მუდმივი დაღლილობა და უმოტივაციო განწყობა წარსულს ჩაბარდება - დილის 8 ჩვევა, რომლებიც ენერგიის დაბრუნებაში დაგეხმარებათ
- 07.11.2026
დილით გაღვიძება, მაღვიძარას რამდენჯერმე გადადება და დღის პირველ ნახევარში გონებაგაფანტულობისა და მოდუნების შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია. ზოგჯერ ადამიანი შუადღემდე მხოლოდ ყავის დახმარებით ახერხებს გამოფხიზლებას და პროდუქტიულად მუშაობას.
დილის რუტინის შეცვლა კი შესაძლოა მთელი დღის განწყობასა და ენერგიაზე დადებითად აისახოს. რამდენიმე მარტივი ჩვევა დილის უფრო ორგანიზებულად დაწყებასა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
დილის 8 ჩვევა, რომლებიც ენერგიისა და მოტივაციის დაბრუნებაში დაგეხმარებათ
1. დილას ბუნებრივი სინათლე შემოუშვით
გაღვიძებისთანავე ფარდების გადაწევა და ოთახში ბუნებრივი სინათლის შემოშვება მარტივი ჩვევაა, რომელიც გამოფხიზლებას უწყობს ხელს.
კვლევების თანახმად, მზის სინათლე ტვინში სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს ჰორმონი განწყობისა და კონცენტრაციის რეგულირებაში მონაწილეობს.
2. დილა მუსიკით დაიწყეთ
გაღვიძებისთანავე ტელეფონში შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების თვალიერების ნაცვლად, საყვარელი მუსიკა ჩართეთ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტისა და მუსიკის ფსიქოლოგის, დევიდ გრინბერგის თქმით, დილისთვის სასურველია ისეთი სიმღერები, რომლებსაც თანდათან მზარდი ტემპი, დადებითი განწყობა და მკაფიო რიტმი აქვს.
კარგი განწყობით გაღვიძებისთვის ის რამდენიმე სიმღერასაც გვთავაზობს: Coldplay-ის „Viva La Vida“, Demi Lovato-ს „Confident“ და Imagine Dragons-ის „On Top of the World“.
3. დილას ცოტა იმოძრავეთ
გამოფხიზლებაში რამდენიმე წუთიანი გაწელვითი ვარჯიშიც დაგეხმარებათ. აუცილებელი არ არის სრულფასოვანი ვარჯიში - ზოგჯერ საკმარისია მარტივი მოძრაობები, რომლებიც სხეულს გაააქტიურებს.
მთავარია, დილა მცირე ფიზიკური აქტივობით დაიწყოთ.
4. გაიხსენეთ, რისთვის ხართ მადლიერი
გაღვიძებისთანავე ტელეფონის შემოწმების ნაცვლად, რამდენიმე წუთი დაუთმეთ იმ საკითხების გახსენებას, რისთვისაც მადლიერი ხართ.
შეგიძლიათ ჩამოწეროთ რამდენიმე რამ, რაც სიხარულს განიჭებთ ან დადებითად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. ეს ჩვევა დღის უფრო პოზიტიურად დაწყებაში დაგეხმარებათ.
5. დღის საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ
როცა ბევრი დავალება ერთდროულად გაქვთ შესასრულებელი, შესაძლოა გაგიჭირდეთ იმის განსაზღვრა, საიდან დაიწყოთ. ამიტომ დილით ჩამოწერეთ დღის საქმეები და მნიშვნელობის მიხედვით დაალაგეთ.
ასე უფრო ნათლად დაინახავთ, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება. კვლევის მიხედვით, მიზნების რეგულარული გადახედვა მათ მიღწევას აჩქარებს.
6. საუზმისთვის დრო გამონახეთ
საუზმის გამოტოვებამ შესაძლოა დღის განმავლობაში შიმშილის შეგრძნება გააძლიეროს და სწრაფად, ნაკლებად სასარგებლო საკვების არჩევისკენ გიბიძგოთ.
რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დიეტოლოგის, კრისტი ტენგნის თქმით, ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე დღის განმავლობაში ნაკლებად სასარგებლო საკვების მიღების სურვილს ამცირებს.
7. დილას პოზიტიური ამბები წაიკითხეთ
დღის ნეგატიური ამბებით დაწყებამ შესაძლოა განწყობაზე იმოქმედოს. ამიტომ დილით უფრო გააზრებულად შეარჩიეთ ინფორმაცია, რომელსაც ეცნობით.
ნეგატიური სიახლეების დაუსრულებელი თვალიერების ნაცვლად, შეგიძლიათ დრო პოზიტიურ და შთამაგონებელ ამბებს დაუთმოთ. ასე ინფორმირებულიც დარჩებით და დილასაც უფრო მშვიდად დაიწყებთ.
8. მეორე დღისთვის ყველაფერი საღამოს მოამზადეთ
დილის აჩქარების თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე საქმე წინა საღამოს მოაგვარეთ: შეარჩიეთ ტანსაცმელი, მოამზადეთ სამსახურში წასაღები საკვები და ყავის აპარატიც წინასწარ დააყენეთ.
როცა დილით ბევრი რამ უკვე მზად არის, დროის დაზოგვას შეძლებთ. გამოთავისუფლებული წუთები კი შეგიძლიათ მედიტაციას, მსუბუქ ცეკვას ან უბრალოდ მშვიდად ყავის დალევას დაუთმოთ.
თემები: დილა