აღზრდის 11 ძველი წესი, რომლებიც ბავშვებს პასუხისმგებლიან ადამიანებად აყალიბებს
- 07.11.2026
კარგი მშობლობის უნივერსალური სახელმძღვანელო არ არსებობს, თუმცა არსებობს ღირებულებები, რომლებსაც თაობები ერთმანეთს გადასცემენ. გულწრფელი ბოდიში, უფროსების პატივისცემა, ფულის დაზოგვა და საკუთარი სიტყვის დაცვა - ეს ის გაკვეთილებია, რომელთა მნიშვნელობას ხშირად მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ვაფასებთ.
გთავაზობთ 11 კლასიკურ წესს, რომლებიც ბავშვობიდან მიღებულ მნიშვნელოვან გამოცდილებად შეიძლება იქცეს.
1. ბოდიში გულწრფელად მოიხადე
ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლოს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება. გულწრფელი ბოდიში მხოლოდ სიტყვა „მაპატიეს“ არ არის - საჭიროა აღიარო, რა გააკეთე არასწორად, გაიაზრო სხვისი წყენა და თქვა, როგორ აირიდებ მსგავს შეცდომას მომავალში.
წიგნის Sorry, Sorry, Sorry: The Case for Good Apologies ავტორი მარჯორი ინგოლი განმარტავს, რომ სინანული საკუთარ განცდებს უკავშირდება, ბოდიში კი - იმ ადამიანის გრძნობებს, რომელსაც ვაწყენინეთ.
2. პატივი ეცი უფროსებს
უფროსების პატივისცემა მათი გამოცდილების დაფასებას გულისხმობს, თუმცა ასაკი უხეშობის ან დამამცირებელი ქცევის გამართლება არ არის.
ფსიქოთერაპევტ რობინ ჰორნშტაინის განმარტებით, პატივისცემა ადამიანის აზრებისა და გრძნობების დაფასებაა. ასაკის მიუხედავად, ის, ვინც სხვებს შეურაცხყოფს, მისაბაძი მაგალითი ვერ იქნება.
3. ფული ცუდი დღისთვისაც გადაინახე
ფინანსური განათლება ოჯახში იწყება. თუ მშობლები გასწავლიდნენ, რომ შემოსავლის ნაწილი უნდა დაგეზოგა, საჭიროებები სურვილებისგან გაგერჩია და ფული დაუფიქრებლად არ დაგეხარჯა, ეს გამოცდილება ზრდასრულ ცხოვრებაში გამოგადგებოდა.
ბავშვობაში ჯიბის ფულის ნაწილის გადადება შესაძლოა უსამართლო შეზღუდვად გეჩვენებოდა, დღეს კი ხვდები, რომ დანაზოგი მომავლის ფინანსური საყრდენია.
4. დამარცხებას ღირსეულად შეხვდი
წაგება მარცხს არ ნიშნავს. ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნება და იმედგაცრუებასთან გამკლავებაც უნდა ისწავლოს.
სპორტული ჟურნალისტი სემ ვაინმანი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში თამაშებსა და შეჯიბრებებში დამარცხებაზე ჩვენი რეაქცია შესაძლოა მომავალში ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარზეც აისახოს.
5. სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი
სიტყვებს შეუძლია ადამიანის გამხნევებაც და შეურაცხყოფაც. ამიტომ გულწრფელობა სხვისი გრძნობების გათვალისწინებას არ გამორიცხავს.
ეს წესი განსხვავებული აზრის მოსმენასაც გულისხმობს - მაშინაც კი, როცა სხვისი შეხედულება შენსას არ ემთხვევა.
6. გაუზიარე სხვებს ის, რაც გაქვს
გაზიარება მხოლოდ ნივთების დათმობა არ არის. ის სხვებზე ზრუნვისა და დახმარების სურვილს აყალიბებს.
შეიძლება ქველმოქმედებისთვის დიდი თანხა არ გქონდეს, მაგრამ მეგობარს ავადმყოფობის დროს პროდუქტები მიუტანო ან შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარო. ამასთან, მნიშვნელოვანია საკუთარი საჭიროებებისა და პირადი საზღვრების დაცვაც.
7. სწორად მოიქეცი მაშინაც, როცა არავინ გიყურებს
პატიოსნება განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა ადამიანს არავინ აკვირდება და მისი საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს.
სწორედ ამ დროს ვლინდება, რამდენად ერთგულია ადამიანი საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების.
8. ჩაიცვი სიტუაციის შესაბამისად
ტანსაცმელი ინდივიდუალობას გამოხატავს, თუმცა ჩაცმულობის შერჩევისას გარემოს გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. გასაუბრებისთვის, სამუშაო შეხვედრისა და მეგობრებთან გასვლისთვის სხვადასხვა სამოსს ირჩევ.
საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენას არ ემსახურება - ის თავდაჯერებულობაზეც მოქმედებს.
9. ერთი კერძის კარგად მომზადება მაინც ისწავლე
საჭმლის მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელოვანი უნარია. შესაძლოა ბავშვობაში მშობლებს სამზარეულოში ეხმარებოდი და ოჯახურ რეცეპტებს აკვირდებოდი. ეს გამოცდილება მოგვიანებით საკუთარ სახლშიც გამოგადგა.
პროფესიონალი მზარეულობა საჭირო არ არის - მთავარია, რამდენიმე კერძის მომზადება დამოუკიდებლად შეგეძლოს. ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის საჭმლის მომზადება კი მზრუნველობის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა.
10. რასაც სხვებს ურჩევ, თავადაც გააკეთე
საკუთარი სიტყვების ერთგულება ნიშნავს, რომ დაპირებები უნდა შეასრულო და ისეთი ვალდებულებები არ აიღო, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებ.
ნდობის მოპოვებას დიდი დრო სჭირდება, დაკარგვას კი ზოგჯერ ერთი შემთხვევაც ჰყოფნის. ამიტომ ნათქვამი და გაკეთებული ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
11. მეტი უსმინე და ნაკლები ილაპარაკე
კარგი კომუნიკაცია მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვა არ არის - ის ყურადღებით მოსმენასაც გულისხმობს.
ფსიქოლოგ ნიკ უიგნალის თქმით, საუკეთესო საუბრები ინფორმაციის გაცვლაზე კი არა, ადამიანებს შორის კავშირის დამყარებაზეა ორიენტირებული. ყურადღებით მოსმენა კი სხვების უკეთ გაგებაში გვეხმარება.
თემები: მშობლები და შვილები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია