ღალატი ურთიერთობაში ყველაზე რთული გამოცდაა და ფსიქოლოგები მას ფიზიკურ გაუსაძლის ტკივილსაც კი ადარებენ. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად იგებს და რეაგირებს ამ დამანგეველ ფაქტზე. ჩვენ მოგიყვებით სამ ისტორიას , რომელიც trend.ge-ს მკითხველებს გადახდათ თავს.
მარიტა, 33 წლის:
„თანაცხოვრებიდან სამი წლის შემდეგ აგვერია ურთიერთობა. მიზეზი ბავშვი მგონია, რადგან ფეხმძიმობისა და მშობიარობის პერიოდში ძალიან შემეცვალა ხასიათი და ხშირად გაღიზიანებული ვიყავი. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა არ მიფიქრია რომ მას სხვა ქალი ჰყავდა, სანამ ერთ დღეს სახლში ძალიან ნასვამი არ დაბრუნდა. ტანსაცმლით ჩაეძინა და მის ტელეფონზე განუწყვეტლივ მოდიოდა მესიჯები, სანამ ხმამ არ შემაწუხა და მისი ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. ვიღაც ქალი წერდა, რომ სასწრაფოდ დაერეკა ან მიეწერა მივიდა თუ არა სახლში, რადგან ძალიან ნევიულობდა.
იმ ღამეს, მისი ტელეფონის საშუალებით ყველაფერი გავიგე, ყველა მესიჯი წავიკითხე და ფოტოებიც ვნახე. მეორე დღეს სერიოზულად ვისაუბრეთ, თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა, არც უცდია. დღეს ისევ ერთად ვცხოვრობთ. ისევ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, იმ ფაქტიდან ორი წელი გავიდა. ისიც არ ვიცი, ისევ იმ ქალთან აქვს ურთიერთობა თუ დაშორდა. ერთმანეთშიც იშვიათად ვსაუბრობთ. ერთ სახლში ვცხოვრობთ, ოღონდ მეზობლებივით. რატომ არ ვშორდები? - სახლი არ მაქვს და დამოუკიდებლად ვერ შევძლებ ქირის გადახდას და ბავშვის მიხედვას. თავადაც არ უნდა განშორება, ჰგონია, რომ შვილის გარეშე ვერ გაძლებს.“
ნატა, 29 წლის:
„ცოლად სანამ გავყვებოდი მანამდე ვიცოდი რომ სხვა ქალზე იყო შეყვარებული, მაგრამ ის ქალი ჩემს მომავალ მეუღლეზე ბევრად უფროსი იყო ასაკით და მშობლების წინააღმდეგობის გამო ვერ ბედავდა ცოლად მოყვანას. არ ვიცი, რატომ მე რატომ გავთხოვდი მასზე... იმ დროს მეგონა რომ ეს ჩემი ცხოვრების შესაცვლელად საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ყველაფერი გარიგებით მოხდა, ჩემი დედამთილი მარწმუნებდა, რომ მისი შვილი მალე დაივიწყდებდა დედისტოლა ქალს და მე შევუყვარდებოდი. ბავშვი კი ჩვენ ცხოვრებას უფრო სტაბილურს გახდიდა. ისე გავიდა ორი წელი რომ არაფერი დალაგდა.
ბავშვიც შეგვეძინა, მაგრამ ჩემი ქმარი ამის შემდეგ უფრო ხშირად რჩებოდა თავის საყვარელ ქალთან. ერთ დღეს მომბეზრდა ყველაფერი და დედაჩემთან დავბრუნდი. ორი კვირა ისე გავიდა, რომ არავინ მომაკითხა. ამ დღის შემდეგ სამი წელი გავიდა. ყოფილი დედამთილი ნაწყენია, ჩემი საქციელით, ქმარს არც დაურეკავს. პერიოდულად ბავშვი თავისთან სტუმრად მიყავთ. ჩემს ცხოვრებაში კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შვილი მყავს...“
ლიკა, 29 წლის:
„15 წლის გავთხოვდი, ჩემი ნებით... მშობლების წინააღმდეგი იყვნენ, იმდენად რომ ორი წელი მამა არ მელაპარაკებოდა. მხოლოდ იმიტომ შემირიგდნენ, რომ ბავშვი შემეძინა. მართლა ბედნიერად ვცხოვრობდი, ბავშვს დედამთილი ზრდიდა, მე კი სწავლა გავაგრძელე. ალბათ 19-20 წლის ვიქნებოდი რომ ერთ დღეს აღმოვაჩინე ჩემი ქმარი როგორც მამაკაცი აღარ მაინტერესებდა, არ მაღელვებდა... მე უკვე ვმუშაობდი, ისიც, თუმცა სხვადასხვა სფერო ავირჩიეთ და საერთო სამეგობრო წრეც აღარ გვყავდა. 24 წლის ვიყავი მისგან რომ წამოვედი.
მიზეზი ღალატი იყო, ოღონდ ეს ალბათ ორივეს ბრალი იყო, რადგან იმდენად პატარებმა შევქმენით ოჯახი, რომ ერთმანეთი მოგვბეზრდა. ალბათ გარკვეულწილად ჩემი სიცივით მეც ვუბიძგე ღალატისკენ, რადგან მიზეზი მქონოდა რომ მისგან გავქცეულიყავი. ოჯახის დანგრევა არ არის კარგი, მაგრამ რომ გითხრათ ვნანობ, მოგატყუებთ. რაც მთავარია სკანდალების გარეშე დავშორდით. მხოლოდ მშობლები და მეგობრები დარჩნენ გაოგნებულები, რადგან შორიდან ჩვენი ცხოვრება მშვიდი და ბედნიერი ჩანდა. მეორედ ოჯახს ალბათ არ შევქმნი, არა, ღალატის არ მეშინია, უბრალოდ, კიდევ ერთი შეცდომა არ მინდა დავუშვა....“
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ღალატი, ქალები