თუ დატვირთული ყოველდღიური რეჟიმი გაქვთ, მაშინ სრულფასოვანი დასვენებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თქვენი სახლი თამაშობს. საქმიანი შეხვედრების, დამღლელი სამუშაო დღის მერე, სახლში მისულმა, სასურველია, თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოთ, რათა დარჩენილი დღის ნაწილი ჰარმონიაში გაატაროთ და ძალების აღდგენა შეძლოთ.
გირჩევთ, რომ აირჩიოთ სახლში ადგილი, სადაც, იმ რეალურ დროს, როცა საქმეზე ფიქრი არ გიწევთ, შეძლოთ ბოლომდე მოდუნება და ფიქრებისგან გათავისუფლება. იმისთვის, რომ ცხოვრებაში სიმშვიდის ფასი ბოლომდე შეიგრძნოთ, საკუთარი თავისთვის პატარა საჩუქრის გაკეთება აუცილებელია. ამის გაკეთება კი საკუთარ სახლში თქვენი თავისთვის მშვიდი ადგილის გამოყოფით შეგიძლიათ, სადაც თუნდაც ერთ ჭიქა ღვინოს ან ჩაის მშვიდად მიირთმევთ. რამდენიმე შთამაგონებელი დეტალის დამატებით, თქვენ შექმნით არაჩვეულებრივ მისაღებს ერთი ადამიანისთვის.
გთავაზობთ ათ იდეას, თქვენი და თქვენი სახლის მეტი სიმყუდროვისა და სიმშვიდისთვის.
10. განაახლეთ სახლი ხშირად
იმისთვის, რომ სახლში მშვიდი, მყუდრო და სუფთა გარემო შეინარჩუნოთ, მისი ყოველკვირეული განახლება საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ, თუ ძალიან დატვირთული კვირა გქონდათ, შესაძლოა ამის თავი აღარც გქონდეთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დროებით წარუმატებლობას არ უნდა მივცეთ საშუალება, სამუდამოდ შეგვაწუხოს.
ნუ მისცემთ საშუალებას გადაღლას შეაფერხოს თქვენი ძალისხმევა. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ ყოველკვირეულად განაახლოთ თქვენი სახლის განწყობა.
ცოტა დრო დაუთმეთ დალაგებას, შეაღეთ ფანჯრები და აავსეთ სახლი ახალი ყვავილებით. საღამოს კი აანთეთ სანთლები, მიირთვით გემრიელი ვახშამი და ისიამოვნეთ საკუთარი სახლის მშვიდი ატმოსფეროთი.
9. იქონიეთ მცენარეები
იქნება ეს სპეციალურად ფლორისტის მიერ შერჩეული მცენარეები თუ თქვენ მიერ ბაღში მოწვეტილი ტოტები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ყოველთვის გქონდეთ სახლში მწვანე მცენარე.
იმ სახლებში, რომელშიც დარგული მცენარეები ვერ ხარობენ, შეგიძლიათ მიიტანოთ მოწყვეტილი ან მოჭრილი მცენარეები, რათა თქვენი სახლი აავსოთ ბუნების სიცოცხლისუნარიანობით.
8. გაამარტივეთ საძინებელი ოთახი
თქვენს სახლში ყველა ოთახზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია, რადგან სწორედ ის თამაშობს ყველაზე დიდ როლს თქვენი სიმშვიდისა და დასვენების საკითხში.
ენერგიის აღსადგენად და სრულფასოვანი დასვენებისთვის, აუცილებელია, საძინებელი ოთახიდან შორს გაიტანოთ კომპიუტერი. გადააფარეთ საწოლს ნატურალური ქსოვილის თეთრეული და ნატურალური შალის საბნები.
თუ თავთან ახლოს გაქვთ განათება, დაუკელით მისი სინათლის სიმძლავრეს და ძილის წინ გამორთეთ იგი.
7. ისარგებლეთ წლის ნებისმიერი დროით
წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, დაწყებული ზაფხულით, რომელიც აყვავებული ყვავილებითა და პროდუქტის სიმრავლით გამოირჩევა და დამთავრებული ზამთრით, რომელსაც ელეგანტურობას შიშველი ტოტები მატებს.
რამდენიმე მცირე ცვლილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი სახლის სიმყუდროვე წელიწადის დროებს შეუფეროთ. შეცვალეთ ფოტო ან შეუცვალეთ ადგილი. ასევე დაგეხმარებათ ლამაზი ლარნაკები და დეკორატიული ნივთებიც. გარემოს შეცვლა თქვენ მიერ მოფიქრებული და შექმნილი ნივთებითაც შეგიძლიათ.
6. განათავსეთ ნივთები ხელშესახებ ადგილას
თუ თქვენი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება კომპიუტერთან მჯდომს გიწევთ, თქვენი ემოციების სახლში საბოლოოდ გადმორთვა დასვენებისკენ, არაჩვეულებრივი იდეაა. იფიქრეთ, ხომ არ შეიძენდით რბილ დივანს, მოსახეხებელ ტყავის პუფებს, ნაქსოვ ან ბეწვის ხალიჩებს?
5. შექმენით კომფორტული კუთხე კითხვისთვის
სახლის იმ ნაწილში, სადაც დასვენება, კითხვა, წერა ან მხოლოდ ჭიქა ღვინის სმა და ფანჯრიდან ყურება გსიამოვნებთ, კუთხის შექმნა კითხვისთვის, რთული არ უნდა იყოს.
თუ ერთი სული გაქვთ როდის დაასრულებთ დაწყებულ წიგნს, შეარჩიეთ ისეთი ადგილი საიდანაც კარგი ხედი იშლება. ამ ადგილას თქვენ შეძლებთ, სრულფასოვნად დაისვენოთ საღამოს, ვახშმის შემდეგაც.
4. სწორად შეარჩიეთ ფერი
ფერები დიდ გავლენას ახდენს სივრცის აღქმაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ უფერული და ჩამქრალი ფერები, არ არის აუცილებელი სიმშვიდის განცდისთვის. ფერის მიმართ დამოკიდებულება ინდივიდუალურია, ამიტომაც დაუთმეთ დრო იმის გარკვევას, რომელი ფერი როგორ მოქმედებს თქვენზე. სპეციალურად შეარჩიეთ ფერები თქვენი სახლისთვის და დატკბით სიმშვიდითა და მყუდროებით.
ზოგიერთ ადამიანს დასვენებისა და მოდუნებისთვის მთლიანად თეთრი ფერის სივრცე ურჩევნია. ზოგსაც კი კომფორტისა და დასვენების საშუალებას ნატურალური მწვანე ფერი აძლევს.
3. შეარჩიეთ ხელოვნების ნიმუში
შეარჩიეთ ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს ფერწერული ტილო, ქანდაკება ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენში დადებით ემოციებს აღძრავს და სიმშვიდის განცდას იწვევს. არაფერს შეუძლია თქვენს სახლში ისე შემოიტანოს დადებითი ემოცია, როგორც ხელოვნების ნიმუშს. თუ გსურთ სიმყუდროვე, სიმშვიდე ან უბრალოდ გსურთ იმაში დარწმუნდეთ, ნამდვილად შეუძლია თუ არა მას თქვენი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება, უბრალოდ სცადეთ.
2. შეაგროვეთ მცენარეები
მცენარეების კუთხისთვის თვალის შევლებაც კი ამშვიდებს ნერვებს. ხოლო სახლში, სადაც ბევრი მცენარეა, სუფთა ჰაერიც მეტია. ალბათ არც უნდა გაგიკვირდეთ ის, რომ ასეთ გარემოს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე.
ამ მიზეზების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ისიც, რომ მცენარეების შეგროვება და მათზე ზრუნვა ამცირებს სტრესს და სიმშვიდეს გვრის ადამიანს. არჩევანი ორქიდეაზე ან ნებისმიერ მცენარეზე შეაჩერეთ, რომელსაც ნისლი უყვარს. სამსახურის შემდეგ ცოტა დრო დაუთმეთ მათ მოვლას.
1. მოაწყვეთ ჩაის კუთხე
ჩაის საშუალებით შუადღის განტვირთვა, მარტო ან მეგობართან ერთად, ძალიან კარგი იდეაა. მაგრამ, რამდენად ხშირად აკეთებ ამას? მისაღებ ოთახში სპეციალური კუთხე, რომლის მოსაწყობადაც საყვარელი ფინჯნები და ჩაიდანიც კი საკმარისია, თავად შეგახსენებთ, რომ დროა ჩაი მიირთვათ.
თემები: სიმყუდროვე, სახლი, გარემო
წყარო: <a href="http://www.houzz.co.uk/ideabooks/75423612/list/busy-life-heres-how-to-make-your-home-a-little-more-serene">www.houzz.co.uk</a>