ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მშობლების 60%-ზე მეტს თავის ახალშობილთან ერთად სძინავს და ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ამ რიცხვში არა მხოლოდ ის ადამიანები შედიან, რომლებმაც შეგნებულად გადაწყვიტეს ახალშობილთან ერთად ძილი, არამედ ის გადაღლილი დედებიც, რომლებსაც შვილის კვების პროცესში ჩაეძინათ. ამ დროს მათ ხშირად ეღვიძებათ იმით შეშინებულებს, რომ შესაძლოა საფრთხე შეუქმნეს თავიანთ ჩვილებს. პედიატრთა ამერიკულმა აკადემიამ 2011 წელს გამოუშვა სახელმძღვანელო, რომელშიც შემუშავებულია რეკომენდაციები ჩვილ ბავშვთა უსაფრთხო ძილისთვის. აღსანიშნავია, რომ ბევრი რამ უცვლელია უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სახელმძღვანელოში რამდენიმე ცვლილებაა შეტანილი. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ ჩვილებისა და ზრდასრულთა ერთად ძილს ეხება.
ანგარიშში „მოულოდნელი სიკვდილის გამომწვევი მიზეზები და ძილთან დაკავშირებული სხვა საკითხები: 2016 წლის განახლებული რეკომენდაციები უსაფრთხო ძილის შესახებ", აკადემია აგრძელებს უახლესი კვლევების საფუძველზე დასკვნების გამოტანას და გვირჩევს, არასოდეს დავიძინოთ ბავშვებთან ერთად ერთ საწოლში.
თუმცა ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ძუძუთი კვება - რაც ამცირებს ჩვილ ბავშვთა სიკვდილის რისკს, ვინაიდან მიიჩნევა ყველაზე ჯანსაღ და აუცილებელ კვების ფორმად - ხშირად დედისა და ახალშობილის ერთად ჩაძინებით სრულდება და ეს სულაც არაა უსაფრთხო პატარა სუსტი არსებისთვის. ამიტომაც ამერიკის პედიატრთა აკადემია ავრცელებს რეკომენდაციებს, რათა მშობლებმა უკეთესი არჩევნის გაკეთება შეძლონ.
სახელმძღვანელოს მიხედვით, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამორიცხული არ არის, ჩვილის კვების პროცესში ჩაგეძინოთ, აირჩიეთ საწოლი რბილი გადასაფარებლებისა და ბალიშების გარეშე - ის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე რბილი სავარძელი ან ტახტი.
„უმჯობესია, მშობლებმა არასოდეს დააძინოთ თქვენი ჩვილი დივანზე ან რბილ სავარძელზე, ასევე არ დატოვოთ მარტო ან მძინარე სხვასთან ერთად. რადგან ასე მოქცევა საფრთხეს უქმნის თქვენი ჩვილის სიცოცხლეს“.
იმავეს გვირჩევს მედიცინის პროფესორი ლორი ფელდმან-ვინტერი და ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ თუ ვგრძნობთ, რომ მცირედი ალბათობაც არსებობს იმისა, რომ ძუძუთი კვების დროს ჩაგეძინოთ, უმჯობესია, დაწვეთ საწოლზე და საბანი არ დაიფაროთ, ვიდრე ბავშვთან ერთად დივანზე ან რბილ სავარძელში მოკალათდეთ. ფელდმან-ვინტერი თანაავტორია ანგარიშის, რომელიც ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოსცა. „თუ მაინც ჩაგეძინათ, როგორც კი გაგეღვიძებათ, დაუყოვნებლივ გადააწვინეთ ჩვილი თავის საწოლში", - დასძენს იგი.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჩვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია და ამ თემაზე პედიატრებსა და მშობლებს შორის ღია საუბრები უნდა მიმდინარეობდეს.
ამერიკაში წელიწადში დაახლოებით 3500-მდე ჩვილი იღუპება ამ მიზეზით. თუმცა უბედური შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად იკლო მას შემდეგ, რაც 1990 წელს ეროვნული კამპანიები დაიწყო უსაფრთხო ძილის პრინციპების შესახებ.
უსაფრთხო ძილი კი გულისხმობს ახალშობილის ზურგზე, გადასაფარებლის გარეშე დაძინებას ისეთ ოთახში, სადაც მეტისმეტად არ თბილა. კვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ ბავშვების დაძინება არ შეიძლება ისეთ ოთახში, სადაც ეწევიან ან ნებისმიერი სხვა სახის კვამლი დგას. ასევე რეკომენდებულია ძუძუთი მათი კვება.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის მტკიცებით, ბავშვებისა და მშობლების ერთ ოთახში ძილი სულ ცოტა ექვს თვემდეა სასურველი, ხოლო იდეალურ შემთხვევაში, სანამ ბავშვი წლის არ შესრულდება.
თემები: ძილი, ახალშობილი, უსაფრთხო ძილი
წყარო: <a href="http://nymag.com/thecut/2016/10/new-baby-sleep-guidelines-finally-acknowledge-reality.html">nymag.com</a>