სასიყვარულო ურთიერთობების ნგრევას, სამწუხაროდ, ყოველთვის ახლავს სირთულეები და მტკივნეული ემოციები. ამას კიდევ უფრო მძაფრად მაშინ განვიცდით, როცა ჩვენგან მიდიან და ჩვენს შიშებთან, გრძნობებთან და სისუსტეებთან მარტოს გვტოვებენ.
აკვიატებისგან, ყოფილ სიყვარულზე ფიქრისა და ტკივილისგან თავის დაღწევის საშუალება, როგორც წესი, ორიდან ერთ-ერთი ჰგონიათ – ან ლანძღვა, ან იდეალიზება.
როდესაც ჩვენს ყოფილს აუგად მოვიხსენიებთ, ყოველ ჯერზე გონებაში ამიტივტივდება ხოლმე მის მიერ ჩადენილი ყველა უარყოფითი ქმედება. ვკონცენტრირდებით მის შეცდომებზე და ვახდენთ მისი მოტივებისა და ფსიქიკური მდგომარეობის ინტერპრეტაციას. გარდა ამისა, დამახინჯებულად ვფიქრობთ და ღრმად გვწამს, რომ ამორალური და ფსიქიკურად არამყარი ადამიანია. ეს მიდგომა არასწორია და არანაირ შვებას არ მოგვგვრის ჩვენ, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას.
მართალია, ასეთი ემოციები დანაკარგისგან გამოწვეულ ტკივილს მომენტალურად ანელებს, მაგრამ ჩვენ ისევ გვტკივა. მსგავსი დამოკიდებულება, არც მეტი, არც ნაკლები, იმის დაშვების საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ შესაძლოა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და რამე გამოგვივიდეს.
მეორე უკიდურესობა კი ის არის, რომ ჩვენს ყოფილებს ვაიდეალებთ. ყოველ მათ ხსენებაზე გვახსოვს ყველა დადებითი, რაც ერთად გამოგვივლია და ჩვენს წარმოსახვაში ისეთ პიროვნებებად წარმოვაჩენთ, როგორებიც არასოდეს ყოფილან. ისინი არასოდეს ყოფილან იდეალურები!
ამის პარალელურად, საკუთარ თავს ვაკნინებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ მის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. ეს დამატებით ტკივილს გვაყენებს, რადგან ყოველთვის, როცა მის იდეალურობაზე ვსაუბრობთ, საკუთარ თავს ჩრდილქვეშ, რომელიღაც კუთხეში, უმწეოსა და უსარგებლოს წარმოვიდგენთ. ვინმეს გაიდეალება, ისევე როგორც მისი ძაგება, ყურადღებას გვიფანტავს და აღარ გვახსოვს, რომ რეალურად გვტკივა და გვაწუხებს. მნიშვნელოვანია, შევძლოთ დანაკარგის რეალობად მიღება.
ყოფილის გაიდეალება სამყაროს მკაცრ ნიღაბს ხსნის და მას გაცილებით მსუბუქად ვხედავთ. მეორე მხრივ კი, ეს არაფრის მომცემია. მეტიც, შესაძლოა, მომავალში უფრო მძაფრი ტკივილისა და უბედურების საფრთხის წინაშე დაგვაყენოს.
თუ ოდესმე საკუთარ თავს შეამჩნევთ, რომ ამ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთში თავით ეშვებით, გახსოვდეთ, რომ ამით მხოლოდ იუარესებთ მდგომარეობას. სცადეთ, იყოთ რაციონალური და როცა მათ მწვავედ გაკრიტიკებას დაიწყებთ, გაიხსენეთ, რომ ერთად აღარ ხართ და ამის უფლება, უბრალოდ, არ გაქვთ. გახსოვდეთ ისიც, რომ ეს ორი აკვიატება თვითგანადგურების მექანიზმია და სხვა არაფერი.
სასურველია, თქვენს ურთიერთობაზე კონსტრუქციულად და რეალისტურად იფიქროთ. ბუნებრივია, რომ ახალ რეალობას რთულად ეგუებით და არც ძველის დავიწყებაა მარტივი. განშორების შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში თქვენ მიერ მისი პიროვნების აკვიატება დასაშვებიც კია, თუმცა, საბოლოოდ, აუცილებლად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია, რეალობა ისეთი მიიღოთ, როგორიც არის.
სასურველია, ყოველთვის ხაზი გაუსვათ თქვენსა და თქვენი ყოფილის შეცდომებს, დადებით და უარყოფით მხარეებს, გაიაზროთ, რა მოხდა რეალურად და შემდეგ მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება.
ცივი გონებისა და რეალობის შეულამაზებლად აღქმის გარეშე – ზედმეტად დადებითი ან ზედმეტად უარყოფითი დამოკიდებულება აქ არ გამოგვადგება – საკუთარი გრძნობების გამოცდის გარეშე, თქვენი არაობიექტური დამოკიდებულება ყოფილის მიმართ შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს.
აკვიატებული ფიქრებისგან თავის დაღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება ფაქტები და მათი ანალიზია. ურთიერთობის დასრულებისას ყოველთვის არსებობს ამბავი, რომელმაც ურთიერთობა აქამდე მიიყვანა.
და, როგორც წესი, ასეთ ამბებზე პასუხისმგებელი ორივე მხარეა.
თემები: ურთიერთობა, დავიწყება, ყოფილი
წყარო: <a href="https://www.psychologytoday.com/blog/having-sex-wanting-intimacy/201606/how-get-over-ex-and-avoid-some-major-mistakes?utm_source=FacebookPost&utm_medium=FBPost&utm_campaign=FBPost">www.psychologytoday.com</a>