ჯანმრთელობა

თუ თავის ტკივილი უჩვეულოდ გეჩვენებათ - შაკიკის 12 სიმპტომი

თუ თავის ტკივილი უჩვეულოდ გეჩვენებათ - შაკიკის 12 სიმპტომი

შაკიკი მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის. მას შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი ახლდეს - მხედველობის ცვლილებიდან და თავბრუსხვევიდან დაწყებული, სახის დაბუჟებითა და ყურებში შუილით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, შაკიკის შეტევა ყველას ერთნაირად არ აქვს.

შაკიკის 12 სიმპტომი

1. ელექტრული დენის მსგავსი ტკივილი

ზოგიერთ ადამიანს თავში დენის გავლის ან წვის მსგავსი შეგრძნება აქვს. ტკივილი ხშირად კეფიდან იწყება და თავის კანზე, ზოგჯერ კი კისერზეც ვრცელდება.

2. დაბუჟება

შაკიკის დროს შესაძლოა სახის ან კიდურების ნაწილი დაბუჟდეს. ზოგჯერ ამას მეტყველების გაძნელება, კუნთების სისუსტე ან დაბნეულობაც ახლავს.

3. პულსირებადი ტკივილი

ეს შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ტკივილი ხშირად თავის ერთ მხარეს იგრძნობა და ზოგჯერ რამდენიმე დღე გრძელდება.

4. სინათლის აუტანლობა

შეტევის დროს კაშკაშა განათება შეიძლება აუტანელი გახდეს. ადამიანს ბნელ ოთახში ყოფნა და თვალების დახუჭვა ურჩევნია.

5. მხედველობის ცვლილებები და აურა

შაკიკს ზოგჯერ წინ უძღვის ან თან ახლავს მხედველობის დარღვევა: სინათლის გაელვებები, ბრმა ლაქები ან ბუნდოვანი გამოსახულება. ამ მოვლენებს აურას უწოდებენ.

6. ტკივილი შეხების დროს

შეტევისას ზოგჯერ მსუბუქი შეხებაც მტკივნეულია. თმის დავარცხნამ, შხაპის მიღებამ ან ბალიშზე თავის დადებამაც კი შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. ამას ალოდინია ეწოდება.

7. კისრისა და კუნთების დაჭიმულობა

შაკიკს შესაძლოა ყბის, კისრის, მხრებისა და ზურგის დაჭიმულობა ახლდეს. თუმცა კისრის გაშეშება ზოგჯერ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემაზეც მიუთითებს.

8. თავბრუსხვევა

ზოგიერთ ადამიანს შაკიკის დროს თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა აქვს. ვესტიბულური შაკიკის შემთხვევაში შესაძლოა ისეთი შეგრძნებაც გაჩნდეს, თითქოს ოთახი ტრიალებს.

9. ყურებში შუილი

შაკიკს ზოგჯერ ტინიტუსი ახლავს - ყურებში შუილი ან ზუზუნი. ის შეიძლება აურის გარეშეც გამოვლინდეს და თავის ტკივილის დროს გაძლიერდეს.

10. ზეწოლის შეგრძნება თავში

შაკიკის დროს ზოგ ადამიანს თავის გარშემო მოჭერის ან ზეწოლის შეგრძნება აქვს. ის შეიძლება მთელ თავზე ან მხოლოდ ერთ უბანში იგრძნობოდეს.

11. გულისრევა

გულისრევა და ღებინება შაკიკის გავრცელებული სიმპტომებია. ზოგჯერ გულისრევა თავის ტკივილზე ადრეც იწყება, ხოლო საკვებმა და ყოველდღიურმა აქტივობებმა შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს.

12. ჩხვლეტა

შაკიკის დროს შესაძლოა თავის ან სახის არეში ჩხვლეტა იგრძნოთ. ეს შეგრძნება ჰგავს იმ მდგომარეობას, როცა ფეხი დიდხანს ერთ პოზაში ყოფნის შემდეგ გიბუჟდებათ.

მნიშვნელოვანია: ეს სიმპტომები ყოველთვის შაკიკს არ ნიშნავს. თუ პირველად გაჩნდა დაბუჟება, მეტყველების გაძნელება, კუნთების სისუსტე ან მხედველობის უეცარი ცვლილება, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას - ასეთი ნიშნები შესაძლოა ინსულტზეც მიუთითებდეს. ასევე საყურადღებოა უეცარი, უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.