მუხლები მანამ გეკვეთება, სანამ სიტყვის სათქმელად სცენაზე გახვალ. შენი სანაცნობო წრის გაფართოება გსურს, თუმცა საუბრის ნაცვლად, ფრჩხილების კვნეტას იწყებ, რაც გგონია, რომ განხილვის საგნად იქცევა. შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლა შენს საქმიან რეპუტაციას დადებითისკენ შეცვლიდა, მაგრამ შენ იმის შიში გიპყრობს, რომ შესაძლოა, რამე არასწორად თქვა. მსგავს სიტუაციებში - როცა პიროვნულად რაიმეს გაკეთება მნიშვნელოვანია და ამავდროულად საშიშიც - სამწუხაროდ, ყველა აღმოვჩნდებით ხოლმე. მარტივი გამოსავალი კი ამ შემთხვევაში თავის არიდებაა.
პრობლემა ის არის, რომ ეს საკითხი მხოლოდ უსიამოვნო არ გახლავთ. ამ საკითხზე მუშაობაა აუცილებელი. ასაკთან ერთად, როცა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება სამსახურისა და კარიერის აუცილებლობა, პირისპირ ვაწყდებით სიტუაციებს, როცა ჩვენი ქცევა გარემოს უნდა მოვარგოთ. ეს არის იმ სამყაროს მარტივი რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. იმ უნარებისა და გამბედაობის გარეშე, ბარიერების გადასალახავად რომ გვჭირდება, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, წინსვლისთვის საჭირო შანსს გავუშვებთ ხელიდან.
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ჩვენთვის კომფორტულ ცხოვრების სტილს, რომელიც გულისხმობს, რომ თავიდან ვიცილებთ უსიამოვნო, თუმცა პროფესიული საქმიანობისთვის მოგებიან საკითხებს?
უპირველესად, იყავი გულახდილი საკუთარ თავთან. როდესაც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაზე თქვი უარი, რეალურად ეს იმიტომ გააკეთე, რომ დრო არ გქონდა თუ უბრალოდ ამ ნაბიჯის გადადგმამ შეგაშინა? და როცა არ დაუპირისპირდი კოლეგას, რომელიც ძირს უთხრის შენს კარიერას, იფიქრე, რომ ასეთ საქციელს შეწყვეტდა თუ კონფლიქტების გეშინია? როგორც წესი, იმისთვის, რომ თავიდან აიცილო სიტუაციები, რომელთაც შენი კომფორტის ზონიდან გასვლა სჭირდება, იხდი ბოდიშების მთელ ჩამონათვალს.
მგონი, დროა, ჰკითხო საკუთარ თავს, რამდენად მართებულია ბოდიშების ხდა. სხვა რომ იმავე მიზეზების გამო ბოდიშებით მოვიდეს შენთან, მიიღებ მის ბოდიშებს თუ უარყოფ მათ? პასუხი ყოველთვის ნათელი არ არის, ვერასოდეს გადალახავ უმოქმედობას, თუ უპირველესად, საკუთარ თავთან გულახდილობას არ მიეჩვევი.
მიიღე საკუთარი ქცევა. ძალიან ცოტა ადამიანი იბრძვის სამსახურში არსებული ცუდი ვითარების გამოსასწორებლად. შესაძლოა, ზოგადად რაიმეზე საუბარი მართლაც ძალიან გიჭირს, მაგრამ თუ საქმე იმ საკითხს ეხება, რომელიც ძალიან კარგად გესმის, მასზე სასაუბროდ ძალას აუცილებლად გამონახავ. აღიარე ეს შესაძლებლობები და ისარგებლე ამით - ამ ცვალებადობას შემთხვევითობას ნუ მიაწერ - ჩათვალე, რომ ეს შენი არჩევანი და სიახლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მრავალი წლის განმავლობაში, სკოლაში, უნივერსიტეტსა და სამსახურებში ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობდნენ თავიანთი კომფორტის ზონის დათმობას და მისგან გაღწევას. მათგან ვისწავლე, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად იმაზე მეტი თავისუფლება გვაქვს, ვიდრე გვგონია: ჩვენ ხშირად შეგვიძლია იმ გზებისა და საშუალებების პოვნა, რომლებითაც საკმარისად პიკანტურს გავხდით მოცემულობას და მაქსიმალურად შევამცირებთ დისკომფორტს. მაგალითად, თუ შენც ჩემსავით სუსტი ხარ და გიჭირს სიტყვით გამოსვლა დიდი და ხმაურიანი ჯგუფის წინაშე, იპოვე იმ გარემოში შედარებით წყნარი კუთხე სასაუბროდ. თუნდაც გარეთ გადი და იქ ისაუბრე. თუ საჯაროდ სიტყვით გამოსვლებსა და კორპორაციულ ღონისძიებებს ვერ იტან, მაგრამ გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს ნაკლები ადამიანების გარემოცვაში, გამონახე შესაძლებლობა, ისაუბრო ვიწრო წრეში - დაპატიჟე ყავაზე ის ადამიანები, ვისთანაც კავშირი მოგწონს და გსურს.
გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი. თუ მართლა გსურს, თავი დააღწიო კომფორტის ზონას, გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგა, იმის მიუხედავად, კომფორტულია თუ არა ამის გაკეთება. ჩართე საკუთარ თავში მექანიზმები, რომლებიც გაიძულებენ, ჩაუღრმავდე საკითხს და აღმოაჩენ, რომ ის, რისიც ასე გეშინოდა, არც ისეთი საშიშია, როგორიც გეგონა.
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ: მიჭირდა საჯარო გამოსვლები და ხალხში საუბარი. სკოლა რომ დავამთავრე, დამრიგებელმა ყველას დაგვავალა სიტყვის წარმოთქმა, რომელიც მოუმზადებლად უნდა გაგვეჟღერებინა. ისევე, როგორც ყველა, მეც შემაშინა ამ ფაქტმა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ იმუშავა. არა მხოლოდ მე, არამედ ყველამ წარმატებით გავართვით თავი. ფაქტობრივად, მოუმზადებლად, ტექსტის წინასწარ დაზეპირების გარეშე საუბარი გაცილებით ეფექტურია, გაცილებით ბუნებრივი და ავთენტური. რომ არ ვეიძულებინე სიტუაციას, იქნებ არც არასდროს გადამედგა ეს გადამწყვეტი ნაბიჯი.
მცირედით დაიწყე: უფროსებთან და სამსახურში ნუ გადადგამ პირველ ნაბიჯს, გაიხსენი თანატოლებთან და შეხედე, როგორ იმუშავებს ეს ტაქტიკა.
ამ პერიოდში მიხვდები, შეგიძლია თუ არა ახალი მეგობრების გაჩენა, ან რთულ ვითარებაში კოლეგისთვის რჩევების მიცემა და მისი გამხნევება.
შესაძლოა შეცდე, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს. ფაქტობრივად, მხოლოდ ასე შეძლებ ისწავლო, განსაკუთრებით, თუ აფასებ და აანალიზებ შეცდომებს - რომლებიც რეალურად საჭიროა - რომლებიც რეალურად სწავლის პროცესის ნაწილია. დაბოლოს, იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ, იმაზე მეტ ძალას ვფლობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ასე რომ, დაიწყე! იყავი გულახდილი საკუთარ თავთან, მიიღე საკუთარი ქცევა და გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი. ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩები შესაძლებლობით, გაიღრმავო, ისწავლო და გაიფართოო პროფესიული უნარები.
თემები: კომფორტის ზონა, წარმატება, ნაბიჯის გადადგმა
წყარო: <a href="https://hbr.org">hbr.org</a>