ჯანმრთელობა

საკვებთან ურთიერთობა გაგირთულდათ? 7 მარტივი ნაბიჯი, რომელიც ჩვევების შეცვლაში დაგეხმარებათ

საკვებთან ურთიერთობა გაგირთულდათ? 7 მარტივი ნაბიჯი, რომელიც ჩვევების შეცვლაში დაგეხმარებათ

ხშირად საკვებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, თუ რას და რამდენს ვჭამთ. ზოგჯერ საკვები სტრესის, მოწყენილობის, დანაშაულის განცდის ან სხვა ემოციის „გამკლავების“ საშუალებად გვევლინება.

შედეგად, ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს წრეზე, სადაც მკაცრ შეზღუდვას გადაჭარბებული ჭამა, შემდეგ კი სინანული და ახალი აკრძალვები მოჰყვება.

საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებლად მკაცრ დიეტას ან საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმას არ ნიშნავს. ამისთვის ზოგჯერ საჭიროა საკუთარი ჩვევების გადახედვა და იმის გააზრება, რა დგას მათ უკან.

აი 7 ნაბიჯი, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ:

1. დაფიქრდით, საიდან დაიწყო ყველაფერი

საკვებთან დამოკიდებულება ხშირად წარსულში ჩამოყალიბებულ გამოცდილებას უკავშირდება. ბავშვობიდან შეიძლება გვესმოდეს, რომ კონკრეტული საკვები „ცუდია“, ზედმეტი წონა მიუღებელია ან გარკვეული გარეგნობა უფრო სასურველია.

ამიტომ მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, როდის დაიწყო თქვენთვის საკვებთან დაკავშირებული სირთულეები და რა მოვლენებს ან ემოციებს დაემთხვა ეს პერიოდი.

2. გათავისუფლდით დიეტური „ხმაურისგან“

სოციალურ ქსელებში, ჟურნალებსა და სხვადასხვა საიტებზე ყოველდღიურად უამრავ ურთიერთგამომრიცხავ რჩევას ვაწყდებით - რა უნდა ვჭამოთ, რა არ უნდა ვჭამოთ, რომელი დიეტაა საუკეთესო და როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად.

ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო დაგვაბნიოს.

ზოგჯერ სასარგებლოა, ცოტა ხნით მაინც, ნაკლები ყურადღება დავუთმოთ მუდმივ დიეტურ რჩევებს და საკუთარ სხეულსა და შიმშილის შეგრძნებებს დავაკვირდეთ.

3. აპატიეთ საკუთარ თავს

თუ ოდესმე ზედმეტი გიჭამიათ, დიეტა დაგირღვევიათ ან ისეთი რამ მიგიღიათ, რის გამოც შემდეგ თავი ცუდად იგრძენით, ამის გამო საკუთარი თავის დასჯა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

დანაშაულის განცდამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს არაჯანსაღი კვებითი ციკლი.

ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მისცეთ უფლება, შეცდომა უბრალოდ შეცდომად აღიქვათ და შემდეგ კვება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოთ.

4. იარეთ ფეხით — არა დასასჯელად, არამედ სიამოვნებისთვის

ფიზიკური აქტივობა მხოლოდ მიღებული კალორიების „დასაწვავად“ არ უნდა აღიქმებოდეს.

სეირნობა შეიძლება იყოს დრო, როდესაც ადამიანი ისვენებს, ფიქრობს საკუთარ ემოციებზე და უბრალოდ მოძრაობით იღებს სიამოვნებას.

ამ მიდგომით ვარჯიში აღარ აღიქმება როგორც სასჯელი იმის გამო, რომ რაღაც გემრიელი მიირთვით.

5. თავად მოამზადეთ საკვები

საკუთარი საჭმლის მომზადება შეიძლება კვებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მარტივი გზა იყოს.

როდესაც კერძს თავად ამზადებთ, უფრო მეტად აკვირდებით იმას, რას მიირთმევთ და როგორია თქვენი შიმშილისა და დანაყრების შეგრძნება.

სასურველია, ჭამის დროს ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანსაც მოვშორდეთ და ყურადღება თავად კვებაზე გადავიტანოთ.

6. დაწერეთ, რას გრძნობთ

თუ ვერ ხვდებით, რატომ გაქვთ კონკრეტული დამოკიდებულება საკვების მიმართ, ამის შესახებ წერა შეიძლება დაგეხმაროთ.

ჩაიწერეთ, რას გრძნობთ, რა გაშინებთ, რა გაწუხებთ და რა სიტუაციებში გიჩნდებათ ჭამის სურვილი მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მშიერი არ ხართ.

აქ საუბარი საკვების რაოდენობის ან კალორიების ჩაწერას არ ეხება - მთავარი საკუთარი ემოციების უკეთ გაგებაა.

7. დაიწყეთ თავიდან

არ არის აუცილებელი დაელოდოთ ორშაბათს, ახალ თვეს ან „იდეალურ მომენტს“.

თუ ძველი კვებითი ჩვევების შეცვლა გსურთ, შეგიძლიათ დაიწყოთ იქიდან, სადაც ახლა ხართ.

წარსულში დაშვებული შეცდომების მუდმივი გახსენების ნაცვლად, ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, რისი შეცვლაც დღეს შეგიძლიათ.

საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება ერთ დღეში არ ხდება. მთავარი მიზანი არ არის იდეალური კვება - უფრო მნიშვნელოვანია, საკვები აღარ აღიქვათ მუდმივი აკრძალვების, დანაშაულის განცდისა და თვითდასჯის წყაროდ.