სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ მთვარის შუქზე, ან ზღვის სანაპიროზე სეირნობა არ არის, არც წვიმაში რომანტიკულ კოცნას ნიშნავს. ყველა რომანტიკულ ურთიერთობას აქვს ბნელი მხარე, რომლის შესახებაც ადამიანები იშვიათად საუბრობენ. არადა, ჯანსაღი კავშირისთვის, პირიქით, აუცილებელია ამაზე ხმამაღლა საუბარი.

სასიყვარულო ურთიერთობა, მისი შენარჩუნება რთული საკითხია და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, კომპრომისზე, მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გამოხატვის უნარზე და ა.შ.

როცა ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს, ის პოზიტივითაა სავსე და არ ელის სირთულეებს, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სასიყვარულო კავშირი ბნელი მხარის გარეშე. ვნახოთ, რა არის ეს ბნელი მხარე და რაზე არ ვსაუბრობთ ხმამაღლა, ვნახოთ ის, რაც სასიყვარულო კავშირს რეალურ პრობლემებს უქმნის.

1. თავისუფლების შეზღუდვა - სასიყვარულო ურთიერთობა, როგორი ჰარმონიულიც უნდა იყოს ის, გარკვეულწილად მაინც უზღუდავს ადამიანს თავისუფლებას. ცხოვრება იცვლება და აღარაა ისეთი, როგორიც მარტოხელობის დროს იყო.

ადამიანი, ბევრი თვალსაზრისით, კარგავს თავისუფლებას და ბევრს აღნიშნულთან შეგუება უჭირს. მომავალს მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებების მიხედვით ვერ ააწყობთ. მომავალი თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა დაგეგმოთ, მისი აზრი გაითვალისწინოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მასთან უნდა შეათანხმოთ.

ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. კომპრომისი აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები იმდენად ბევრ კომპრომისზე მიდიან საყვარელი ადამიანის გამო, რომ კარგავენ საკუთარ თავს, მსხვერპლად სწირავენ ცხოვრებას, უარს ამბობენ თავიანთ მისწრაფებებზე, მიზნებზე, ოცნებებზე და როცა მოგვიანებით ამას აანალიზებენ, რა თქმა უნდა, პრობლემები იჩენს თავს.

2. აგრესია - ორი ადამიანის ურთიერთობა ყოველთვის სრულყოფილი არ არის. მათ განსხვავებული წარსული აქვთ, განსხვავებული ცხოვრების წესი, ღირებულებები, სხვადასხვაგვარი იდეები, განსხვავებულად უყურებენ მომავალს. ყოველივეს გამო შეუძლებელია, ორი ადამიანის თანაცხოვრება აბსოლუტურად ჰარმონიული იყოს. თუმცა ზოგჯერ ყოველივე აგრესიაში იზრდება, პარტნიორებს განსხვავებული შეხედულებების გამო ერთმანეთის მიმართ აგრესია უჩნდებათ, რაც ძალიან სახიფათოა. ისინი უბრალოდ ვერ უგებენ ერთმანეთს.

3. მანიპულაცია - გჯერათ თუ არა, ყველა ურთიერთობაში პარტნიორები მცირედით, მაგრამ მაინც ცდილობენ ერთმანეთით მანიპულირებას. ეს მანიპულირება შეიძლება ძალიან მარტივი ქმედებებით გამოიხატოს. შესაძლოა, ერთ-ერთი პარტნიორი მეგობრებთან ერთად წავიდეს გასართობად და მეორემ ყურადღების მისაპყრობად რამ ისეთი გააკეთოს, რომ საყვარელი ადამიანი აიძულოს სასწრაფოდ სახლში დაბრუნდეს.

ყოველივეს გამო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ვერ იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. ისინი იძულებულები არიან მოიქცნენ ისე, როგორც პარტნუორს უნდა, მაგრამ ნეგატივი ადამიანის გონებაში დროთა განმავლობაში ილექება და ის ერთ დღეს ურთიერობაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.

4. შემოსავლის დამალვა - წყვლების ნაწილი, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ,უამრავ საკითხზე საუბრობენ და იწყებენ მომავლის დაგეგმვას. მომავლის დასაგეგმად ერთობლივი ფინანსები უმნიშვნელოვანესია. თუმცა როცა წყვილები ერთმანეთს შემოსავალს უმალავენ, პრობლემები იჩენს თავს. უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი ქმედება ორივეს მომავალს ანგრევს.

5. ემოციური ღალატი - ფიზიკური ღალატი აბსოლუტურად სხვა რამეა, ხოლო ემოციური ღალატი - ღალატის კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული ფორმა. ზოგადად, სასიყვარულო ურთიერთობაში ემოციები დიდ როლს თამაშობს და როცა ემოციურად პარტნიორთან არ ხართ, როცა გრძნობთ, რომ ემოციურად მასთან არაფერი გაკავშირებით, ეს დიდ პრობლემებს წარმოშობს. როცა ემოციური კავშირი ქრება, არ შეგიძლიათ პარტნიორის გვერდით ყოფნა, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდებით.

6. ტყუილი - ურთიერთობაში აბსოლუტური გულწრფელობა ძალიან იშვიათია. ყველა წყვილს აქვს რაღაც მცირე საიდუმლო, რომელსაც ერთმანეთს არ უმხელენ და ეს ჩვეულებრივია, თუმცა როცა ურიერთობა ტყუილზეა აგებული და პარტნიორები ერთმანეთს გამუდმებით ატყუებენ, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ტყუილი აუცილებლად გამოაშკარავდება. არ არსებობს ტყუილი, რომელიც ერთ დღეს არ მჟღავნდება. ტყუილზე აგებული ურთიერთობა კი, ძალიან მალე ინგრევა.

7. წარსული - ყველას გვაქვს წარსული, მაგრამ როცა ახალ ურთიერთობას ვიწყებთ, ის უნდა დავივიწყოთ. რა თქმა უნდა, წარსულისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ახალ ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენაიქონიოს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს წარსულის დავიწყებას. ისინი გამუდმებით ყოფილ პარტნიორებზე და წარსულ ურიერთობებზე ფიქრობენ. ადარებენ ერთმანეთს ყოფილს და ახალს, რაც პრობლემებს წარმოშობს და ბედნიერ თანაცხოვრებას ხელს უშლის.