუდი დღე, გაღიზიანდეს ან დროებით შეცვალოს ხასიათი. მაგრამ თუ ამ ურთიერთობის გავლენით მუდმივად ხდებით უფრო გაღიზიანებული, მოწყენილი, დაუცველი ან ისეთი ადამიანი, როგორიც თავად არ მოგწონთ, ეს უკვე დასაფიქრებელია.

ურთიერთობამ თქვენში საუკეთესო თვისებები უნდა გააძლიეროს და არა პირიქით.

უფრო ხშირად მოწყენილი ხართ, ვიდრე ბედნიერი

ყველა ურთიერთობას აქვს რთული პერიოდები. კამათი, უთანხმოება და დროებითი კრიზისი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის უცხო არ არის.

მაგრამ თუ მოწყენილობა უკვე ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა, ბედნიერი დღეები კი გამონაკლისია, ღირს საკუთარ თავს ჰკითხოთ - ამ ურთიერთობაში ნამდვილად კარგად ვარ?

თუ მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება და პრობლემების მოგვარების მცდელობებს შედეგი არ მოაქვს, შესაძლოა, ურთიერთობის დასრულება უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილება იყოს.

შინაგანად გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის

ზოგჯერ ზუსტად ვერ ხსნით, რა გაწუხებთ, მაგრამ შინაგანად გრძნობთ, რომ ურთიერთობაში რაღაც ისე არ არის.

ეს ინტუიციაა და მისი უგულებელყოფა ყოველთვის კარგი იდეა არ არის. რა თქმა უნდა, ერთი ცუდი დღის ან დროებითი ეჭვის გამო გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის. საკუთარ თავს დრო მიეცით და დააკვირდით, გაქრება თუ არა ეს განცდა.

თუ შინაგანი დისკომფორტი მუდმივად გრჩებათ, შესაძლოა, დროა დაფიქრდეთ, რატომ არ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში მშვიდად და ბედნიერად.

დაშორება რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზოგჯერ ურთიერთობის დასრულება საკუთარ თავზე ზრუნვის ფორმაა. მთავარი ის არის, რომ არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ მარტო დარჩენის შიშით არ იმოქმედოთ და გულწრფელად შეაფასოთ, რას გაძლევთ ეს ურთიერთობა და რას გართმევთ.